სათქმელის სახასიათო, ხშირად ინტიმური და უმთავრესად პერსონალური გზით გადმოცემა შემოქმედის თანდაყოლილი თვისებაა. ფოტოგრაფია იქნება, მხატვრობა, კონცეპტუალური ინსტალაცია თუ მწერლობა, ერთი რამ უცვლელია, არტისტი ყოველთვის მთხრობლად რჩება. ბოლო რამდენიმე ათწლეულია, მსოფლიოში მკერდის სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლის თვედ ოქტომბერი აღინიშნება. ჯანმრთელობა, ქალის პირადი გამოცდილება და სამყაროს მისეული აღქმა კი უამრავი შემოქმედის ნამუშევარში წლების განმავლობაში მთავარ თემად ფიგურირებდა. მნიშვნელოვანია გავიხსენოთ თანამედროვე არტისტები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით ქალის უფლება და ემოცია, მისი სხეული და როლი ჩარჩოებს მიღმა, ახლებური კუთხით დაგვანახვეს.


ფოტოგრაფი გიულიანო ბეკორის სერია - “Transcendence” (“ზღვრის გადალახვა”) -  სწორედ იმ ქალებს ეძღვნება, რომლებიც მკერდის სიმსივნეს ებრძვიან, გამოფენა კი მხოლოდ ოქტომბერში ტარდება. ბეკორის თქმით, ფოტოსერიის მთავარი მიზანი სხეულისა და სიმსივნის თაობაზე  ცნობიერების ამაღლებაა. კოლექციის სახელწოდება გამომდინარეობს ადამიანის სხეულის თვისებიდან, განიკურნოს, სხვა სიტყვებით, განახლდეს და გადალახოს “ზღვარი”. ფოტოგრაფმა სერიისთვის ნამდვილი სიმსივნური უჯრედები მოდელთა სხეულებზე მოათავსა, რითაც დამკვირვებელი თამამად გამოიწვია,  უერყოთ საზოგადოებაში გავრცელებული სიმსივნესთან დაკავშირებული სოციალური ტაბუ. 


“კოლექცია უნივერსალურობის გრძნობას ავითარებს და ხაზს უსვამს  პროგრესს ფერისა და კონცეფციის დახმარებით. ის გადმოსცემს შინაგან ბრძოლას და გარდაქმნას უბრალო სხეულიდან რაღაც უსასრულომდე”, - ამბობს ბეკორი.


მოვლენათა შორის, რომლებმაც თანამედროვე ხელოვნებაში შესამჩნევი ცვლილება გამოიწვიეს, ერთ-ერთ წამყვან ადგილს 1970-იან წლებში დაარსებული “ფემინისტური მიმდინარეობა” იკავებს. შემოქმედებითი განხრა, რომლის თვითმიზნადაც ქალის როლის, მისი სხეულისა და შინაგანი მდგომარეობის წარმოჩენა  ითვლება. 





სიცოცხლე, განვითარება, ჯანმრთელობა, ცვლილება: გერმანელი არტისტის, ბირთე პიონტეკის ფოტოკოლექცია - “Lying Still” ავტოპორტრეტული სერიაა, რომელიც სწორედ ამ თემატიკაზე დაფუძნებით,  უცნაურ, მიმზიდველ და აბსტრაქტულ კომპოზიციებს აერთიანებს. ფოტოგრაფის პერსონალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული შემოქმედება დამკვირვებლის ყურადღებას მარტივად იქცევს, რადგან სავსეა ამოუცნობი, თუმცა ამასთან, სხვადასხვა ემოციის გამომხატველი სიუჟეტებით. “კოლექცია თავიდან ჩემი ვიზუალური დღიური იყო, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლის  პირად გამოცდილებას გადმოსცემდა. მალე მივხვდი, ამასთან ერთად სხვა ამბებსაც ვყვებოდი. ფოტოები ეხება სიკვდილს, სექსუალობას, ასაკს და შინაგან თუ გარეგან ცვლილებას, რასაც ყველა ქალი განიცდის”, - ამბობს პიონტეკი. 


