შოპინგის მოყვარულებმა უკვე კარგად იცით, რომ თბილისში არსებობს მაღაზიები,  სადაც ფეხსაცმლის მწარმოებელი მსოფლიო ბრენდების პრემიუმ ხარისხის პროდუქციის ყიდვაა შესაძლებელი. რაც მთავარია, იმავე ფასად და ხშირ შემთხვევაში უფრო იაფადაც კი, ვიდრე ამას ონლაინგამოწერისას ან უშუალოდ მოგზაურობისას შოპინგის დროს შეძლებდით.  სასიხარულო ფაქტია, რომ მსგავს მაღაზიებში უკვე ჩნდება პროდუქცია, რომელსაც MADE IN GEORGIA აწერია. ალბათ მიხვდით, ამ სტატიაში მაღაზია ATRIO-ზე  და მის ახალ პროექტზე ვისაუბრებთ, რომელიც ქართველ დიზაინერ  რუსო დანელიასთან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა.

ჩვენი ინტერვიუს მთავარი რესპონდენტიც  დიზაინერი რუსო დანელია იქნება.

რუსო, მოგვიყევით, პირველად საიდან გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროსადმი?

ბავშვობიდან კარგად ვხატავდი, მინდოდა, რომ აკადემიაში ფერწერის განხრით ჩამებარებინა, თუმცა  მივხვდი, რომ დიზაინი ჩემთვის უფრო ბევრის მომცველი იქნებოდა. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, ჩემმა მეგობარმა ფაბრიკა "ქართუში" გამართულ კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზა, სადაც იტალიელი სპეციალისტები საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას გვიზიარებდნენ. მახსოვს აკადემიიდან ბევრნი მივედით, მათგან კი მხოლოდ რამდენიმემ გავაგრძელეთ ეს საქმიანობა.

იტალიელ სპეციალისტებთან მუშაობის შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?

ამ წლებმა უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება მომცა, აკადემიაში ჩემი ფაკულტეტი დიზაინის ბევრ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა, იტალიელმა სპეციალისტებმა კი, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლეს და კიდევ უფრო შემაყვარეს ფეხსაცმლის დიზაინი. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მათთან მუშაობის დროს შანსი მომეცა მათი  ცოდნა და გამოცდილება გამეზიარებინა, მესწავლა მასალის გარჩევა ან თუნდაც დანადგარებთან მუშაობა, სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ დღეს ჩემი სახელოსნო, ჩემი პატარა ლაბორატორია, სრულიად გამართულად ფუნქციონირებს და საინტერესო, ზოგჯერ უცნაურ ნამუშევრებსაც ქმნის. ჩემი პირადი სახელოსნო 2000-იანი წლებიდან უკვე მქონდა, თავიდან მეგობრებთან ერთად "სანდალი" გავხსენი, შემდეგ უკვე დამოუკიდებელი წარმოება დავიწყე, რომელიც უკვე  დაახლოებით ოცი წელია, რაც წარმატებით ფუნქციონირებს.

როგორ ფიქრობთ, ვისთვის ქმნით თქვენს პროდუქციას, როგორია ადამიანი, რომელიც თქვენს ფეხსაცმელს ატარებს?

ის, ვისაც ხარისხიანი, თანამედროვე, გამორჩეული სტილის ფეხსაცმელი უყვარს. მე ჩემს ფეხსაცმელს "თბილისურს" და "ყველაფრულს" ვეძახი, ანუ ისეთ ფეხსაცმელს, რომელსაც ადამიანი ყველა სიტუაციაში გამოიყენებს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქართველ მომხმარებელს ძალიან კარგი გემოვნება აქვს. ზოგს არ შეუძლია, რომ  სხვადასხვა გარემოებისთვის შესაფერისი ათი ან ოცი ფეხსაცმელი ჰქონდეს და ამჯობინებს შეიძინოს ისეთი, რომელიც იქნება სადა და რომელსაც ყველა სიტუაციაში მოირგებს. სულ ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი ერთ ფეხსაცმელში ჩავტიო და ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომაც, ჩემს ნებისმიერ ნამუშევარს უპრობლემოდ შეიძლება მიანიჭო სხვადასხვა დატვირთვა. ამასთანავე ფეხსაცმელი მხოლოდ ნატურალური, ხარისხიანი მასალით იკერება, იკერება ინდივიდუალურად, მუშავდება ხელით და შესაბამისად, უძლებს დროსაც.

როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი ნიშანი, რაც ამ სფეროში სხვებისგან გამოგარჩევთ?

