ბარმენი, დიასახლისი, ინჟინერი, სასტუმროს მოსამსახურე ბიჭი - ეს სწორედ ის როლებია, რომლებსაც ცნობილი დიზაინერი თავის მოკლემეტრაჟიან, დოკუმენტურ ფილმში ირგებს. 24-წუთიან ვიდეოში, რომელიც გადაღებულია ნიუ-იორკში, სასტუმრო Mercer Hotel-ში, სადაც ის მეუღლესთან, ნიკ ნიუბოლდთან ერთად იმყოფებოდა, ჯეიკობსი მაყურებელს აცნობს ყოველდღიურ ყოფას თვითიზოლაციის პერიოდში.
აღსანიშნავია, რომ ხელოვანი კარანტინის განმავლობაში გამოირჩეოდა საკუთარ ინსტაგრამგვერდზე აქტიურობითა და პოზიტიური მესიჯებით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს სულაც არ წარმოადგენდა უბრალოდ სოციალურ ქსელში აქტიურობას, რასაც ადასტურებს Youtube-ზე გამოქვეყნებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით - A New York Story.
ვიდეოში ნაჩვენებია ისეთი დეტალები, როგორებიცაა დიზაინერის ძაღლების, ლედისა და ნევილის ბანაობის კადრები, ჯეიკობსის ვიზაჟის, უფრო კონკრეტულად კი - smoky eyes ტუტორიალი და წვერის შეღებვის პროცესიც კი. გარდა ამისა, ფილმში ჩანს დაცარიელებული ქუჩები, მომენტი, სადაც ჯეიკობსი სრულიად მარტო სვამს დიეტურ კოლას და რიკ ოუენსის ჩექმაში გამოწყობილ ფეხს მუსიკის რიტმს აყოლებს. ფილმში ერთი შეხედვით მხიარული სიუჟეტი საკმაოდ დრამატულ განწყობას ქმნის და უკაცრიელი ადგილები კარგად ასახავს ვირუსის პირობებში არსებულ რეალობას.
დიზაინერმა ფილმის ინსტაგრამ გვერდზე დაანონსებისას გამოიყენა სათაური - “A labour of love in the time of Corona” და პატივი მიაგო მეუღლეს, ნიუბოლდს, რომლის შესახებაც ის წერს: „თუ იღბლიანი ხარ, ნიკი არის ადამიანი, რომლის გაცნობის შანსიც მოგეცემა და რომელთან ერთადაც გაიზრდები მთელი ცხოვრების განმავლობაში“. ანონსს კი ჯეიკობსი ასრულებს სიტყვებით - “I Love You, New York, In Sickness And In Health.”
დაწერე კომენტარი