ინგო რაფაელ მაურერი 1932 წლის 12 მაისს გერმანიაში დაიბადა. გერმანელი განათების დიზაინერი  თავისი განსაკუთრებული შემოქმედებითი ხელწერით გამოირჩეოდა. 1960 წელს მაურერი ამერიკაში გაემგზავრა და გრაფიკულ დიზაინერად მუშაობდა  სხვადასხვა კომპანიებში - ნიუ-იორკსა და  სან-ფრანცისკოში.  1963 წელს კი დაბრუნდა გერმანიაში, სადაც დააარსა კომპანია, სახელწოდებით Design M, რომელსაც მოგვიანებით Ingo Maurer GmbH უწოდა. „ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ისეთი მასალით ვმუშაობ, რომელიც არ არსებობს“, - ამბობდა ის განათებაზე.

 

 

მაურერის  პირველი ნამუშევარი დიდი კრისტალის ნათურა იყო, რომელშიც მან ასეთივე პატარა ნათურა მოათავსა. ხელნაკეთი მურანოს შუშისგან დამზადებულმა ნამუშევარმა დიზაინერი ცნობილი გახადა და მას  სინათლის დიზაინერის ტიტულიც მოუტანა. მაურერის ამ ნამუშევარმა  დიზაინერ ჩარლზ იამსის  მოწონება დაიმსახურა.  1968 წელს კი ის MoMA-ს კოლექციასაც დაემატა.

 

Light Bulb Within a Light bulb 1966

ეს სერია ჩვეულებრივ ნათურებს თეთრ ჩიტებად აქცევს. შუშის ნათურა და სპილენძის არმატურა ხელნაკეთი თეთრი ბატის ბუმბულიანი ფრთებითაა შემკობილი. სერიაში შეხვდებით სხვადასხვა სახის განათებას, მაგიდის სანათებს და ჭაღებს.

Lucellino Doppio 1992

 

მაურერის ამ ნამუშევარს თავდაპირველად Zabriskie Point ეწოდებოდა. მიქელანჯელო ანტონიონის 1970 წელსს გადაღებული ფილმით შთაგონებული მაურერი აღფრთოვანებული იყო ანტონიონის შენელებული აფეთქების კადრით. პირველი ასეთი ჭაღი დიზაინერმა 1994 წელს შექმნა, მას შემდეგ კი ეს ნამუშევარი ლიმიტირებული რაოდენობით მზადდება, თითო ჭაღზე კი ოთხი ოსტატი მუშაობს, რომლებიც ფაიფურის ნამსხვრევებითა და ვერცხლის ნივთებით უნიკალურ კომპოზიციებს ქმნიან.

 

Porca Miseria! 1994

აფეთქების თემატიკა ამ ნამუშევარშიც ჩანს. კოლექცია, რომელშიც მისი რამდენიმე მსგავსი ნამუშევარი შედის, უჟანგავი ფოლადისგან, თბოგაუმტარი შუშისა და იაპონური ქაღალდისგან მზადდება. თავდაპირველ ვერსიაში 31 დაბეჭდილი ფურცელი იყო, 49 კი ცარიელი, რომ მნახველს თავისი ჩანახატები ან წარწერები გაეკეთებინა. უფრო ახალი ვერსია, ბრუნო მუნარისთვის მიძღვნილი, იტალიელი დიზაინერის ილუსტრირებული ალფაბეტია, მისივე წიგნიდან - ABC, რომელიც 1960 წელს გამოიცა.

Zettel’z 1997

უჟანგავი ფოლადის ფიფქი მაურერმა UNICEF-ისთვის გააკეთა. 16 000 კრიტალური პრიზმისგან შექმნილი 7 მეტრის სიგანის „უნისეფის კრისტალის ფიფქი“ ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუს 2004 წლიდან დღემდე ყოველ წელს ამშვენებს.

 

Crystal Snowflake 2004

 

 

ამ სერიაში მაურერი ისევ უბრუნდება ნათურის იდეას, მხოლოდ უფრო უცნაური ვიზუალით. აქ დიზაინერი ლურჯი რეზინის ხელთათმანს იყენებს, რომლის თითებზეც უბრალო ნათურებს კიდებს.

 

Luzy 2018

 

 

მაურერის რამდენიმე ნამუშევარს საქართველოში, წინანდალში მდებარე სასტუმრო “რადისონშიც”  შეხვდებით. მაურერმა აქ 200 წლის ღვინის მარანი თავისი დიზაინით გაანათა. მისი მისია იყო შეენარჩუნებინა ის აურა, რაც დახვდა და ამასთანავე, ამ გარემოსთვის  ახალი შეგრძნება შეემატებინა. მისი Floatation Lamps, რომელიც პირველად 1980 წელს შეიქმნა, სასტუმროს რესტორანს ამშვენებს, ხოლო 2018 წლის ნამუშევრებს - Butterflies Dreaming, Flying Discs, Ringelpiez და XXL Domes - სასტუმროს სხვადასხვა ადგილებში შეხვდებით. მაურერმა არა მხოლოდ განათების დიზაინის შექმნაში  მიიღო მონაწილეობა, არამედ პალეოლითური ეპოქის გამოქვაბულის ნახატებით შთაგონებული ჭერის იდეაც სწორედ მას გაუჩნდა.