ცოტა ხნის წინ თბილისში, გალერეა Window Project-ში, გამოფენა Lows Lows to High Highs გაიმართა. გამოფენას, რომელშიც რამდენიმე თანამედროვე ხელოვანი მონაწილეობდა, კურატორობდა იტალიელი დამოუკიდებელი კურატორი დომენიკო დე კირიკო, რომელსაც მსოფლიოში  არაერთ ცნობილ თანამედროვე არტისტთან უთანამშრომლია.

Hammock Magazine წარმოგიდგენთ ინტერვიუს დომენიკო დე კირიკოსთან, რომელიც საკუთარი კარიერისა და თბილისში გამართული გამოფენის შესახებ გვიყვება.

დომენიკო, მოგვიყევი, როგორ გაგიჩნდა ინტერესი ხელოვნების მიმართ, ეს შენი ოჯახის და ჯორჯო დე კირიკოს დამსახურებაა თუ ყველაფერი თავისთავად მოხდა?

ვიტყოდი, რომ კლასიკური განათლების მიღების გადაწყვეტილება  ღიად და მიუკერძოებლად მივიღე - მას შემდეგ, რაც Liceo Classico დავამთავრე, ბარის უნივერსიტეტში ლიტერატურის, უცხო ენების და ევროპული ქვეყნების ხელოვნების ისტორიის  შესწავლა გადავწყვიტე. სწავლის პროცესი სპეციფიკურ ელემენტებს მოიცავდა, მათ შორის მოქნილობას, დისციპლინას, გონებაგახსნილობას, ყურადღებას, კითხვისა და მეგზურობის სწავლას, ანუ ყველაფერ იმას, რაც შემდეგ სამუშაო პროცესში შეიძლება გამოგადგეს. ამასთან, ხელოვნებისა და კულტურის მიმართ უდიდესმა სიყვარულმა და ფილოსოფიურმა აღმოჩენებმა, რომელთაც ხელოვნების ესთეტიკა განსაზღვრეს, მიბიძგეს, რომ ჩემი საქმიანობა კურატორული პრაქტიკისა  და ახალი ტალანტების აღმოჩენისთვის  მიმეძღვნა.  

როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს იყო კურატორი, რა არის ამ საქმეში ყველაზე მთავარი?

მნიშვნელოვანია, ინდივიდუალიზმით და სისხარტით გამოირჩეოდე, გაცნობიერებული იყო ამ სფეროში, შეგეძლოს წინასწარ დაინახო მოვლენები და, რა თქმა უნდა, გქონდეს შესაბამისი გამოცდილება.

როგორ აღწერ შენს სამუშაო პროცესს, თანამშრომლობას ხელოვანებთან და კურატორებთან, რის შემდეგაც ახალი გამოფენა იბადება?

ახალი გამოფენა თავდაპირველად ისეთ ელემენტებზე ზრუნვით იწყება, როგორებიცაა: გამოფენის მთავარი თემის, სახელწოდების  და ტექსტის შერჩევა, შემდეგ იმ ხელოვანებისა და ნამუშევრების სელექცია, რომლებიც მთავარ თემას ერგება,  შემდეგი ეტაპი კი უკვე ვიზიტორებისა და კოლექციონერების მიღებასა და გარკვეული პუბლიკაციების შექმნას ეთმობა. ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ იგეგმება და ამ ამბის ყველა მონაწილესთან ყოველთვის ღია და თავისუფალი კომუნიკაციის პროცესს გულისხმობს. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ მე ყოველთვის ღია ვარ ჯანსაღი და ეფექტური კოლაბორაციებისთვისაც.

ვინ არიან ის ხელოვანები, რომელთაც შენს კურატორულ პრაქტიკაზე და ყველაფერ იმაზე, რაც ჩამოთვალე, დიდი გავლენა მოუხდენიათ?

ასეთები ძალიან ბევრნი არიან: ლუიზ ბურჟუა, მარისა მერცი, უოლტერ დე მარია და კიდევ სხვა  ხელოვანები.

ცოტა ხნის წინ თბილისში, გალერეა Window Project-ში, გამართული გამოფენის - Lows Lows to High Highs-ის კურატორი იყავი, მოგვიყევი ამ გამოფენის შესახებაც, როგორ გაჩნდა მისი იდეა?

