Robert Capa
ცნობილი ფოტოჟურნალისტი და Magnum Photos ერთ-ერთი დამფუძნებელი პირველ რიგში ცნობილი იყო თავისი შავ-თეთრი ფოტოგრაფიით. რობერტ კაპას ნაკლებად პოპულარული ნამუშევრები თავმოყრილია წიგნში Capa in Color, რომელიც მის გამოუქვეყნებელ ფერად ფოტოგრაფიას მოიცავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაპას შემოქმედება უფრო და უფრო ფერადი ხდება და იგი თანამშრომლობას იწყებს სხვადასხვა ცნობილ ჟურნალთან. Life and Holiday- ში კაპას ფერადი ფოტოგრაფია მრავალფეროვან ფორმებში არის წარმოდგენილი, იქნება ეს პრინტები, წიგნის ყდის დიზაინები თუ სხვა ეფემერიდები.
Alex Webb
“ფოტოგრაფია ინტუიციურია. მოგზაურობა იდეის გარეშე იწყება და არც იცი, როგორ დამთავრდება ყველაფერი. უბრალოდ, უნდა იფიქრო, რომ ხეტიალი როგორმე რაღაც საინტერესოსთან მიგიყვანს”.
ალექს ვები აღიარებულია, როგორც ამერიკული ფერადი ფოტოგრაფიის პიონერი. 70-იანი წლებიდან მისი ნამუშევრები ხასიათდება ინტესიური შუქისა და ფერთა თამაშით. მისი შემოქმედება მრავალფეროვანი და კომპლექსური კომპოზიციებით სხვადასხვა ჟანრებს მოიცავს - ქუჩის ფოტოგრაფიას, ფოტოჟურნალისტიკასა და სახვითი ხელოვნებას. The Suffering of Light პირველი მონოგრაფიაა, რომელიც ამერიკელი ფოტოგრაფის 30-წლიან შემოქმედებას იტევს. ამ გამოცემაში მისი ისეთი ფოტოებია თავმოყრილი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა დროს არის გადაღებული, რაც მის შემოქმედებას ახალ პერსპექტივას სძენს. ფოტოგრაფის ნიჭი განასხვაოს ფერი, ჟესტები და კულტურული კონტრასტები და დაყოს ისინი ცალკეულ ელემენტებად, ქმნის ირონიულ და ამოუხსნელ ატმოსფეროს.
Martin Parr
“ვცდილობ ფოტოგრაფიით ფანტასმაგორიული სამყარო შევქმნა, რაშიც საზოგადოებაში ფესვმოკიდებული ცრურწმენები მეხმარება”.
ერთი შეხედვით გაზვიადებული ან თუნდაც გროტესკული ჩანს. მის მიერ არჩეული ფერები მყვირალა, მოტივები უცნაური, ხოლო პერსპექტივები კი განსაკუთრებულად უჩვეულოა. ფოტოგრაფის ნამუშევრებში ხშირად ჩნდება ვარდისფერი. მისი Amica Magazine-სთვის შექმნილი ფოტოსერია Pink Still Life მარტოსულ ვარდისფერ ნივთებს იუმორნარევი პერსპექტივით წარმოაჩენს.
აღსანიშნავია, რომ პარის საბრძოლო იარაღი ძალაუფლებრივი პროპაგანდის წინააღმდეგ არის - კრიტიკა, მაცდურობა და იუმორი. იგი საშუალებას გვაძლევს კარგად ნაცნობი საგნები სხვა კუთხით დავინახოთ. პარისეული საზოგადოების სურათი გლობალიზაციის ნაცნობი ნიშნების ამოკითხვასა და მის უჩვეულო ვიზუალურ გამოცდილებასთან დაკავშირების საშუალებას იძლევა. მისი შემოქმედება გასართობი და ორიგინალურია, თუმცა ამავდროულად ირეკლავს საზოგადოების ცხოვრების წესს, ღირებულებებს და წარმოდგენებს.
Gueorgui Pinkhassov
პინხასოვის განსაკუთრებული სტილი ყოველდღიურ სცენებს აბსტრაქტულ და სიურეალისტურ ფორმებში წარმოგვიდგენს. ყოველი სურათი ცნობიერების ვიზუალური ნაკადის ნიმუშია. პინხასოვის შთაგონების წყარო ჰენრი კარტიე ბრესონია, რომელმაც პირველად გამოიგონა “აქ და ახლა” მეთოდი ფოტოგრაფიაში.
