ელვის პრესლის საკულტო 1955 წლის "კადილაკი", მერლინ მონროს კაბა ფილმში Gentlemen Prefer Blondes, ჰილარი კლინტონის “ვარდისფერი პრესკონფერენცია” - ყველა ამ საკულტო სურათს საერთო სიმბოლო - ვარდისფერი აერთიანებს.
საუკუნეების განმავლობაში ვარდისფერმა უამრავი ტრანსფორმაცია განიცადა - Barbie-ის კაბებიდან დაწყებული, ინდური ტრადიციული სარის სამოსით დამთავრებული. იცვლებოდა ასევე საზოგადოებისა და ვარდისფრის დამოკიდებულება. სხვადასხვა დროს ის განიხილებოდა როგორც ფემინური, ეროტიკული, “კიჩური”, დახვეწილი, მეამბოხე. “ვარდისფერი ყოველთვის განვითარების პროცესში მყოფი ფერი იყო და სოციალური აღქმის მრავალფეროვნებაც სწორედ ამით არის გამოწვეული”, - განაცხადა წიგნის - Pink: The History of a Punk, Pretty, Powerful Color-ის ავტორმა ვალერი სტილმა.
დასავლეთში ვარდისფერი პირველად მოდური გახდა 1700-იანი წლების შუა პერიოდში, როდესაც ევროპელი არისტოკრატები - როგორც ქალები, ასევე კაცები - შემოსილნი არიან შედარებით მკრთალ ვარდისფერში, ფუფუნებისა და მაღალი სოციალური კლასის ხაზგასასმელად. ამ პერიოდში ვარდისფერი არ აღიქმებოდა, როგორც “გოგონების” ფერი, არამედ პირიქით - პატარა ბიჭებს ხშირად ეცვათ ვარდისფერი სამოსი, რადგან მისი წითელ ტონთან სიახლოვის გამო, იგი “მასკულინურ” ხასიათს ატარებდა. სწორედ XIX საუკუნიდან იწყება ვარდისფრის ფემინური და ეროტიკული აღქმა, რამაც მისი ფუფუნებიდან სამუშაო კლასში გადანაცვლება გამოიწვია.
მოდის ისტორიაში არც ერთი ფერი არ ყოფილა ისე დატვირთული პოპფსიქოლოგიით, როგორც ვარდისფერი. ნაწილობრივ ეს გამოწვეულია იმით, რომ ვარდისფერი სხვადასხვა კულტურათა ბიზნესინდუსტრიაში ქალად ყოფნის სიმბოლოდ გადაიქცა (კლინტონს ვარდისფერი სამოსი ეცვა, როდესაც ის პეკინში ქალთა მეოთხე კონფერენციაზე ქალთა უფლებების თემაზე საუბრობდა.). ვარდისფრის ასოციაცია ფემინურობასთან მისი ერთადერთი კონოტაცია არ არის, თუმცა როდესაც მას პოდიუმზე დიზაინერთა კოლექციებში ვხედავთ - Prada, Balenciaga, Comme des Garçons - ვცდილობთ ავხსნათ მისი ფარული მნიშვნელობა, რომელიც სხვა ფერებზე არ ვრცელდება (ცისფერი და მწვანე ჩვეულებრივ ცისფერ და მწვანე ფერებს გულისხმობს.). როგორც ნიუ-იორკის მოდის ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი ვალერი სტილი აღნიშნავს, პოპფსიქოლოგიამ ხელი შეუწყო გენდერულ როლებზე აქცენტების დასმასა და მათ განსაზღვრას.
FIT-ის მუზეუმის გამოფენა, სახელწოდებით Pink: The History of a Punk, Pretty, Powerful Color როგორც სადღესასწაულო, ასევე კორექტული ხასიათისაა, როდესაც საქმე მოდაში ვარდისფრის ანალიზს ეხება. ექსპონატებში აღსანიშნავია კრისტიან დიორის 60-იანი წლების ვარდისფერი კოქტეილის კაბა, ელზა შიაპარელის ,,შოკისმომგვრელი ვარდისფერი”...
ვარდისფრის სტანდარტი მოდაში ჩნდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, როდესაც კრისტიან დიორმა თავისი თანამედროვე და რომანტიკული სახე გააცნო ფართო აუდიტორიას, რაც ომის შემდგომი რაციონალიზაციის პასუხია. ღია ვარდისფერი და ნაცრისფერი დიორის თანამედროვე კოლექციის წამყვანი ფერები იყო 40-50-იან წლებში, თუმცა ის ვარდისფერს ფემინურობის აღსაწერად არ იყენებდა. “მე შედარებით რბილი მამაკაცი ვარ, თუმცა ინტენსიური, ძლიერი გემოვნება მაქვს”, - განუცხადა დიზაინერმა LIFE-ის რეპორტიორს 1948 წლის გაზაფხულის კოლექციის წარდგენის შემდეგ. რეპორტიორის თქმით, “სხვა დიზაინერები შესაძლოა ხელს უწყობდნენ ძველმოდურ ფემინურობას და რომანტიზმს, თუმცა დიორი ამ ხაზით არ ვითარდება”.