“ქალების შავ-თეთრი ფოტოები 60-იანი წლებიდან, რომელშიც ისინი კამერის მთავარი მოდელები არიან, სერიაში კონტრასტის შექმნას ემსახურება. მინდოდა, შემეფასებინა თაობათა ცვლილება და ქალის, როგორც გამოსახულებაში მთავარი მოდელის, განვითარება, ამიტომ კოლექცია მათთან ერთად ჩემს ავტოპორტრეტებსაც მოიცავს”.



პიონტეკის ფოტოსერია პრიორიტეტულად ქალისა და მისი მოგონებების, შიშებისა და სურვილების ინდივიდუალური შესწავლაა.




დიასახლისის ამპლუაში მყოფი ქალებისა და ტრადიციული ფემინურობის “ჯაჭვებს” უელსელი არტისტი, შანი რის ჯეიმსი დღემდე მიზანმიმართულად არღვევს, თუმცა ის ნამუშევრებში არა “დამოუკიდებელი ქალის” განზოგადებულ პორტრეტებს ქმნის, არამედ პირიქით, სწორედ დიასახლისებისა და სახლში მყოფი გოგონების უხეშ, რეალისტურ სახეს გვიხატავს. ჯეიმსის ნახატები უარყოფს იმ გავრცელებულ სტანდარტს, რომ ქალის პორტრეტი ძირითადად სინაზისა და მშვენიერების გამოხატულება უნდა იყოს. ის არ ინტერესდება მოხდენილობით, არამედ ბუნებრიობით, ნაკლითა და ემოციური სიშიშვლით. კომპოზიციაში ამ დამოკიდებულებაზე მეტწილად მკვეთრი, მუქ ფერთა პალიტრა მეტყველებს.




ჯეიმსის ნამუშევრებში ქალი ინტერიერის ნაწილად იქცევა, ობსესიურად ცდილობს იმ გალიებს, რომელშიც თავად არტისტი ათავსებს, სხვადასხვა ქმედებით გაექცეს, იქნება ეს თმის დავარცხნა თუ მაყურებლის თვალებში თავისუფლების ძებნა. არტისტის შემოქმედება დღესაც მნიშვნელოვანია, რადგან ნაცვლად შელამაზებული უტოპიისა, ის მოსაწყენ რეალობაზე ფოკუსირებს და ცდილობს, შენც დაგანახვოს ქალის ცხოვრებაში რუტინული ყოფის ნეგატიური მხარე.




შეუძლებელია თანამედროვე ხელოვნებაში თანასწორობასა და ქალის როლს განიხილავდე, ისე რომ ნენსი სპერო არ ახსენო. ამერიკელი არტისტი და აქტივისტი ერთ-ერთი  პიონერი იყო, ვინც ხელოვნებაში ფემინისტური მიმდინარეობის საფუძვლები ჩამოაყალიბა. მხატვრის შემოქმედების მთავარი ღერძი ძველი მითებისა და ისტორიული მოვლენების ახლებურ ჭრილში დანახვას ემსახურება, რომელშიც კაცის ნაცვლად, პროტაგონისტი ქალია. სპეროს თქმით, ის ხატავს ქალებს, რომლებიც ყოველთვის იყვნენ წარსულში, თუმცა ისტორიიდან ამოშალეს. “ვცდილობ, შევქმნა კომპოზიციები, რომლებშიც შესამჩნევი იქნება სიცოცხლისუნარიანობა, რადგან ვაიძულო ვენს კულტურას, ახლა ქალები დაინახონ “გმირის” როლში”, - ამბობს მხატვარი.



სპეროს კომპოზიცია ტრადიციული ნარატივისგან თავისუფალია, რის გამოც ამბავს ხშირად თავად ქმნი. ნახატები ანტიისტორიულ ხასიათს ატარებს, რადგან არცერთ მათგანში არაა ქალი წარმოდგენილი, როგორც მსხვერპლი ან ანტიკური ქალღმერთის ფიგურა. არტისტის შემოქმედებაში მთავარი თემა ადამიანური მდგომარეობა და მისი შესწავლაა.


“არ მინდა ჩემი ხელოვნება  არტისტი კაცების რეაქციაზე იყოს დამოკიდებული. მინდა ისინი ცალკეული, დამოუკიდებელი იყოს”, - ამბობს სპერო, თანამედროვე ხელოვნების უჩვეულო ფიგურა და აქტივისტი.




