ადამიანური ღირებულებები, კულტურული ცვლილებები, უმნიშვნელო მოვლენებში გამკრთალი პოეტურობა და შავ-თეთრი კინემატოგრაფია მეოცე საუკუნეში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორის, ოთარ იოსელიანის შემოქმედების თანამდევი ელემენტებია. სწორხაზოვანი ნარატივის ნაცვლად, რეჟისორის დაწერილი ამბები ხშირად პატარა შემთხვევითობებსა და განსხვავებული იდეოლოგიის გმირებზეა აგებული. 1934 წელს თბილისში დაბადებული იოსელიანი თავდაპირველად კონსერვატორიაში, შემდეგ კი ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა საბოლოოდ კინემატოგრაფიით დაინტერესდა.
დადებითი, ხშირად იუმორისტული ჟანრის ნამუშევრების მაყურებლამდე მიტანა იოსელიანისთვის ყოველთვის რთული იყო, რადგან საბჭოთა ცენზურა მის ფილმებს არა მხოლოდ ზღუდავდა, არამედ პრინციპულად არ აღიარებდა. “ჩემი ფილმები არასოდეს შეიცავდა ანტისაბჭოურ გზავნილებს, მეტიც, მათზე დაკვირვებისას იფიქრებდი, რომ საბჭოთა ხელისუფლებას არასოდეს უარსებია”, ამბობს რეჟისორი. ასეთი სირთულეების გამო იოსელიანი გარკვეული პერიოდი საფრანგეთში მოღვაწეობდა.
რეჟისორი მუშაობდა როგორც სრულ, ისე მოკლემეტრაჟიან ფილმებზე. თავის ამბებში სიახლეებისა და არატრადიციულ ცვლილებათა აღწერის მიუხედავად, იოსელიანი გატაცებით აღნიშნავს, რომ უპირატესობას ფირზე მუშაობას ანიჭებს და კადრების ხატვას ფურცელზე ამჯობინებს. ”ყველაფერს ხელით ვაკეთებ, ყოველთვის”.
სამოციანების კინო-ტექნიკასა თუ მუშაობის სპეციფიკას რეჟისორი ახლაც დადებითად იხსენებს. მისი პირველი პროფესიონალური მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი - “აპრილი” (1961) მატერიალიზმის ერთგვარი კრიტიკაა და ორი ახალგაზრდა შეყვარებულის ურთიერთობას აღწერს. ახალ, ცარიელ ბინაში გადასული წყვილი ბედნიერია, სიყვარულის დამსახურებით, მათ სახლში წყალი და ელექტროენერგია უპრობლემოდ აქვთ, თუმცა მას შემდეგ, რაც ისინი ავეჯისა და უსარგებლო მოწყობილობების შეძენას დაიწყებენ, ურთიერთობა იძაბება, შეყვარებულები კი ერთმანეთს ვეღარ უგებენ. ფილმი გამოსვლისთანავე ცენზურის ჩარჩოებში მოექცა, იოსელიანის თქმით, “ის, ერთი მხრივ, ზღაპარს გვიყვებოდა, ზღაპრები კი იმდროინდელ სისტემაში განსაკუთრებული საფრთხის მატარებლებად აღიქმებოდნენ”.
თავის პირველ სრულმეტრაჟიან ნამუშევარში - “გიორგობისთვე” (1966), რეჟისორი მსუბუქად აღწერს ახალგაზრდა იდეალისტის იმედგაცრუებას სიყვარულსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მკვეთრი შავ-თეთრის გამოყენებით, იოსელიანი ფილმის პირველ წუთებში ღვინის დამზადების პროცესს აღწერს, რომელიც განსაკუთრებულად მომხიბვლელი ვიზუალით გამოირჩევა.
კითხვაზე, რატომ იღებდა უფრო ხშირად შავ-თეთრ ფილმებს, რეჟისორი ამბობს: ”შემოქმედებითი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, შავ-თეთრი კინემატოგრაფია ახლაც საუკეთესოა. ძალიან სასიამოვნო საყურებელია. აზრი ბევრად ხელმისაწვდომია, ფერები კი დომინანტური”. იოსელიანის შემოქმედების კიდევ ერთი სახასიათო ელემენტი კამერის დინამიკური მოძრაობაა. ქუჩაში მორბენალი გმირების კადრზე ასახვა რეჟისორისთვის უცხო არაა, კამერა პერსონაჟებს ჰარმონიულად მიჰყვება, რაც, საბოლოოდ, სცენას ეფექტური მეთოდით - “მესამე პირის პერსპექტივიდან” დაგვანახვებს.
ირონიისა და იუმორის ერთობლიობით გამოირჩევა რეჟისორის შემდეგი ნამუშევარი “იყო შაშვი მგალობელი” (1970), რომელიც უკონტექსტოდ აღწერს ახალგაზრდა მუსიკოსის, გიას, ცხოვრების რამდენიმე დღეს. თბილისის ქუჩები, ბუნებრივი ხმები და მოუსვენარი მოქმედი გმირი, რომელიც თეატრში მუშაობს, მეგობრიდან მეგობრის მოსანახულებლად დადის და ყველა პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს. ერთი შეხედვით მარტივი ამბავი, სინამდვილეში, ადამიანის ცხოვრებაში დროის, ურთიერთობების, ხელოვნებისა და მუსიკის ფასს ეხება.
მეზობელი ფანჯრიდან გამომავალი ჰანგები, ქუჩის მუსიკოსები, სხვენზე შემომსხდარი მესალამურეები თუ მეგობრების დაკრული სიმღერა… მუსიკა იოსელიანის შემოქმედების განუყრელი ნაწილია, თუმცა ამასთანავე რეჟისორი მას მხოლოდ გარკვეული ფორმით იყენებს. “ყოველთვის ვცდილობ ჩემს ნამუშევარში მხოლოდ მაშინ გამოვიყენო მუსიკა, როდესაც ის ან ფანჯრიდან ისმის ან კადრში მყოფი გმირები უკრავენ. მუსიკა ჩემთვის არასოდესაა სიუჟეტის განმარტებითი ხერხი”.