კიდევ ერთი ვარდისფერი რევოლუციონერი, ელზა შიაპარელი ფერს განსხვავებულ ტონალობებში გვთავაზობს. მისი თქმით, ვარდისფერი არის “ნათელი, მოხდენილი, გამომწვევი და სიცოცხლით სავსე ფერი”. მისი თვალისმომჭრელი წითლისა და თეთრის ნაზავი ცნობილია, როგორც ,,შოკისმომგვრელი ვარდისფერი”, რომელიც მისივე 1937 წლის სუნამოს შეფუთვაშია გამოყენებული.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში პოპისა და ჰიპ-ჰოპ კულტურის მეშვეობით ვარდისფრის მნიშვნელობის გადააზრება მოხდა. 90-იანი წლების ბუმი ჯანი ვერსაჩესა და კარლ ლაგერფელდის ხელოვნური ვარდისფრით გრძელდება. კლაუდია შიფერმა შანელის S/S96 წლის კოლექციის გამომწვევი ვარდისფერი სამოსით თავბრუ დაახვია მნახველს. ამ დროს ყურადღება მიიქცია კარლ ლაგერფელდის ექსტრავაგანტური და Barbie-ის სტილის ნაზავმა. სენსაციური მოვლენა იყო მადონას ვარდისფერი კორსეტიც, რომელიც ჟან პოლ გოტიეს დიზაინით იყო შექმნილი.
ქეით მოსის მბზინავი ვარდისფერი თმა ჯანი ვერსაჩეს S/S99 წლის კოლექციის საკულტო სურათად გადაიქცა. მოდელმა დონატელა ვერსაჩეს თხოვნით სწორედ ამ ჩვენებისთვის შეიღება თმა მანათობელ ვარდისფრად. ქეით მოსის ვარდისფერი თმა ბევრი დიზაინერისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა და წარმოადგენს და პოდიუმზე ის ხშირად მეორდება.
2002 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ვარდისფერი სამოსით გამოჩნდნენ ჰიპ-ჰოპ კულტურის წარმომადგენელი მამაკაცი რეპერები, რაც მნიშვნელოვან გზავნილს ატარებდა და ხაზს უსვამდა ვარდისფრის მასკულინურ ბუნებას.
თუ აქამდე ვარდისფერი ქურქი ვერავის წარმოედგინა, Dolce&Gabbana-მ მას სული შთაბერა და 2009 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ერთ-ერთი ფავორიტი გახდა. “ბავშვობა ვარდისფერი ფეხსაცმლისადმი შურით გავატარე”, - საუბრობს პრადა 2004 წელს The Independent-ის ჟურნალისტთან, რადგან დედა მას მხოლოდ ჩვეულებრივი, ყავისფერი ფეხსაცმლის ჩაცმის ნებას რთავდა.
ვარდისფრის კომერციული მიმზიდველობის დასტურია პრადას F/W15 წლის კოლექცია, რომელიც შაქარყინულის ფერებში იყო გადაწყვეტილი. ჩვენების შემდგომ ალექსანდრე ფიურიმ განაცხადა, რომ “სამყარო ბანალურობისკენ მიისწრაფვის, ამიტომ ბოლო შოუებში გამოყენებულია სხვადასხვა სიმბოლო. ესაა სწორედ ის, რაც ხალხს სურს - ცხოველის პრინტები და ვარდისფერი ბანტები”. საგულისხმოა, რომ ამ წლის კოლექციით მან ვარდისფერი დისკუსიის საგანი გახადა.
ვარდისფერი ბურუსით მოცული Gucci-ის S/S17 წლის კოლექცია გაზაფხულის ვარდისფერი სამყაროს ფარდას შლის. 70-იანი წლებით შთაგონებული სამოსით მოდელები თითქოს დაფარფატებდნენ ალენსადრო მიკელეს მიერ შექმნილ ნისლით მოცულ პოდიუმზე.
დროთა განმავლობაში ვარდისფერი ისეთი მოდის სახლების კოლექციებში ჩნდება, როგორებიც არიან Fendi, Emporio Armani. მათ შორის აღსანიშნავია Moschino-ს S/S19 კოლექციის 80-იანი წლებით შთაგონებული ვარდისფერი კაბა, Vetemenets-ის ამავე წლის კოლექციის მკვეთრ ვარდისფერში გადაწყვეტილი ჰუდი და მარკ ჯეიკობსის პასტელური ვარდისფერი კაბა, რომელიც მიანიშნებდა იმას, რომ მარკ ჯეიკობსის მაქსიმალიზმი და ვარდისფერი არსად გამქრალა. მიუხედავად ამისა, საფრანგეთში, პროვანსში, ლავანდის მინდვრებზე უზარმაზარი ვარდისფერი ხალიჩით შექმნილი პოდიუმი, რომლითაც დიზაინერმა ჟაკმუსმა მისი ათწლიანი მოღვაწეობა აღნიშნა, ერთ-ერთი შთამბეჭდავი ჩვენება გახდა მოდის ისტორიაში. ვარდისფრის სხვადასხვა ტონებში გადაწყვეტილი კოლექცია MY DREAM, რომლის ჩვენებაც დიზაინერის მშობლიურ მხარეში გაიმართა, კიდევ უფრო საინტერესო მისი ორმაგი მნიშვნელობით ხდება.
2020 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ნამუშევარი ორ დიდ მოდის სახლს, დრის ვან ნოტენსა და კრისტიან ლაკრუას ეკუთვნით. მათ მიერ შექმნილი კოლექცია უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სამოსი. პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილ კოლექციაში კრიტიკოსების ყურადღება მკვეთრმა ვარდისფერმაც მიიპყრო, რომელიც როგორც სამოსში, ისე სხვადასხვა აქსესუარშია გათამაშებული. ეს კოლექცია ღიად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, თუ როგორ ჰარმონიულად შეიძლება იყოს დაბალანსებული ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხედვა და გემოვნება.
ვარდისფერი ისტორიულად დასავლეთის მიერ ფემინურობის სიმბოლოდ აღიქმებოდა. თუმცა ახლა ის ახალ გამოწვევებს იღებს და განსხვავებულ ფაზაში შევიდა - მომხიბლავი, ძლიერი, ანდროგენული ფერი უფრო თავისუფალია სტერეოტიპებისგან, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა.
დაწერე კომენტარი