სოციუმის მოლოდინები ქალსა და მის ბუნებაზე, ინგლისელმა არტისტმა, ტრეისი ემინმა ჯერ კიდევ 1998 წელს უარყო თავისი შექმნილი ინსტალაციით, “ჩემი საწოლი”. განშორების შემდეგ თავის საწოლზე დაყრილი სიგარეტები, ცარიელი ბოთლები და ორსულობის ტესტი  ემინმა, დალაგების ნაცვლად,  ხელოვნების ნიმუშად აქცია, რომელიც წლების შემდეგ აუქციონზე 2.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.




კრიტიკოსთა ნაწილმა ინსტალაცია დამცინავად შეაფასა, ნაწილმა კი მას “კოლექციური და დანაშაულის ადგილის მსგავსი” უწოდა. ერთი რამ ცხადია, ემინის ნამუშევარს მაყურებლისა და მედიის უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც ინსტალაცია 1999 წელს “Tate Britain” გამოფენაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. უხეში კრიტიკის მიუხედავად, ნამუშევარი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მგრძნობიარე და დამაფიქრებელი ფრაგმენტია. ემინის ინსტალაცია პერსონალური ავტოპორტრეტია, რომელიც არ ერიდება, გულწრფელად დაგვანახვოს არტისტის დეპრესიული, გულნატკენი, მოუწესრიგებელი სახე. ინსტალაციამ პირველ რიგში სწორედ მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანებისგან დაიმსახურა განსაკუთრებული მოწონება. ნამუშევარი თამამად არღვევს უამრავ სოციალურ ტაბუს, რაც ფემინურობასა და ქალის ტრადიციულ ბუნებას უკავშირდება. ინტიმური ხასიათის ინსტალაციების გარდა, ემინის შემოქმედება ნეონით განათებული მოკლე ფრაზებითაა ცნობილი. პოეტური ბუნების მატარებელი, სამ-ოთხ სიტყვიანი ციტატები, მოკლე პერიოდის განმავლობაში, თაიმ სქუერის მოედანზეც კი ანათებდა.




ბუნებასთან და საკუთარ სხეულთან ურთიერთობას შეისწავლის ამერიკელი არტისტის,
კიკი სმიტის შემოქმედება, რომელიც ოთხმოციანი წლებიდან მოყოლებული თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. ფოტოგრაფია, მხატვრობა, ბეჭდვა, სკულპტურა… სმიტის თვითგამოხატვის გზები მრავალმხრივია, ყოველი მათგანი კი ადამიანურ მდგომარეობაზე საუბრობს. კომპოზიციაში ქალის პრიორიტეტულობამ  და მათზე, როგორც მითოლოგიურ გმირებსა თუ ისტორიულ ფიგურებზე დაკვირვებამ სმიტი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი წარმომადგენლად აქცია. “ფემინისტური მიმდინარეობის გარეშე მე, როგორც მხატვარი, ვერ ვიარსებებდი. ამ მიმდინარეობამ ადამიანთა ხედვა განავითარა, მიახვედრა საზოგადოება, რომ შემოქმედება ადამიანის სქესს აღემატება და რომ არტისტი მისი გენდერის მიხედვით არასოდეს უნდა განისაჯოს”, - ამბობს სმიტი.




ფერთა იშვიათობა, სიუჟეტურად უცნაური შინაარსის მქონე კომპოზიციები არტისტის ნამუშევარში ხშირად დამთრგუნველია, რაც სმიტის თქმით, სრულიად გააზრებული მეთოდია, რომლის დახმარებით, ის დამკვირვებელს სათქმელს მეტი სიმძაფრით აწვდის.




აფროამერიკელი მულტიმედია არტისტის, ლორნა სიმპსონის  შემოქმედების მთავარი ფოკუსი შავკანიან ქალთა  პრობლემები  და მათი იდენტობაა.  სიმპსონის 1991 წლის ნამუშევარი - “Five Day Forecast”, რომელიც მან საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნა,  იმ გარემოს აღწერს, სადაც ადამიანი ინდივიდის ნაცვლად, ობიექტად აღიქმება. კომპოზიციაში ვერ ვხედავთ მოდელის სახეს, კვირის დღეების ქვეშ კი ვაწყდებით წარწერებს: “Mislabeled”, “Misunderstood” - სიტყვებს, როგორადაც სიმპსონი თავს გრძნობდა თავის ადრეულ სამუშაოზე. 


