გლუვი, ნათელი ფერთა პალიტრის, ზღაპრული ელემენტებისა და ავისმომასწავებელი ატმოსფეროს სინთეზი არი ასტერის ნამუშევრის, “მიდსომარის”, მთავარი საკვანძო ღერძია. დანაკარგი, შინაგანი შფოთვა,არაჯანსაღი ურთიერთობის დინამიკა, ტრავმა, გარიყულობა და ემპათია… რეჟისორის დაწერილი ამბავი მეტწილად ფსიქოლოგიურ თემატიკაზეა აგებული, რაც ყველაზე მეტად მთავარი გმირის, დანის, ხასიათში გამოიხატება. ვიზუალური მოცემულობითა და თემატური ღირებულებით ფილმი გაცილებით კომპლექსურია და სრულიად სცდება თანამედროვე “საშინელებათა” ჟანრის სტანდარტებს. ასტერის თქმით კი, ამბავი ჟანრობრივად “თანამედროვე ზღაპარის” ფორმას ატარებს.
ახალგაზრდა გოგონა შეყვარებულთან ერთად შვედეთის ქალაქგარე სოფელში მიემგზავრება, სადაც ადგილობრივი თემი ფოლკლორსა და ტრადიციებზე აგებული საზაფხულო ფესტივალის, “მიდსომარისთვის”, ემზადება. შემზარავი მოვლენებისა და უცხო ადამიანების პირისპირ დარჩენილი გმირი, დანი, ამბის განმავლობაში არაჩვეულებრივი სიზუსტითა და ბუნებრიობით ხატავს ემოციური წნეხის ქვეშ მყოფი პიროვნების სახეს. პანიკური შეტევა, შიში თუ მარტოობა - ყველაფერი, რასაც პერსონაჟი განიცდის, განიცდის მაყურებელიც, რადგან, როგორც რეჟისორი ამბობს, “ამბავი თავიდან ბოლომდე დანის ფიქრებითა და შეგრძნებებით გამოწვეული მოგზაურობაა”.
ნატურალისტური შესრულება და ხანგრძლივი, ახლო კადრები, რომელიც მთავარ გმირზე ფოკუსირებს, მაყურებელში თანაგრძნობას იწვევს. ნამუშევარი თამამად ეხება არაჯანსაღი ურთიერთობის, სხვაზე დამოკიდებულებისა და გარიყულობის თემატიკას, ასტერის თქმით კი, ის ურთიერთობის დასრულების ერთგვარი ალეგორიაა, რომელიც მან საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაწერა.
“ როცა სცენარზე ვმუშაობდი, თავი დანის ადგილას წარმომედგინა, თუმცა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ურთიერთობის ორივე მხარეს ვყოფილვარ”, - ამბობს რეჟისორი.
ერთი შეხედვით იდილიური გარემო, ნათელი ფერები და დამამშვიდებელი ბუნება კომპოზიციას “სამოთხის” ელფერს სძენს, მასში განვითარებული მოვლენები კი ჯოჯოხეთურია. შესამჩნევია ისიც, რომ ამბის ძირითადი ნაწილი დღის შუქზე ვითარდება, რაც მაყურებლისთვის თავდაპირველად კომფორტის ზონაა, თუმცა თანმდევ მოვლენებს ორმაგად შემაძრწუნებელსა და სიურრეალისტურს ხდის. რთულია, დღის სინათლით ადამიანს შიშისა და მღელვარების შეგრძნება გაუღვიღო. არი ასტერი თავს ამ დავალებასაც წარმატებით ართმევს.
ფილმის ერთ-ერთ სცენაში დანი ადგილობრივთა შეთავაზებას უარით ვერ პასუხობს, ამიტომ ჯგუფთან ერთად ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ ჩაის სვამს. ხმის ოსტატური დიზაინითა და ვიზუალური ხერხებით, ასტერი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის გამოცდილებას განსაკუთრებული სიზუსტითა და რეალიზმით აღწერს. დანის ფსიქოდელიური ეპიზოდი, შეგრძნებები და ფიქრი მისი სხეულის ბუნებასთან შერწყმითაა გადმოცემული. სცენა რამდენადაც ნატურალისტური, იმდენად შემზარავია და რაც მთავარია, სრულიად ერიდება ნარკოტიკის რომანტიზებას.
“მიდსომარის” ზღაპრული ელემენტები, ვიზუალთან ერთად, მის შინაარსობრივ სტრუქტურაშიც შესამჩნევია. “მთავარი გმირის დაობლება ზღაპრის წერისას კლასიკური ნაბიჯი, ამ ამბავში კი დანის მოგზაურობის მთავარი ნაწილია. “ერთ-ერთი შთაგონების წყარო ჩემთვის დისნეის ფორმულა იყო, რომლის გავლენა განსაკუთრებით ფილმის დასაწყისში შეინიშნება, როცა კომპოზიციაში დღესასწაულის რიტუალები ფრესკაზეა გამოსახული”, - ამბობს ასტერი.
ადგილობრივი თემის ძალადობრივ რიტუალებს მაყურებელი მთლიანად მთავარი გმირის გადმოსახედიდან აღიქვამს. სიუჟეტურ დაძაბულობას ორკესტრული მუსიკალური გაფორმებაც თან ახლავს, რომელიც შვედური ფოლკლორის ელემენტების გარდა, დანის შინაგანი განწყობის გამომხატველია.
ერთდროულად მომაჯადოებელი და შემაძრწუნებელი ნამუშევარი გამოსვლისთანავე კრიტიკის საგნად იქცა. თუკი ნაწილი რეჟისორის ნამუშევარს “პროგნოზირებადს, პრეტენზიულსა და ალოგიკურს” უწოდებდა, ნაწილმა მოწონების ნიშნად ყურადღება “ჟანრობრივ გამოწვევებზე, დეტალიზებულ ნარატივსა და დამაჯერებელ შესრულებაზე” გაამახვილა. თავად რეჟისორის პასუხი მათზე შემდეგნაირია:
“მოკლე შინაარსის წაკითხვისთანავე, დაახლოებით ხვდები, როგორ შეიძლება სიუჟეტი განვითარდეს, თუმცა ჩემთვის მთავარი არ იყო ამბის დასასრული, არამედ ის, თუ როგორ მივიყვანდი იქამდე მაყურებელს, თხრობის რა განსხვავებულ მეთოდებს გამოვიყენებდი იქ მისასვლელად”.
ნამუშევრის პრემიერიდან მალევე ხელმისაწვდომი გახდა “Directors Cut” -, ფილმის შედარებით ხანგრძლივი ვერსია, რომელიც რამდენიმე საინტერესო სცენის დამატებით, მთავარი გმირის ფსიქოტიპს უკეთ შეისწავლის. ამბის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი მთავარი თემა ემოციური მხარში დგომა და ემპათიაა. აქედან გამომდინარე, კულმინაციური კადრი როგორც შემზარავი, ისე ზღაპრული და დამაფიქრებელია, მაყურებელში კი მოულოდნელ კათარზისს იწვევს. ემოციური წონასწორობის ძიებაში დაკარგული გმირი ნამდვილ “ოჯახს” ყველაზე მოულოდნელ და უცნაურ ვითარებაში პოულობს.
დაწერე კომენტარი