სტივენ შორი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფოტოგრაფია, რომელსაც განსაკუთრებით 70-იან წლებში ფერადი ფოტოგრაფიის გამოყენებისთვის აღიარებენ და პიონერადაც მიიჩნევენ. მისი ექსპერიმენტების ფართო სპექტრი საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. შორი კარიერის განმავლობაში ფოტოგრაფიის შესაძლებლობებს იკვლევდა და ავითარებდა.
იგი თავის ფოტოებში ყოველდღიურ სცენებსა და საგნებს გამოსახავს. ხელოვანი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ფოტოდღიურებით, ყოველდღიურობისა და მის გარშემო მყოფი ადამიანების, მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური სტილით გახდა.
სტივენ შორი 1947 წელს დაიბადა. იგი ფოტოგრაფიით ბავშვობიდან დაინტერესდა, 9 წლისას პირველი ფოტოაპარატი აჩუქეს, საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ენდი უორჰოლთან სტუდიაში მუშაობა დაიწყო. კარიერის დასაწყისში შორი ფოტოხელოვნების მედიუმის გაშლას ცდილობდა.
მას სურდა სხვა ფოტოგრაფების გავლენისაგან გათავისუფლება და ფოტოებით ინდივიდუალური სტილის წარმოდგენა. 1971 წელს 24 წლის სტივენ შორი მეორე ფოტოგრაფი გახდა, რომელსაც Met-ში პერსონალური გამოფენა მოუწყვეს, ამ პერიოდში ხელოვანი შავ-თეთრ ფოტოებზე მუშაობდა.
70-იანი წლების დასაწყისში შორიმ ფერადი ფოტოების გადაღება დაიწყო, ამ ფორმატით გადაღებულ სურათებს იმდროინდელი ხელოვანები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. მან ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი კადრების აღბეჭდვა გადაწყვიტა, მალევე აშშ-ს სამხრეთისკენ მიმავალ გზას გაუყვა, სადაც ორი თვის განმავლობაში არაფრით გამორჩეული შენობები, მთავარი ქუჩები, გზატკეცილების გადაკვეთები, სასტუმროს ოთახები, ტელევიზორის ეკრანები, ხალხის სახეები, ტუალეტები, აულაგებელი საწოლები, საკვები, ვიტრინები, წარწერები და სავაჭრო ნიშნები გადაიღო. ამ ცნობილ სერიას American Surfaces უწოდა.
70-იანი წლების მიწურულს შორიმ თანდათან ურბანული და გარეუბნის რაიონები მიატოვა და ბუნებაში გადაინაცვლა, დაიწყო ლანდშაფტების გადაღება. უამრავი ნამუშევრის დაგროვების შემდეგ, მან არაერთი წიგნი გამოსცა ოღონდ მცირე ტირაჟით. ეს წიგნები მისი შემოქმედების მინი-ვერსიებია, რომლებიც კარიერის ყველა ეტაპს აერთიანებს.
მისი ხელოვნება კონკრეტული საგნის ან ადგილის ამომწურავ შესწავლას, თანმიმდევრობისადმი ინტერესს, სახის უშუალობის ძიებასა და იუმორის გრძნობას მოიაზრებს. ამერიკელი ფოტოგრაფი სწორედ ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო ლეგენდად იქცა.
დოკუმენტური ფოტოგრაფიის განახლების მთავარი კატალიზატორის, სტივენ შორის ფოტოები სრულყოფილ ნეიტრალიტეტს აღწევს და მაქსიმალური სიცხადით, ჩარჩოების არარსებობითა და ბუნებრივი სინათლის პატივისცემით ხასიათდება. მისი დაუგეგმავი, ბუნებრივი და ლაღი ფოტოხელოვნება, რომელიც უამრავ სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქშია გადაღებული, მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.
დაწერე კომენტარი