ლონდონში მოეწყო გამოფენა, სადაც თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრები Hermès-ის ჩანთებთან ერთადაა გამოფენილი. მიზანი ხელოვნებასა და მოდას შორის პარალელის გავლება და მათი  დაკავშირებაა.  


გამოფენა, სახელწოდებით The art of Hermès, 14 ოქტომბერს Omer Tiroche Gallery-ში, მეიფეარზე გაიმართა. Birkin და Kelly Hermès-ის ჩანთები   ენდი უარჰოლის, კრისტო და ჟან კლოდის და იაიოი კუსამას  ათი ნამუშევარის წინ არის  წარმოდგენილი. ჩანთები არც მოხატულია და არც შეცვლილი, თითოეული, უბრალოდ, ერთი ნახატის წინ არის  განთავსებული. გამოფენა Hermès-ის ყველაზე იშვიათ ჩანთებს უმნიშვნელოვანეს ნამუშევრებს უკავშირებს. გალერეაში გამოფენილი ნახატები  იყიდება,  ჩანთები კი არა. 

გამოფენის ორგანიზატორების  თქმით, თითოეული ჩანთა ისეთ ნამუშევართანაა დაწყვილებული, რომელიც მას ფერებით, სტილით ან ტექსტურით ჰგავს. მაგალითად, კრისტოსა და ჟან კლოდის 1989 წლის ნამუშევარი “ქოლგები” წარმოდგენილია “Kelly Cut” ლურჯ ჩანთასთან ერთად. 

მოდასა და ხელოვნებას შორის ურთიერთობა საკმაოდ მჭიდროა, ბევრი დიზაინერი ინსპირაციას ხელოვნებიდან იღებს. გამოფენის ორგანიზატორი ტიროშე ამბობს: “დააკვირდით უახლოეს კოლაბორაციებს Louis Vuitton-ისა და ტაკაში მურაკამის ან  იაიოი კუსამას შორის, ხელოვნება და მოდა ერთმანეთთანა გადაჯაჭვული”.