16 ოქტომბერს “მუზამე” Ciskari Garden-ის მწვანე სივრცეში  გოგი ძოძუაშვილისა და დავით დათუნაშვილის მუსიკალურ სერიებს წარმოგიდგენთ. ორი სხვადასხვა თაობის მუსიკოსის კოლაბორაცია განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და საღამოზე დასწრებას მხოლოდ 200 ადამიანი შეძლებს.


ფოტო: ლევან მაისურაძე

16 ოქტომბრის საღამოს დავით დათუნაშვილი გახსნის, რომელმაც შემოქმედებითი კარიერა 2007 წელს დაიწყო, იგი როკ-ჯგუფ Landmark-ის გიტარისტი იყო, თუმცა მალევე, 2009 წელს, ამავე ჯგუფის დრამერთან ერთად ახალი ელექტრონული დუეტი -
Okinawa Lifestyle ჩამოაყალიბა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებდა პოპულარობას. კარიერის განმავლობაში ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, თუმცა იყო დიდი წარმატებაც. 2014 წლიდან დავითი საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ ირაკლი აბრამიშვილთან ერთად მინიმალისტურ კომპოზიციებს ასრულებდა. დავით დათუნაშვილს სამი სტუდიური ალბომი აქვს, მესამე ალბომზე,  „6 Plus“-ზე მუშაობა 2020 წლის ივნისში დასრულდა და ერთგული მსმენელი კომპოზიციებს ამ ალბომიდან  სწორედ 16 ოქტომბერს ცოცხალი შესრულებით  პირველად მოისმენს.



“მუზამეზე” 90-იანი წლების ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი    სულისჩამდგმელი გოგი ძოძუაშვილიც წარდგება, ახალ ნამუშევრებთან ერთად საღამოზე გაჟღერდება ძველი კომპოზიციებიც, რომელიც მსმენელს ნოსტალგიურ განწყობას შეუქმნის.



გოგი ძოძუაშვილის მუსიკალური კარიერა 90-იანი წლებიდან იწყება, როდესაც რამდენიმე მეგობარმა ჯგუფი „ჩრდილი“ შექმნა და ალტერნატიული მუსიკის კეთება დაიწყო, თუმცა ჯგუფი მალევე დაიშალა და ამის შემდეგ წარმატების  მოსაპოვებლად  მუსიკოსმა დიდი და რთული გზა განვლო - პირველ ალბომამდე და ახალ ჯგუფამდე – „Mother on Monday“ – კიდევ ორი ჯგუფი გამოიცვალა. 1994 წელს ჯგუფმა   ორი ალბომი გამოუშვა, მაგრამ საბოლოოდ გოგი ძოძუაშვილმა სოლო კარიერა აირჩია და მალევე ახალი პროექტი - Post Industrial Boys წამოიწყო. შემდეგ იყო დიდი წარმატებაც - გერმანული ლეიბლისთვის ამავე სახელწოდების ალბომის ჩაწერა. Condominium of Free Will  - მისი ახალი კომპოზიციაა, რომელიც 2020 წელს ირაკლი კაკაბაძესთან ერთად გამოუშვა, რამაც  ელექტრონული მუსიკის მოყვარულებში  დიდი პოპულარობა მოიპოვა.