“განსაკუთრებული ფოტოები შემთხვევითობებით იბადება. დიდებული ფოტოები ჩნდება მაშინ, როდესაც იცვლება ღირებულებები”.
მისი ხელწერაა კონკრეტული დეტალებისადმი ინტერესი, რომელსაც ანარეკლებისა და სინათლის მრავალფეროვნებით იკვლევს, რაც საბოლოო ჯამში ხშირად აბსტრაქციას უახლოვდება.
Harry Gruyaert
“ყველაფერი ფორმისა და სინათლის საკითხია”
თავიდან იყო ფერი და ფერი იყო ჰარი გრუიარტი. სამყარო თავის თავს ფერთა საშუალებით გამოხატავს. იმ ფოტოგრაფებს შორის, რომელთაც ამ ენაზე საუბარი ისწავლეს, ერთ-ერთი ჰარი გრუიარტია. ბელგიელი ფოტოგრაფი ძირითადად სხვადასხვა გარემოში კონტრასტული შუქებითა და ცოცხალი ფერებით მუშაობს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მის ნამუშევრებში ხშირად ვხედავთ ვარდისფრის ვარიაციას.
“მაოცებს დამთხვევები. არ მჯერა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შემთხვევითია”
Steve Mccury
ამერიკელი ფოტოგრაფი სტივ მაკქერი ცნობილია მისი მაცდური, ჩამაფიქრებელი შემოქმედებით, რომელიც ასახავს როგორც ადამიანურ ბრძოლას, ისე ბედნიერებას. მისი ნამუშევრები მოიცავს კონფლიქტებს, გამქრალ კულტურებს, ძველ ტრადიციებს, თანამედროვე კულტურის პეიზაჟებს.
“არ ვარ დარწმუნებული, რომ მშვენიერების გადაღებას ვცდილობ”.
“ავღანელი მონა ლიზას” შემქნელი ფოტოგრაფის ალბომში - Kaleidoscope: A World of Color წარმოდგენილია მისი განსაკუთრებულად ფერადი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომელშიც ვარდისფერი დომინირებს.
Ryan Mcginley
“ფოტოების გადაღება ჩემთვის მედიცინაა... ის ერთგვარი თავგადასავალია”.
ამერიკელი ფოტოგრაფის შემოქმედებაში გრავიტაციის კანონი არ მოქმედებს. მაკგინლის დღევანდელი ფოტოგრაფია ზღაპრული, ჯადოსნური კადრებისგან შედგება, რომელშიც ადამიანები ბუნებრივ პეიზაჟებში გვევლინებიან. მისი ნამუშევრები პოეტურ და სიზმრისეულ ესთეტიკას აღწერს, რომელიც აღიქმება, როგორც ახალგაზრდობის დღესასწაული, ამბოხი და სიცოცხლისუნარიანობა. კრიტიკოსთა თქმით, მისი ნამუშევრების განწყობა და ხასიათი მშვიდი და ხალისიანი, თითქოს მთელი სამყარო შესვენებაზეა…
Petra Collins
როგორც ფოტოგრაფი, არტისტი, რეჟისორი, მოდელი და Gucci-ს მუზა, შეიძლება ითქვას, რომ პეტრა კოლინსი უამრავი ცხოვრებისეული როლით ცხოვრობს. იგი ფემინისტური ახალი ტალღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რაც მის შემოქმედებაშიც ჩანს. ამერიკაში მცხოვრები კანადელი ფოტოგრაფის ხელწერა ოცნების მსგავსი, ჰაეროვანი და არაამქვეყნიურია. შეიძლება დროთა განმავლობაში მისი ნარატივები შეიცვალოს, თუმცა არსებობს თემები, რომლებიც მუდამ მეორდება მის ნამუშევრებში და ეხმიანება ქალთა გამოცდილების ავთენტურ ძიებას, ქალთა მზერას, სექსუალობას.
მისი ფოტოები მოთხრობილია ვარდისფერ ფერებში, თუმცა ღიად უპირისპირდება ქალთა სხეულების გამოსახვის სტანდარტებს და არღვევს საზოგადოდ აღიარებულ ნორმებს.
დაწერე კომენტარი