იოსელიანის მომდევნო ნამუშევარი - “პასტორალი” (1975) უცხო სოფელში ჩასულ მუსიკოსთა ჯგუფს ეხება, რომლებიც განსხვავებული ხედვის გამო, სოფლის მოსახლეობას ვერაფრით ეწყობიან. ხანგრძლივი კადრებით რეჟისორი მთაში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას აღწერს, თემატურად კი კულტურულ კონფლიქტს ეხება.
იოსელიანის შემოქმედებაში მთავარი გმირები ხშირად ჩამოუყალიბებელი, დაბნეული ახალგაზრდები არიან, რომლებსაც თავიანთი ექსცენტრიკული ბუნების მიუხედავად, მტკიცე პრინციპები და ხედვა გააჩნიათ. მოვლენათა ცენტრი კი ძირითად შემთხვევებში პატარა სოფელი ან სხვადასხვა თაობის ადამიანებით დასახლებული უბანია. ერთი რამ, რაც რეჟისორის ნამუშევრებს ახასიათებთ ისაა, რომ ვერასოდეს იტყვი დაზუსტებით, ამბავი საქართველოში ვითარდება, საფრანგეთში თუ იტალიაში. ვიწრო, ევროპული ქუჩები და მათში მცხოვრები გმირები თბილისს მოგვაგონებს, ამავდროულად კი, თავისუფლად შეიძლება სხვა ქვეყნის ნაწილი იყოს.
მისი პირველი ფრანგული სრულმეტრაჟიანი ფილმი - “მთვარის რჩეულნი” 1984 წელს ვენეციის კინოფესტივალის “ჟიურის პრიზის” გამარჯვებული გახდა. ნამუშევარი იოსელიანის პირველი ფერადი ფილმია და ჟანრობრივად სატირულ კომედიას მიეკუთვნება. არასტანდარტული ნარატივის მქონე ამბავი ოთხმოციანების პარიზულ ცხოვრებას, მოქალაქეების სურვილებსა და მათ საერთო, გადამკვეთ გზებს ეხება.
1992 წლის ფილმიც - “პეპლებზე ნადირობა” იოსელიანმა საფრანგეთში ყოფნისას შექმნა. ნამუშევარში რეჟისორი “ისტორიკოსის” როლში გვევლინება, ფილმში მიმდინარე მოვლენებსა და გმირებს დისტანციურად, თუმცა დეტალურად აკვირდება, თანაგრძნობით გადმოგვცემს დიდგვაროვანთა ოჯახის თანამედროვეობასთან ადაპტაციას და მათ ურთიერთკავშირს შავკანიან იმიგრანტებთან. “პეპლებზე მონადირე” გმირთა სიჭარბით, პოეტური ტონითა და განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩევა. გარდა ფერადი ფილმებისა, საფრანგეთში რეჟისორმა მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ პროექტებზეც იმუშავა.
მისი შედარებით ახალი ნამუშევარი - “შანტრაპა” 2010 წელსაა გადაღებული და თემატურად შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვასა და საკუთარი ხმის საზოგადოებამდე მიუწვდომლობას ეხება. ფილმში რეჟისორი, წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საბჭოთა პრობლემატიკას შეეხო, ჟანრობრივად კი ამბავი სატირულ დრამად აქცია. ამავე წელს ნაშრომმა მარ-დელ-პლატას საერთაშორისო კინოფესტივალზე “ჟიურის პრიზი” მიიღო.
რეჟისორის უახლესი ნამუშევარი - “ზამთრის სიმღერა” (2015) ორი მეგობრის ქალაქური თავგადასავლების ფონზე, ადამიანთა მახინჯ მხარესა და ცხოვრების აბსურდულობას პესიმისტური თვალით გვიჩვენებს, თუმცა ამგვარი ტონის მიუხედავად, არასოდეს კარგავს სიმსუბუქისა და უდარდელობის შეგრძნებას. ფილმის ნარატივი თეთრ ლექსს მოგვაგონებს, რადგან ერთდროულად იოსელიანისთვის საინტერესო უამრავ მოვლენას აერთიანებს. ამბავში ფრანგული რევოლუციის გარდა, რუსეთ-საქართველოს ომს, შემდეგ კი თანამედროვე ქალაქური ცხოვრების აღწერასაც შეხვდებით. ნაშრომი ამავე წელს ლისაბონ-ესტორილის კინოფესტივალზე “ჟიურის პრიზის” მფლობელი გახდა.
იოსელიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში იყო რეჟისორი, მემონტაჟე, სცენარისტი და რეჟისორის ასისტენტიც კი. ის ასევე საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრია. 1999 წელს თავისივე ფილმში - “მშვიდობით, მშობლიური მიწავ!” რეჟისორმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ფილმს ბერლინისა და ვენეციის კინოფესტივალებზე სპეციალური პრიზი მიენიჭა.
მრავალწლიანი მოღვაწეობისა და სირთულეებით დატვირთული შემოქმედებითი გზის შემდეგ, ოთარ იოსელიანი უნივერსალურობას ინარჩუნებს, მისი ფილმები კი ადამიანურ გამოცდილებაზე აგებული, ანტიკონფორმისტული ხასიათის პოეტური ამბებია, რომლებიც განსხვავებული ხედვისა და კულტურული კონფლიქტის ურთიერთკავშირზე საუბრობენ.
დაწერე კომენტარი