„ამონიტის“ სცენარის ავტორი და რეჟისორი ფრენსის ლი აღნიშნავს, რომ ეს ფილმი გულგრილს ვერავის დატოვებს. ეს არის ისტორია თავბრუდამხვევ სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და იმედზე, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს.
სიუჟეტი 1840-იან წლების ინგლისში ვითარდება და პალეონტოლოგსა და ნამარხების კოლექციონერ მერი ანინგზე მოგვითხრობს, რომლის როლსაც ქეიტ უინსლეტი ასრულებს. მას რთულ და გაუსაძლის პირობებში სრულიად მარტოს სამხრეთ სანაპირო ზოლზე მუშაობა უწევს. დიდება და ცხოვრების საუკეთესო წლები უკან მოიტოვა, ახლა მხოლოდ იმას ცდილობს, ნამარხების ნარჩენები იპოვოს, მდიდარ ტურისტებზე გაყიდოს, რომ ავადმყოფ და დაქვრივებულ დედას მხარში ამოუდგეს. ერთ დღეს, როდესაც ტურისტი როდერიკ მერჩისონი და მისი ახალგაზრდა ცოლი, შარლოტა, მერის მაღაზიაში პირველად შევლენ, როდერიკი მეუღლეს (რომელმაც ახლახან დიდი ტრაგედია გადაიტანა), მერი ანინგს ჩააბარებს ,იმ დრომდე, სანამ იგი თავის ევროპულ ტურნეს დაასრულებს. მერისა და შარლოტას მეგობრობა ძალიან მალე მგზნებარე სიყვარულში გადაიზრდება და ეს მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
თავშეკავებული ურთიერთობა, რომელიც აღსავსეა ვნებიანი მზერითა და ნაზი შეხებით, მუსიკის ფონზე გვატყობინებს, რომ ორ ქალს შორის ისეთი აკრძალული რაღაც ხდება, რაც თავისთავად უპირისპირდება იმდროინდელი საზოგადოების წეს-ჩვეულებებსა და ღირებულებებს.
“არ მინდა, დავუბრუნდე იმ ცხოვრებას, რომელიც შენამდე მქონდა ”, - ისმის შარლოტას სიტყვები სწორედ იმ დროს, როდესაც, მერი მისი შიშველი მხრების ესკიზებს ხატავს.
სირშა რონანმა ტორონტოს კინოფესტივალზე მწერალ ენ დონაჰიუსთან საუბარში მეტაფორულად ისაუბრა ნამარხების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ის შეიძლება რაიმე ახალი და განსხვავებულის დასაწყისი გახდეს. მისი აზრით, ნამარხები ცხოვრების ახალი კუთხით გაგრძელების სიმბოლოც კი შეიძლება იყოს.
ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე იგეგმებოდა, თუმცა კორონა ვირუსის გამო გადაიდო. ”ამონიტის“ პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2020 წლის 11 სექტემბერს გაიმართა. 13 ნოემბრიდან კი ფილმი ამერიკის კინოთეატრებსაც დაიპყრობს. კინოკრიტიკოსები კინოს დიდ მომავალს ჰპირდებიან და ვარაუდობენ, რომ მას ოსკარის მოპოვების დიდი შანსი აქვს.
დაწერე კომენტარი