გოდარიდან კუბრიკამდე - ოსკარის მფლობელი კინორეჟისორი და სცენარისტი სოფია კოპოლა საყვარელი ფილმების სიას გვიზიარებს. კამერები, კინო-განათებები, გადამღები ჯგუფი - სოფიასთვის ეს ჩვეული გარემოა. მისი ცხოვრება ადრეული ასაკიდანაა კინოსამყაროსთან დაკავშირებული, შეიძლება ითქვას, რომ ის კინოს წიაღში გაიზარდა.
სოფია კოპოლა ბავშვობაში მსახიობის ამპლუაშიც კი აღმოჩნდა, რეჟისორი მამის - ფრენსის კოპოლას ფილმში - “The Godfather”. წლებთან ერთად კი რეჟისორმა და სცენარისტმა საკუთარი შთამბეჭდავი ფილმოგრაფია შექმნა.
სოფიას საყვარელი ფილმების სია ჟან-ლიუკ გოდარს, სტენლი კუბრიკს, მიქელანჯელო ანტონიონსა და კიდევ სხვა შესანიშნავ რეჟისორებს მოიცავს, რომელთა შემოქმედებამაც მისი ხედვის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა.
სოფია კოპოლა საკუთარ ფილმებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მაყურებელს მზა მესიჯებს არასდროს აწვდის. თითოეული ადამიანი, ვინც მის ფილმს ნახავს, განსხვავებული აზრის მატარებელი იქნება, ეს აზრები კი შესაძლოა წინააღმდეგობრივი იყოს.
“არასოდეს მეგონა, რომ ჩემი რომელიმე ფილმი ჯილდოს მიიღებდა”, - ამბობს სოფია, რომელმაც 2004 წელს “Lost in Translation”-ის საუკეთესო სცენარისთვის ოსკარი მიიღო.
თუ შთაგონების წყაროს ეძებთ, ან, უბრალოდ, კარგი ფილმის ყურებით გინდათ ისიამოვნოთ, ეს შესანიშნავი სია თქვენთვისაა:
1. Breathless (1960)
მთავარი გმირი, მიშელი გატაცებული მანქანის ტარებისას იმპულსურად პოლიციელს კლავს. ამის შემდეგ ის მეგობრის - პატრიციას ბინაში იმალება. როდესაც პატრიცია შეიტყობს, რომ მიშელს მკვლელობის გამო ეძებენ, დაეჭვდება და მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს.
ფილმზე საუბრისას სოფია კოპოლა ამბობს: “ვფიქრობ, რომ ამ ფილმით ფრანგული კინოს ახალი ტალღის თავისებურებასა და საინტერესო დეტალებს შეიგრძნობ”.
2. Rumble Fish (1983)
ფილმი ახალგაზრდების ბანდის ლიდერის - რასტი ჯეიმსის ისტორიაზე მოგვითხრობს, ის ახალი გამოწვევების წინაშე დგება, როდესაც მისი უფროსი ძმა ქალაქში ბრუნდება.
Rumble Fish-ზე საუბრისას სოფია აღნიშნავს: “მე მომწონს, რომ ეს ფილმი თინეიჯერებზეა, მაგრამ, ამავდროულად, არტ-ჰაუსიცაა. მომწონს Zeiss-ის ძველი ლინზები, მათი მეშვეობით გამოსახულება უფრო რბილი ხდება. (სწორედ ამ ლინზებით გადავიღეთ ფილმი - “Somewhere”) მე და ჩემს ძმას ამ ფილმთან გარკვეული სენტიმენტებიც გვაკავშირებს”.
3. La Notte (1961)
მიქელანჯელო ანტონიონის 1961 წლის დრამაში ინტელექტუალი წყვილის რომანტიკული კონფლიქტი ცოცხლდება. დღე-ღამის განმავლობაში ნოველისტისა და მისი ცოლის ცხოვრება ჩანს, სადაც მათი ურთიერთობა ნელ-ნელა ირღვევა.
4. The Piano (1993)
ფილმი მეცხრამეტე საუკუნის სიყვარულის ისტორიაზეა. ამავდროულად, ეს არის პიანისტი ქალის მარტოობის ამბავი, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია და სამყაროსთან კავშირს ფორტეპიანოს დახმარებით ამყარებს.
5. Lolita (1962)
ფილმის მთავარი გმირი, ჰუმბერტ ჰუმბერტი განქორწინებული ბრიტანელი, ფრანგული ლიტერატურის პროფესორი და ნოველისტი, მასწავლებლად პატარა ამერიკულ ქალაქში ჩადის. ამერიკული კულტურის ვულგარულობით პროფესორი გაკვირვებული და ამავდროულად, მოხიბლულია.
“მიყვარს კუბრიკი. მომწონს, თუ როგორ აგებს ის ამ ფილმის კომპოზიციას. მაგალითად, მომწონს ავტოკინოთეატრის სცენის გადაწყვეტა”. - სოფია კოპოლა.
6. Tootsie (1982)
ცნობილი კომედია წარუმატებელ მსახიობზე მოგვითხრობს, რომელსაც რთული ხასიათის გამო ცუდი რეპუტაცია აქვს. სამსახური, რომელსაც ის იპოვის, ქალის როლის მორგებას ავალდებულებს, ამ მომენტიდან მისი ცხოვრებაც იცვლება.
7. Stranger Than Paradise (1984)
ნიუიორკელი ვილის უღიმღამო ცხოვრება იცვლება, როდესაც მისი უმცროსი დეიდაშვილი უნგრეთიდან მოულოდნელად ესტუმრება. ფილმი ვილის, ევას და ედის უცნაურ, არაპროგნოზირებად თავგადასავალზეა ნიუ იორკში, კლივლენდსა და ფლორიდაში.
8. Sixteen Candles (1984)
80-იანი წლების კომედიის მთავარი გმირი - 15 წლის სამანტა სკოლაში ყველაზე პოპულარულ ბიჭზეა შეყვარებული. მისი დის ქორწილის სამზადისის გამო, სამანტას მეთექვსმეტე დაბადების დღე ყველას გადაავიწყდება.
“მოზარდობის ასაკში ჩემი საყვარელი ფილმი იყო, დღემდე ხშირად ვუყურებ, როდესაც ამის საშუალება მაქვს”, - ამბობს სოფია.
9. The Last Picture Show (1971)
The Last Picture Show-ზე საუბრისას სოფია ამბობს: “ეს, უბრალოდ, საუკეთესო ფილმია.”
1951 წელს საშუალო სკოლის მოსწავლეები, თითქმის სრულწლოვანები, ტეხასის პატარა უღიმღამო ქალაქში ცხოვრობენ. ამ ქალაქში კულტურული და ეკონომიკური ცხოვრება ნელ-ნელა ქრება.
10. The Heartbreak Kid (1972)
მთავარი გმირი ცოლთან ერთად თაფლობის თვეს ატარებს. მოგვიანებით მამაკაცი რწმუნდება, რომ მისი ქორწინება შეცდომა იყო და ცდილობს, ახლად გაცნობილი ქერათმიანი კელის გული დაიპყროს.
დაწერე კომენტარი