პასტელურ ვარდისფერს, რომელიც არქიტექტურასა და დიზაინში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარულია, ახალგაზრდულ ფერსაც უწოდებენ. ფერის ფსიქოლოგიის თანახმად, მას მნახველზე დადებითი და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, თავისი დელიკატურობის გამო ის ხშირად მიიჩნევა ქალურ ფერადაც, თუმცა ამ შედარებით ახალ ტრენდს ძველ არქიტექტურაშიც ხშირად შევხვდებით.
ძველებური არქიტექტურის ვარდისფერი:
Hawa Mahal, Jaipur, India
ჯაიპური, ასევე ცნობილია როგორც „ვარდისფერი ქალაქი“, სადაც არქიტექტურა ვარდისფრის სხვადასხვა სპექტრში შეგვხვდება. ისტორიული ჰავა მაჰალი, City Palace-ის გაგრძელებაა, რომელიც საშუალებას აძლევდა სამეფო ოჯახის ქალებს ქუჩის ცხოვრება სახალხოდ გამოსვლის გარეშე ენახათ.
Hotel Don Caesar Florida, Florida
ისტორიული Don CeSar-ის სასტუმრო ფლორიდაში მდებარეობს. ჰენრი დუპონტის 1928 წლის შენობა, არტ დეკოს სხვა ნამუშევრების მსგავსად, მარჯნისფრისა და პასტელური ვარდისფრის ნაზავია. ეს შესაძლოა ფლორიდაში კუბის გავლენაც ყოფილიყო.
Royal Hawaiian Hotel, Hawaii
1927 წლის შემდეგ ვაიკიკის ცნობილი სასტუმრო თავისი ვარდისფერი ფასადით გამოირჩევა. ზუსტად ცნობილი არ არის, ვის ეკუთვნის ვარდისფერი შეფერილობის იდეა, თუმცა ყველაზე ხშირად იდეის ავტორად შენობის ლანდშაფტის დიზაინერს, რობერტ ტომპსონს ასახელებენ. სასტუმრო ასევე ცნობილია როგორც „წყნარი ოკეანის ვარდისფერი სასახლე“. ვარდისფერი დეტალებია გამოყენებული ინტერიერის დიზაინშიც, სადაც თეთრეული, პირსახოცები, მაგიდის გადასაფარებლები და ხელსახოცები - ყველაფერი ვარდისფერია. სწორედ ამ სასტუმრომ შემოიტანა მდიდრული კურორტის კულტურა ჰავაიში.
მოდერნისტული ვარდისფერი:
La Muralla Roja, Spain
რიკარდო ბოფილის 1972 წლის ნამუშევარი ალიკანტეს კლდეზე მდებარე ვარდისფერი ციხესიმაგრეა. არქიტექტორი ადგილის არაბული და საბჭოთა კონსტრუქტივისტული არქიტექტურის გავლენით იყო დაინტერესებული. ბოფილი გამოირჩევა თავისი ფერადი არქიტექტურით, ამ შენობისთვის კი მან მკრთალი ვარდისფერი, წითელი, ლურჯი და იასამნისფერი აარჩია.
Cuadra San Cristobal Roja, Mexico City
შენობა რამდენიმე სხვადასხვა სივრცეს მოიცავს: მთავარ სახლი, სტუმრის სახლი, თავლა და ორი აუზი - ერთი ადამიანებისთვის, ხოლო მეორე ცხენებისთვის. ბარაგანის არქიტექტურისთვის ვარდისფერი უცხო არაა. ის მკვეთრ თუ პასტელურ ფერებს ხშირად იყენებდა, რაც მას სხვა არქიტექტორებისგან გამოარჩევს.
College of Santa Fe
1990-იან წლებში სანტა ფეს ყავისფერი ესთეტიკისთვის რიკარდო ლეგორეტას ნამუშევრები, რომელიც, ბარაგანის მსგავსად, ფერადოვნებით გამოირჩევა, სიახლეს წარმოადგენდა. არქიტექტორის თქმით, სანტა ფეში რამდენიმე კვირა გაჩერდა, რათა კარგად აეთვისებინა და შეესწავლა გარემო, რეგიონის ისტორია და კულტურა. მისი არჩეული მკვეთრი ფერები კომპლექსის სხვადასხვა სივრცეს განსაზღვრავს, სადაც ვარდისფერი Eugene Thaw Art History Center-ს შეესაბამება.
ინტერიერის ვარდისფერი:
Sketch Restaurant, London
ცნობილი რესტორანი „სკეჩი“, რომელიც ინდია მაჰდავის დიზაინითაა შექმნილი და ლონდონში მდებარეობს, ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ვარდისფერი ესთეტიკა შეითავსა. ხავერდის სავარძლები „ჭუჭყიანი“ ვარდისფერია, ხოლო კედლები უფრო მკრთალი. მე-18 საუკუნის ჩაის სახლის და კოქტეილის ლაუნჯში, სადაც ასევე ფერადი კაფელის იატაკს და შუშის გუმბათს შევხვდებით, ვარდისფერი დომინანტურია.
Normann Copenhagen, Copenhagen
დანიური ავეჯის ბრენდი დიზაინის ახალი ტრენდების მარტივად ათვისებით გამოირჩევა. კოპენჰაგენში წამყვანი მაღაზიისთვის ბრენდმა შექმნა სივრცე, რომელიც მთლიანად ვარდისფერია. როგორც ბრენდს მისი წარმომადგენლები ახასიათებენ, „შენობა ისეთ ტრანსფორმაციულია, სადაც შესაძლოა ყველაფერი მოხდეს“.
გამოგონილი ვარდისფერი:
Guggenheim
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობა, გუგენჰაიმის მუზეუმი ნიუ-იორკში, ერთ დროს უფრო ჩალისფერი გახლდათ. თუმცა, მოგვიანებით გათეთრებული შენობა, რომლის დიზაინიც ფრენკ ლოიდ რაითს ეკუთვნის, შენობის ვარდისფრად შეღებვასაც განიხილავდა. ამბობენ, რომ ვარდისფერი ფრენკ ლოიდ რაითის ერთ-ერთი საყვარელი ფერი იყო.
Grand Hotel Budapest
უეს ანდერსონის გამოგონილი სასტუმრო ევროპული მდიდრული შენობების შერწყმაა. მან დეტალები სხვადასხვა ნამუშევრიდან აიღო და ზოგიც თვითონ დაამატა. ერთ-ერთი ასეთი შენობაა Görlitzer Warenhaus უნივერმაღია გერმანიაში, სადაც ფილმის დიდი ნაწილია გადაღებული. სასტუმროს ექსტერიერის გარდა, ფილმის ფერთა გამაც ვარდისფრის სხვადასხვა ტონალობითაა გაჟღენთილი.
უფრო მეტი ვარდისფერი:
უეს ანდერსონის გამოგონლი სასტუმროს ვარდისფერი ესთეტიკა მრავალი სივრცის შთაგონების წყარო გახდა. ამას ასევე მოჰყვა ინსტაგრამგვერდი - Accidentally Wes Anderson, სადაც პერიოდულად სხვადასხვა შენობებსა თუ სივრცეებს, რომელიც ამერიკელი რეჟისორის ესთეტიკას წააგავს, ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ.
დაწერე კომენტარი