ოდრი ჰეპბერნის შემოქმედება არაჩვეულებრივი სტილითა და სინაზით გამოირჩევა. მისი ფილმები, გარდა სახალისო და საინტერესო შინაარსისა, კოსტიუმების მრავალფეროვნებითა და ელეგანტურობით ხასიათდება. გთავაზობთ ოდრი ჰეპბერნის რამდენიმე ფილმს, რომელიც ელეგანტური სამოსით და ინოვაციური სტილითაა სავსე.
Sabrina, 1954
ჰეპბერნი ამ ფილმში მორცხვი, გაუბედავი ქალის როლს ირგებს, რომელიც მოგვიანებით პარიზული, ელეგანტური სტილის მქონე, თამამ ქალად იქცევა. ჰოლივუდის ცნობილმა კოსტიუმების დიზაინერმა ედიტ ჰედმა ამ ფილმში ჰეპბერნისთვის მრავალფეროვანი სამოსი შექმნა, დაწყებული დაბალქუსლიანი ფეხსაცმლიდან, კოქტეილის სამოსით დამთავრებული. ფილმის მთავარი ლეგენდარული კაბა კი იუბერ დე ჟივანშის ეკუთვნის. მსახიობმა და დიზაინერმა ამ ფილმში პირველად ითანამშრომლეს, მათი მეგობრობა სწორედ „საბრინას“ გადასაღებ მოედანზე დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.
Funny Face, 1957
წიგნის მაღაზიის მორცხვი თანამშრომელი და ფოტოგრაფი, რომელმაც ოდრის გმირში მოდელი დაინახა - ეს ფილმი ამ ორ ადამიანზეა, რომლებსაც ერთმანეთი უყვარდებათ. ერთ-ერთ სცენაში მსახიობი პარიზის ღამის კლუბში ცეკვავს, მას შავი სადა შარვალი, ბლუზა და ასევე შავი დაბალძირიანი ფეხსაცმელი აცვია, ამ სამოსითაც კი განსაკუთრებული დახვეწილობა და ელეგანტურობა იგრძნობა. ფილმის კოსტიუმები Geek Chic-ისა და პარიზული სტილის სრულყოფილ ნაზავს ქმნის, რაც გენიალური დიზაინერის, ჟივანშის დამსახურებაა.
Breakfast at Tiffany's, 1961
„საუზმე ტიფანისთან“ მსახიობის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია, რომელიც მაყურებელს ლეგენდარული კოსტიუმების მრავალფეროვნებითა და დახვეწილობითაც ამახსოვრდება. ეს ფილმი კოსტიუმის დიზაინისა და კინემატოგრაფიის სამყაროს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამშრომლობაა. ფილმის პირველივე სცენაში ჰეპბერნს, კრუასანითა და ყავით ხელში, ტიფანის ფანჯრებთან ვხედავთ, მას ჟივანშის შავი სადა კაბა აცვია, გულზე მარგალიტები, შავი საოპერო ხელთათმანი და სათვალე ამშვენებს. ფილმში უამრავი აბრეშუმის შარფი და ლამაზი აქსესუარი გვხვდება. მას შემდეგ, რაც მსახიობმა თითქმის ყველა ფილმში ჟივანშის კოსტიუმები მოირგო, თქვა: „მისი სამოსი არის ერთადერთი, რომელშიც მე მე ვარ, ის ბევრად მეტია, ვიდრე დიზაინერი, ის პიროვნებას ქმნის“. მათი გემოვნება ემთხვეოდა, ოდრი განსაკუთრებულად კომფორტულად თავს სწორედ მის სამოსში გრძნობდა. კარიერის ბოლომდე მათი თანამშრომლობის მიზეზი სწორედ გემოვნებაში თანხვედრა გახდა, ლეგენდარული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი კი ეს ფილმია.
Charade, 1963
ჰეპბერნი ფილმში - „შარადა“ 60-იანი წლების ულამაზეს, ელეგანტურ მუზას წარმოადგენს. ჰეპბერნის გმირი ქმრის მისტიკურ გაუჩინარებას იძიებს, გამოძიების პროცესში კი საქმეები ძალიან იხლართება. დიდი ზომის სათვალეები, ფერადი ქურთუკები, ლეოპარდის პრინტი, პატარა მარგალიტის საყურეები და თავსაბურავები - ფილმში ყოველივე ეს ისევ და ისევ ჟივანშის დიზაინითაა წარმოდგენილი. „შარადაში“ მოდის უამრავ ისეთ ელემენტს აღმოვაჩენთ, რომელიც დღემდე აქტუალურია.
How to Steal a Million, 1966
ფილმის კოსტიუმებისთვის 30000 ამერიკული დოლარი გამოიყო. ჟივანშიმ საღამოს კაბებით, მაქმანიანი ნიღბებითა და პლასტმასის სათვალეებით კინოს კოსტიუმებს სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა და დატვირთვა მიანიჭა. „როგორ მოვიპაროთ მილიონი“ 60-იანი წლების მოდის არაჩვეულებრივი მაგალითია. ჰეპბერნის მაკიაჟი, კოსტიუმი და მისი სამსახიობო ნიჭი დაუვიწყარ სანახაობას ქმნის.
Two for the Road, 1967
ფილმი დაქორწინებული წყვილის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ცდილობენ მრავალწლიანი ქორწინება შეინარჩუნონ. მოვლენები სხვადასხვა დროში მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ ამ ფილმში განსაკუთრებით მრავალფეროვანი კოსტიუმები გვხვდება. “ორნი გზაზე” თითქმის ყველა თანამედროვე ტრენდს აერთიანებს - დიდი საყურეები, ვარდისფერი შორტები, დიდი ზომის ფერადი სათვალე, მარტივი ზოლებიანი მაისური და კიდევ ბევრი რამ. ვერცხლისფერი კაბა, რომელიც ფილმში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია, პაკო რაბანის მიერაა შექმნილი. ამ და სხვა მიზეზების გამო ფილმის კოსტიუმის დიზაინი დროს ნამდვილად უსწრებდა.
ოდრი ჰეპბერნის პერსონალური სტილის ჩამოყალიბებაში იუბერ დე ჟივანშიმ დიდი როლი ითამაშა, თუმცა, ფაქტია, რომ მსახიობს ნამდვილად გამორჩეული გემოვნება ჰქონდა. ოდრიმ არა მარტო კინოს, არამედ მოდის ისტორიაც შექმნა, რომელიც თანამედროვე, ინოვაციური და ამავდროულად, დახვეწილი, ელეგანტური იყო. ოდრი ჰეპბერნი სიცოცხლეშივე ნამდვილ ლეგენდად იქცა და მისი სახელი დღემდე ყველა თაობის წარმომადგენლისთვის ცნობილია
დაწერე კომენტარი