იაპონური ბრენდის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის მთავარ იდეას, რომლის  ჩვენებაც დისტანციურად და მხოლოდ მცირეოდენი  სტუმრების თანდასწრებით  გაიმართა, „დისონანსი“ წარმოადგენს. 

სახელწოდება - “დისონანსი” კოლექციის შესახებ ბევრს ვერაფერს გვეუბნება, თუმცა ბრენდის განცხადებაში ვხვდებით ასეთ წინადადებას: „ადამიანის ტვინი ყოველთვის ეძებს რაღაც ჰარმონიულს და ლოგიკურს. როცა ჰარმონია უარყოფილია, იქ, სადაც არ არსებობს ლოგიკა, ჩნდება დისონანსი... იქმნება  მომენტი, რომელიც შინაგანი არეულობისკენ გიბიძგებს, რაც, შესაძლოა, წინ უძღოდეს პოზიტიურ ცვლილებასა და პროგრესს“. 

 

სწორედ ეს სიტყვები შეიძლება ჩაითვალოს იმის მტკიცებულებად, რომ რეი კავაკუბოს ეს კოლექცია 2020 წლის იმ მოვლენების პასუხია, რომლებიც მოკლებულია ჰარმონიასა და ლოგიკას, თუმცა, შეიძლება,  ცვლილებები და პროგრესიც კი გამოიწვიოს. ეს განწყობა ასახულია ტანსაცმელშიც, რომლის შესაქმნელადაც დიზაინერმა „მოულოდნელი“ და კონტრასტული ქსოვილები გამოიყენა. 

 

ჩვენებაზე არსებული წითელი განათება კარგად გამოხატავს შინაგან არეულობას, რასაც ემატება ქსოვილებზე მიკი მაუსის პრინტი,  პოლიეთილენი და კოპლებიანი პატერნები. ეს  ყველაფერი ერთ დიდ ქაოსს ქმნის, თუმცა, ამავდროულად, სითამამეს მატებს კოლექციას. 

აღსანიშნავია, რომ Comme des Garcon-ის დიზაინერების ოჯახის სხვა წევრებმა - ჯუნია ვატანაბემ და ნოარ კიი ნინომიამ - ასევე წარმოადგინეს თავიანთი  გაზაფხული/ზაფხულის 2021 წლის კოლექცია.