“რა გვაქვს საერთო?” - ასე ჰქვია თბილისის არქიტექტურის ბიენალეს  მეორე გამოშვებას, რომელიც 17 ოქტომბერს გაიხსნა. რეალობა, რომელმაც მთელი მსოფლიო უამრავი დაბრკოლების წინაშე დააყენა და რომელშიც ადამიანები ერთმანეთისგან იზოლირებულნი აღმოჩნდნენ, ახალ კითხვებს ბადებს. თბილისის არქიტექტურის  მეორე ბიენალე სწორედ იმ მოცემულობის ღრმად შესწავლას ისახავს მიზნად, რომელშიც დღევანდელი საზოგადოება აღმოჩნდა. გავლენები, რომელიც COVID-19-ის გავრცელებას მოჰყვა, დღეს კვლევის ახალი პერსპექტივაა და ამ შემთხვევაში საზოგადოებებში არსებულ საერთოობის საკითხს უკავშირდება.  საერთო სივრცეების მიმართ დაწესებული შეზღუდვები, მზარდი მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, უთანასწორობის ახალი ფორმები - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც თბილისის არქიტექტურის ბიენალეს  მეორე გამოშვების ყურადღების არეალში ექცევა. 


 

წელს თბილისის არქიტექტურის ბიენალე ახალი ფორმატით წარდგა დამთვალიერებლის წინაშე, რომლის მთავარი იდეაც ახალი  შეზღუდვების შესაძლებლობებად ქცევას გულისხმობდა. ბიენალეს მთავარი ციფრული პლატფორმა მისი ვებგვერდია, რომელიც გეოგრაფიულ შეზღუდვებს არ ცნობს. ათვლის წერტილი თბილისია, თუმცა ის რესურსი, რომლის მეშვეობითაც ხმა უფრო მეტ ადამიანამდე აღწევს, “საერთო არქიტექტურულ ბიენალეს” ქმნის, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანსა თუ ორგანიზაციას შეუძლია ჩაერთოს. Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან ერთად გთავაზობთ იმ ღონისძიებათა მცირე ჩამონათვალს, რომლებიც თბილისის მეორე არქიტექტურული ბიენალეს ფარგლებში არ უნდა გამოგრჩეთ. 





ფოტოგრაფი: სანდრო სულაბერიძე

მრავალფეროვანი პროგრამა სხვადასხვა უნიკალურ ფიზიკურ და ონლაინ პროექტებს, სალექციო სერიას,
არქიტექტურულ ტურებსა და ვორქშოფებს მოიცავს. “მარჯანიშვილის უბანი” სწორედ ის ფიზიკური პროექტია, რომელიც სპეციალურად თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მეორე გამოშვებისთვის შეიქმნა. პროექტი თბილისის იმ უბნის ისტორიის კრიტიკული, ირონიული და პოეტური ასპექტების გაცნობას ისახავს მიზნად, რომელიც ახლაც და ისტორიულადაც ქალაქის მარცხენა სანაპიროს ცენტრად ითვლება. ღონისძიებას თიბისი კონცეპტის სივრცე მასპინძლობს, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საარქივო მასალები: 1980-1990-იან წლებში უბნის რეკონსტრუქციის არქიტექტურული არქივი, 2000-იანი წლების თიბისის სათაო ოფისის შენობის სარესტავრაციო მასალები. მათ შორისაა ასევე ლიტერატურის მუზეუმში დაცული გალაკტიონის პირადი დღიურის ჩანაწერებიც, რომელთა ნახვას დამთვალიერებლები ორიგინალში შეძლებენ.




ფოტოგრაფი: გიორგი კოლბაია

ბიენალეს ფარგლებში 17 ოქტომბერს კიდევ ერთი უნიკალური ფიზიკური პროექტი
Dicho თბილისის პავილიონი გაიხსნა, რომლის ნახვასაც აუცილებლად გირჩევთ. Dicho თბილისის პავილიონი ნეიტრალურ საჯარო სივრცეს წარმოადგენს, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს ორ წერტილში - თბილისსა და მილანში მდებარეობს. პროექტის აქტივობები ყოველდღიურობის თემაზე ჩატარებულ ლექციებსა და ჩვეულებრივი ცხოვრების შესახებ გამართულ დებატებს მოიცავს. 