განმეორებადი ფორმა, შავ-თეთრი ფოტოგრაფია და ტექსტური ჩანართები არტისტის ნამუშევრების ძირითადი მახასიათებლებია. გარდა შავკანიანი ქალებისა, სიმპსონის შემოქმედება აფროამერიკელ მამაკაცებსაც ეხება, რომლებიც მათ მსგავსად შეურაცხყოფისა და რასობრივი ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ. სიმპსონის ერთ-ერთი მიმართულება  შავკანიანთა სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის ხელოვნებაში ასახვაც  იყო. 1988 წლის ნამუშევარი “Stereo Styles” ათი ფირისგან შედგება, რომლის მოდელიც ყოველ ფოტოზე იმ სხვადასხვა ვარცხნილობითაა გადაღებული, რაც ამერიკაში იმ დროს იყო გავრცელებული.


მექსიკელი თვითნასწავლი მხატვარი და უამრავი ადამიანის შთაგონების წყარო, ფრიდა კალო იდენტობის, გენდერისა და კლასის გარშემო შექმნილი ნამუშევრებით ჯერ კიდევ მანამ გამოირჩეოდა, სანამ ხელოვნებაში “ფემინისტური მიმდინარეობის” ტერმინი დამკვიდრდებოდა. მიუხედავად ამ ფაქტისა, კალოს შემოქმედება დღემდე რელევანტური და მნიშვნელოვანია თანამედროვე ხელოვნებაში. 


პირადი ემოციებით დატვირთული ავტოპორტრეტები, წარსულ გამოცდილებასა და შინაგან ტკივილებზე აგებული სიუჟეტები არტისტის შემოქმედების თანამდევი ფორმებია. კალომ ხატვა პირველად 18 წლის ასაკში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ავარიაში დაშავდა. ის სიმბოლიკაც, რომელიც მის ნამუშევრებში ფიგურირებს, ტკივილის, სიკვდილისა და ხელახლა დაბადების უსასრულო ციკლია. გარდა ხატვისა, ფრიდა გატაცებული იყო ბოქსით, ეწეოდა და საოჯახო პორტრეტის გადაღებისას კაცის კოსტიუმი ეცვა. მსგავსი ქმედებების გამო, მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც არტისტს, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებს არასოდეს ემორჩილებოდა.  მიუხედავად ამისა, კალო არ მალავდა თავის ფემინურობას, მეტიც, მისი შემოქმედება ყველაზე ხშირად ფერადი ყვავილებით ამოიცნობა.


უცნაური და შეუპოვარი ბუნების მქონე არტისტი თავის ნამუშევრებში ყურადღებას პირად ტკივილებზე ამახვილებდა, თუმცა არასოდეს ხატავდა საკუთარ თავს “მსხვერპლის” როლში. იმ შემზარავი მოვლენების მიუხედავად, რასაც ხშირად მის ავტოპორტრეტებში ვაწყდებით, ფრიდას გამომეტყველება არა სევდის მატარებელი, არამედ ყოველთვის მტკიცე და ურყევია.


“ჩემს სკულპტურაში არ ვეძებ სპეციფიკურ ვიზუალს, არც იდეას. ის, რაც მამოძრავებს, წარსულში განცდილი ემოციის ხელახლა გაცოცხლება და შეგრძნებაა. ჩემი შემოქმედება ერთგვარი ეგზორციზმია და სილამაზე ისაა, რაზეც მე არასოდეს ვსაუბრობ”, - ამბობს ფრანგი-ამერიკელი არტისტი და აქტივისტი ლუიზ ბურჟუა, რომლის შემოქმედებაც რვა ათწლეულს მოიცავს. 