როგორც გამოფენის წარმდგენ ტექტში იყო ნათქვამი, "ის, რაც ქვემოთაა, ზემოთ მყოფის ტოლია, და ის, რაც ზემოთაა, ქვემოთ მყოფს უდრის. ორივე კი ერთი სასწაულის მოხდენას ემსახურება" - ჰერმეს ტრისმეგისტის, კლასიკური ხანის წინა პერიოდის სიბრძნის ოსტატად აღიარებული, ლეგენდარული პიროვნების ეს სიტყვები ეგრეთ წოდებული ჰერმეტული ფილოსოფიის საფუძველს წარმოადგენს. ისინი გვამცნობენ, რომ სამყაროს ნებისმიერ წერტილში, მაღლა, დაბლა, “სამოთხესა და დედამიწაზე”, მაკრო- და მიკროკოსმოსში, გამოხატვის ნებისმიერ დონეზე, ერთი და იგივე კანონები მოქმედებს. ეს ფრაზა გვაძლევს საშუალებას, ჩვენი კვლევა და დაკვირვება იმ სფეროებამდე დავავიწროოთ, რომლებიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, შემდეგ კი მიღებული გამოცდილება ანალოგის პრინციპით განუხორციელებელ სფეროებზეც განვაზოგადოთ. მყისეული და მოტივაციის მომნიჭებელი ანალოგური აზროვნების ეს პრინციპი ადამიანის მიერ მთელი სამყაროს თანაგრძნობის განცდით  შესწავლას განაპირობებს. ჰერმეტიზმის დოქტრინა იმ დროის მეცნიერებაში მიმდინარე ჩუმ რევოლუციას განსაზღვრავს და ადამიანს ემპირიული მიდგომის გამოყენებისკენ უბიძგებს, რომლის შთაგონებაც ჯადოქრობისა და ალქიმიის ტრადიციებიდან მომდინარეობს. Low Lows to High Highs მეტაფორულად ამ პრინციპს მისდევს.

ზოგადად, როგორ დაახასიათებდი ქართულ სახელოვნებო სივრცეს, რა მოგწონს მასში ყველაზე მეტად?

დემოკრატიული, ცოცხალი და ძალიან ნიჭიერი. ალბათ იცი, რომ ეს ყველაფერი ძალიან დამაიმედებელია, ყოველთვის ძალიან დიდი სიამოვნებით ჩამოვდივარ საქართველოში და ყოველ ჯერზე უფრო მეტსა და მეტს აღმოვაჩენ ხოლმე.


მოგვიყევი, ამჟამად რაზე მუშაობ და როგორია შენი, როგორც კურატორის სამომავლო გეგმები?

ამჟამად ძირითადად გრძელვადიან პროექტებზე, ონლაინკოლაბორაციებზე, გამოფენებსა და კრიტიკულ ტექსტებზე ვმუშაობ. დღეს ჩვენ ყველა ძალიან უცნაურ სამყაროში ვცხოვრობთ და, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყველაფერი ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე.  ამ სახეშეცვლილ ფაზაში ერთადერთი, რაც შეგვიძლია, მდგომარეობის შემსუბუქებაა. როგორც ინტერვიუში აღვნიშნე, მინდა დავინახო - რა იქნება შემდეგ. რეალურად, ამ სიტუაციაში ბევრი პრაქტიკული საქმის განხორციელება, ფაქტობრივად, ძნელად წარმოსადგენია. მე, ჩემი მხრივ, მერიტოკრატიის დიდი მხარდამჭერი ვარ და მგონია, რომ ყოველთვის და ყველგან ძალიან სწორი მიმართულებაა. ახლა, როცა ყველაფერი, ფაქტობრივად, ბანქოს თამაშს ემსგავსება, ჩემი მთავარი სურვილი პოსტაპოკალიპსური ხელოვნების განჭვრეტაა. ბოლოს იმასაც ვიტყვი, რომ მგონი, სამყარო ზუსტად ისეთი აღარასდროს იქნება, როგორც აქამდე. თუმცა, ამასთანავე, ყველა სიახლეში არის რაღაც განსაკუთრებული, სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ საკუთარი,  სხვა ადამიანების და ჩვენი ოცნებების მიმართ რწმენა არ უნდა დავკარგოთ.