ფოტოგრაფი: გიორგი კოლბაია

 

თბილისის არქიტექტურული ბიენალეს ასევე ერთ-ერთი გამორჩეული ფიზიკური პროექტია Birzhastation, რომელიც 19 ოქტომბერს გაიხსნა. დროებითი ინსტალაცია თავშეყრის, გაერთიანების, მიკუთვნებისა და ინფორმაციის გაცვლის ადგილია, რომელიც პოსტსოციალურ სამყაროში ნეოლიბერალური იდეოლოგიის გამჭვირვალე არქიტექტურის არქეოლოგიურ კვლევას წარმოადგენს. ყოფილ აკადემქალაქში შექმნილი სივრცე, რომელიც “ბესედკის” ტიპისაა,  დისკუსიების, დებატებისა და ლექციების აქტიური პროგრამის მეშვეობით გახსნილობის, საჯაროობის, ინტიმურობისა და საერთოობის ზონას ქმნის, რომელშიც თბილისის პოლიტიკურ/ესთეტიკურ გამოცდილებაზე დაკვირვებაა  შესაძლებელი. 


 

აღსანიშნავია ასევე Common Waves - International Radio Collective - საერთო აუდიო სივრცე, რომელიც ბიენალეს ფარგლებში 3 კვირის განმავლობაში არქიტექტურის ყველა შესაძლო კონტექსტს განიხილავს და დასმულ კითხვებს ინტერვიუების, აუდიოდოკუმენტალისტიკისა და DIY რადიო ფორმატით გამოეხმაურება. ადგილობრივი პროექტებიდან ასევე განსაკუთრებით საინტერესოა Swimming Pool Project და There's Someone In My Playground But It’s Not Me, რომლებიც ახალგაზრდა ქართველი არტისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა და საჯარო სივრცის პრივატიზაციის, მისი რესურსებისა და მოწყობის სხვადასხვა კონტექსტებზე ამახვილებენ ყურადღებას. 





თბილისის არქიტექტურის ბიენალე წელს ბევრად უფრო გლობალური და მასშტაბურია, რასაც ისეთი ცნობილი არქიტექტურული ჟურნალებისა და გამოცემების მედიაპარტნიორობაც მოწმობს, როგორებიცაა: Dezeen, Archidaily, Archplus, Strelka Mag, Domus და The Funambulist Magazine. გარდა ამისა, TAB თანამშრომლობს სხვადასხვა გამორჩეულ არქიტექტურულ სტუდიოებთან და კოლექტივებთან
Chybik + Kristof-ის, C / O NOW Berlin-ისა და Studio Polpo-ს ჩათვლით. ამასთან, ბიენალეზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება მოუსმინოს (და ჩაერთოს კიდეც) მსოფლიოს იმ წამყვანი არქიტექტორების, ურბანისტებისა და პროფესორების ლექციებსა თუ დისკუსიებს, როგორებიც არიან პიტერ აიზენმანი, სტავროს სტავრიდესი, ლორენცო დელი ესპოსტი ლექციების სერიას წარუძღვებიან ასევე ქართველი არქიტექტორები და არტისტები, რომლებიც ქართული არქიტექტურის კრიტიკულ ანალიზს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით  წარმოადგენენ. 



თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მეორე გამოშვება, რომლის პარტნიორებიც წელს არქიტექტურული სტუდიოები და კოლექტივები - C / O NOW Berlin, Metalab და Maleem Skopje არიან, 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. ბიენალეს სრული პროგრამა მის ვებგვერდზეა განთავსებული,  სადაც დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ლექციების თემებს და ასევე დარეგისტრირდეთ დაგეგმილ ღონისძიებებზე. თბილისის არქიტექტურის ბიენალეს თანადაფინასებას უზრუნველყოფს ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა #creativeeurope