“ობობების ქალი”, “პაწაწინა ექსცენტრიკული არტისტი”, “ხელოვნების ყველა მიმდინარეობასთან ახლო, თუმცა არცერთის წარმომადგენელი”... ლუიზ ბურჟუას წლების განმავლობაში უამრავ ჭრილში განიხილავდნენ. სახლი, ოჯახური ცხოვრება, სხეული, სექსუალობა, სიკვდილი და ქვეცნობიერი არტისტის შემოქმედებაში წამყვანი თემებია. უხეში, პირდაპირი, ინტიმური და უშიშარი ნამუშევრებით ბურჟუამ თანამედროვე ხელოვნებაში წარუშლელი კვალი დატოვა.


ობობას სკულპტურას ბურჟუას ნამუშევრებიდან განსაკუთრებით გამოარჩევენ. თავად არტისტის ინტერპრეტაცია შემდეგნაირია: “ობობა დედაჩემის რეპრეზენტაციაა. დედაჩემი ქსოვდა, როგორც ობობა ქსოვს. დედაჩემი ძალიან ჭკვიანი იყო, როგორც ობობა. ობობები მეგობრული და მფარველი არსებები არიან, დედების მსგავსად”.


“ამერიკული მოდერნიზმის დედად” წოდებული არისტის, ჯორჯია ო’კიფის, შემოქმედება ყვავილთა დეტალებით, ნიუ-იორკის ცათამბჯენებითა და ახალი მექსიკის პეიზაჟებით ხასიათდება. თავისუფალი მისწრაფებებისა და ინოვაციური ნამუშევრებით ცნობილი ო’კიფი პირველი იყო ამერიკაში, ვინც მგრძნობიარე, ფემინისტური ხედვით გამოირჩეოდა. 


მიუხედავად მსგავსი აღიარებისა, ო’კიფი ერიდებოდა, მეტიც, უარს ამბობდა, მონაწილეობა მიეღო მხოლოდ ქალებზე ორიენტირებული ხელოვნების შექმნაში. მას საერთოდ არ სურდა “შემოქმედ ქალად” ყოფილიყო ხსენებული და ერჩია, მისთვის უბრალოდ “შემოქმედი” ეწოდებინათ.


მიუხედავად სამომავლო წარმატების, ფინანსური პრობლემების, ნერვული შეტევებისა და სუსტი მხედველობისა, ო’კიფმა ხატვას სამჯერ დაანება თავი, თუმცა მისი სახელი ისტორიაში სამარდჟამოა.




ანონიმური აქტივისტები  - “მებრძოლი გოგონები” - ნიუ-იორკში პირველად 1985 წელს თავზე ჩამოცმული გორილას ნიღბებით გამოჩნდნენ. მას შემდეგ ჯგუფი ქმნის ნამუშევრებს, რომლის მთავარი გზავნილიც სამყაროში რასიზმისა და სექსიზმის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება. ჯგუფის წევრები პოსტერებით, ბილბორდებითა და ხშირად საჯარო გამოსვლით გამოირჩევიან, არ ამხელენ ვინაობას და ხშირად ფსევდონიმად  გარდაცვლილი არტისტი ქალების სახელებს ატარებენ. ერთი მიზეზი, რის გამოც გაერთიანება ანონიმური რჩება, მათი რწმენაა, რომ ის პრობლემები, რის წინააღმდეგაც ჯგუფი იბრძვის, გაცილებით გლობალურია, ვიდრე ცალკეული ინდივიდების იდენტობა.



ბრიტანელი არტისტი - სარა ლუკასი “ახალგაზრდა ბრიტანელ შემოქმედთა” გაერთიანების ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, რომელმაც ცალკეული ნამუშევრების გამოქვეყნება 1990-იანი წლებიდან დაიწყო. იუმორის, ფოტოგრაფიისა და სხვადასხვა ნივთთა დახმარებით ლუკასი ხაზს უსვამს ტენდენციას, რომლის დროსაც ქალს “ობიექტად” აღიქვამდნენ, მათი სხეულს კი უხამსი სლენგებით მოიხსენიებდნენ. არტისტის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი - “Two Fried Eggs and A Kebab” 1992 წელს გადაღებული ავტოპორტრეტია, რომლითაც ლუკასი დამთვალიერეებელს აიძულებს, ხელახლა გააანალიზოს საზოგადოებაში თუ რა დამამცირებელია მსგავსი აღქმა.