იმდენად მიყვარს ფეხსაცმელი, რომ ჩემი დამოკიდებულებიდან, პრინციპებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, მას ვერაფრით ვერ გავაფუჭებ და ამ ოცწლიან გამოცდილებას ერთი ხელის მოსმით  წყალში ვერ ჩავყრი, თუნდაც  იმიტომ, რომ ყოველი ფეხსაცმელი თავის დამოუკიდებელ ისტორიას და ამბავს ყვება.

რუსო, მოგვიყევით თქვენი და “ატრიოს” თანამშრომლობის შესახებაც, როგორ გაჩნდა იდეა და რით არის განსაკუთრებული ის კონკრეტული კოლექცია, რომელიც “ატრიოსთან” ერთად შეიქმნა?

ვფიქრობ, რომ ასეთი სერიოზული ბრენდების გვერდით ჩემი ნამუშევრების განთავსება, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია. რატომაც არა?  მეც და "ატრიოსაც" გვინდოდა ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ქართული და ხარისხიანი პროდუქცია შეგვექმნა და დაგვენგრია სტერეოტიპი, რომ ხარისხით მხოლოდ იტალიური ან ფრანგული ფეხსაცმელი გამოირჩევა. გემოვნებიანი მყიდველი თავად გადაწყვეტს, რა ურჩევნია, შესაძლოა ტრენდული ბრენდი ამჯობინოს, ეს მხოლოდ გემოვნების საკითხია, თუმცა ჩვენ გვინდა დავამტკიცოთ, რომ ქართულიც ნამდვილად ხარისხიანია და მათ შორის მასალის ხარისხსა და  შესრულებაში განსხვავება არ არსებობს, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ჩვენ, ქარხნულის ნაცვლად, ლიმიტირებული რაოდენობის ფეხსაცმელს ხელით ვქმნით.  ერთი და იმავეს ბევრჯერ გამეორება, ვფიქრობ, არც ჩემი, არც "ატრიოს" და არც იმ მყიდველის ინტერესებში არ შედის, ვინც  ჩვენს ფეხსაცმელს ირჩევს.


ახალ პროექტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ “ატრიოს” წარმომადგენელსაც:

„მოგეხსენებათ, ATRIO “დრესაპ ჯგუფში” შემავალი პრემიუმ ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიაა, რომელიც 2015 წელს გაიხსნა და დღემდე ინარჩუნებს მისი შექმნის იდეას: შესთავაზოს მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელი და აქსესუარები ადეკვატურ ფასად. 

გარდა უცხოურ, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობისა, მაგალითად,  Alexander McQueen, Y-3, N21, MSGM, Fabi, Doucal’s, Moreschi, Pollini, Vic Matie, Iceberg, ASH, Henderson, AGL და ა.შ., ჩვენი ჯგუფი ცდილობს მხარი დაუჭიროს ქართულ წარმოებას და ითანამშრომლოს ადგილობრივ ბრენდებთანაც. ბოლო წლების  განმავლობაში, შედგა რამდენიმე შეთანხმება და დღეს ჩვენს მაღაზიებში ფეხსაცმლის ქართულ ბრენდებსაც შეხვდებით, რომლებიც მაღალი ხარისხისაა, აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ხელმისაწვდომია არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, უკვე  ორ წელზე მეტია, რაც ATRIO-ში CROSTY-ის შეძენაა შესაძლებელი.  ისევე როგორც გუშინ და დღეს, სამომავლოდაც ვინარჩუნებთ სურვილს და მზაობას, ვითანამშრომლოთ ქართველ დიზაინერებთან თუ კომპანიებთან, რომლებიც ხარისხიან, სტანდარტების შესაბამის ქართულ პროდუქციას აწარმოებენ.

გვიხარია და გვეამაყება, რომ დღეს შეგვიძლია წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი პროექტი, ATRIO X RUSO DANELIA - რომელიც ნიჭიერ ქართველ დიზაინერ რუსო დანელიასთან ერთად განვახორციელეთ“.  

შეგახსენებთ, რომ მაღაზია “ატრიოს” აქვს სამი ფილიალი შემდეგ მისამართებზე: „სითი მოლი-საბურთალო“, „გალერია თბილისი“ და ი.ჭავჭავაძის გამზ. 29. ATRIO-სა და RUSO DANELIA-ს კოლაბორაციით შექმნილი პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ „სითი მოლში“ მდებარე ფილიალსა და ონლაინ dressup.ge-ზე იქნება შესაძლებელი.