ბრუკლინში მოღვაწე სკულპტორის მასშტაბური ნამუშევრები, რომლებიც მთლიანად ეთმობა შავკანიანი ქალების ისტორიასა და გამოცდილებას, 2022 წლის აპრილში გამოფენაზე აშშ-ს პავილიონს დაიკავებს.
მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ არტისტთა შორის ეს პატივი სწორედ ლეის, პირველ აფროამერიკელ ქალს ერგო წილად. ის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა ბიურომ აირჩია, მუზეუმის პროფესიონალებისა და მხატვრების რეკომენდაციით. მოქანდაკემ, რომლის ძირითად მასალასაც კერამიკა წარმოადგენს, განსხვავებულ სიმაღლეზე აიყვანა შავკანიანი ქალების შრომა და მათი სხეულები აფრიკული ტრადიციული ფორმებით, მაგალითად, დოქებით და ქვევრებით გამოსახა.
ბიენალეს პროექტის ფარგლებში, 52 წლის მოქანდაკე თანამშრომლობს ატლანტას უნივერსიტეტის ცენტრის ხელოვნების ისტორიის გუნდთან, რაც მიზნად ისახავს სასწავლებლის ცხოვრებაში შავკანიანი პროფესიონალების ჩართვას და მათი გამოცდილების გაზიარებას. ბოსტონის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი, Jill Medvedow, რომელიც ასევე ჩართულია ბიენალეს გამოფენის მზადებაში, სკულპტორის შესახებ ამბობს: „ჩვენს დროში არ შემეძლო მეფიქრა სხვა არტისტზე, რომელიც უფრო მეტად შეეფერება შეერთებულ შტატებს, ვიდრე ლეი. მისი იდეა არღვევს ამერიკის 400-წლიან ისტორიას“.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ბოლო ორი წარმომადგენელი ბიენალეზე - 2019 წელს - მარტინ პურიეარი და 2017 წელს - მარკ ბრედფორდი - ასევე შავკანიანი არტისტები არიან. შემდეგი ცერემონია 2021 წლის მაისში იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო ის ერთი წლით გადაიდო.
„რასაც დღეს ვხედავთ, აფროამერიკელი მწერლების, მხატვრების, ინტელექტუალებისა და შემოქმედების დაუჯერებელი აფეთქებაა და ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ სიმონე ამ აფეთქების ნაწილია. ის ათწლეულების განმავლობაში ბევრს შრომობდა და ქმნიდა საკუთარ ხელოვნებას. სწორედ მისი და მისი იდეების მნიშვნელობიდან გამომდინარეობს მიღებული გადაწყვეტილება“, - ამბობს ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი.
დაწერე კომენტარი