ბავშვობიდან სასტუმროში დიდ ყურადღებას ვაქცევდი დეტალებს. ადგილმდებარეობა, არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, ხედი, სერვისი, გემო - ყველაფერს მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან კომფორტს ჩემთვის სწორედ დეტალების ერთობლიობა ქმნიდა და ეს პატარაობიდანვე გავიაზრე.
View this post on Instagram
ჩემი გონება ტეტრისივითაა, ყველა დეტალი ერთმანეთს უნდა მოერგოს, სხვანაირად კმაყოფილი არ ვარ. თუმცა, მაშინ როდესაც საქართველოში ტეტრისი პოპულარული იყო, არაფერი ერთმანეთს არ ერგებოდა, მით უმეტეს, მომსახურების სფეროში. ზოგადად, პოსტსაბჭოთა საქართველოში მომსახურების სფეროს არანაირი გაგება არ არსებობდა. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო კურორტებზე.
თხილამურებზე სრიალი 5 წლის ასაკში დავიწყე და ზამთრის კურორტებს ყოველწლიურად ვსტუმრობდი. კარგია, რომ მაშინ ბავშვი ვიყავი და ბოლომდე ვერ აღვიქვამდი არსებულ რეალობას, თუმცა კომბინირებული პიცა და მარკეტის მაიონეზიანი სალათები დღემდე ცუდად მახსოვს. შემდეგ გარკვეული პერიოდი არც ბაკურიანში დავდიოდი და არც გუდაურში. რატომღაც მეგონა, რომ იქ ყველაფერი ისევე იცვლებოდა, როგორც თბილისში. თუმცა, რამდენიმე წლის წინ გუდაურს ვესტუმრე და მივხვდი, რომ ვცდებოდი, სიტუაცია დაახლოებით იგივე იყო, რაც ადრე. კურორტზე ფაქტობრივად არ მოიძებნებოდა კაფე ან რესტორანი, სადაც შეძლებდი გემრიელი კერძების დაგემოვნებას. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ შეფმზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე გუდაურში რესტორანს ხსნიდა. გამიხარდა, რადგან ვფიქრობ, რომ თეკუნას მსგავს შეფებს შეუძლიათ არსებული მდგომარეობა შეცვალონ. მალევე Hammock სასტუმრო “გუდაური ლოჯმა” ვიდეოს გადასაღებად მიიწვია. ზოგადად, ჩვენი ჟურნალი მხოლოდ მაღალი ხარისხის და საინტერესო კონცეფციის მქონე ბრენდებთან თანამშრომლობს, ვიცოდი, რომ “გუდაური ლოჯიც” ასეთ ბრენდს წარმოადგენდა, თუმცა დეტალები ჩემთვის უცნობი იყო.
დილას გუდაურისკენ ადრე დავიძარით, რომ ჩავედით, ჯერ კიდევ საუზმის დრო იყო. რესტორანში შესულს ძალიან მეცნო იქაური ინტერიერი, დავინახე ნაცნობი მაგიდები, სკამები, სანათები, კედელზე ჩამოკიდებულმა ნახატმაც რაღაც ნაცნობი მომაგონა. მალევე მივხვდი, რომ თეკუნა გაჩეჩილაძის კულინარიუმ “ხაშერიაში” ვიყავი. ტეტრისის პირველი ზოლი აეწყო, სასტუმროში ასეთი შეფის რესტორანი ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა. თვალი მომჭრა ახალგამომცხვარი პურისა და მურაბების კუთხემ. იქვე, ღია სამზარეულოში, მზარეული ბლინებს აკეთებდა, ინგრედიენტები თავად შეგეძლოთ აგერჩიათ - შოკოლადი თუ ხილი, თუ ორივე ერთად.
View this post on Instagram
საუზმე დღის მნიშვნელოვანი დასაწყისია, განსაკუთრებით მთის კურორტზე. “გუდაური ლოჯში” საუზმე კარგი დღის დასაწყებად ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ყველაზე პრეტენზიული დამსვენებლისთვისაც კი. გამოგიტყდებით, ჩემი საყვარელი წვენი პომიდვრისაა, ლიმონით, მარილით, წიწაკითა და ცოტა ტობასკოთი. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ერთ-ერთ დახლზე ჩემი საყვარელი წვენი და ინგრედიენტები გვერდიგვერდ დამხვდა. ევროპის ბევრ კარგ სასტუმროში ვყოფილვარ, თუმცა არ მახსენდება, რომ ჩემი საყვარელი კომბინაცია სადმე საუზმეზე ასე გამზადებული დამხვედროდა. “გუდაური ლოჯის” კულინარიუმ “ხაშერია” გემრიელი საუზმის გარდა ძირითადი კერძების მენიუთიც გამოირჩევა, განსაკუთრებულია პიკანტური ხაში, რომელიც სპეციალურად “გუდაური ლოჯისთვის” შეიქმნა. ხაში ნამდვილად ამართლებს სახელწოდებას და ვფიქრობ, ზედგამოჭრილია ზამთრის კურორტისთვის.
გარდა პიკანტური ხაშისა, სტარტერად გირჩევთ დააგემოვნოთ ბადრიჯნის, ისპანახის და გაწურული მაწვნის დიპების ტრიო, ძირითად კერძად ჩაქონდრილი, ხოლო დესერტად პანა კოტა კაკლის მურაბითა და ნიგვზით. ეს ყველაფერი შეგიძლიათ რესტორნის ტერასაზე მიირთვათ, საიდანაც სასიამოვნო ხედი იშლება გუდაურსა და თოვლიან მთებზე. აქვეა Apres Ski Bar-ი, სადაც სრიალის შემდეგ შეგიძლიათ კომფორტულად მოკალათდეთ და გლინტვეინი ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სასმელი მიირთვათ.
View this post on InstagramVery nice concept store in @gudaurilodge #gudaurilodge 👌🏻 #wesanderson #grandhotelbudapest
გადავინაცვლოთ სასტუმროს ლობიში, სადაც რამდენიმე საინტერესო სივრცეა მოწყობილი. ჩემთვის ყველაზე საინტერესო და მოულოდნელი სამთო-სათხილამურო თემაზე შექმნილი კონცეპტუალური მაღაზია იყო. არ მეგონა, თუ ზღვის დონიდან 2800 მეტრზე, გუდაურში, კონცეპტუალურ მაღაზიაში აღმოვჩნდებოდი, სადაც ნივთები გემოვნებითაა შერჩეული. უეს ანდერსონის ფილმის, "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის" სცენარის მიხედვით გამოცემული წიგნიდან დაწყებული, ქართველი დიზაინერის, თამრას სნოუბორდის დაფებით დამთავრებული, მაღაზიაში ბევრ საინტერესო, ლამაზ და ხარისხიან ნივთს აღმოაჩენთ. სასიამოვნოა კონცეპტუალური მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს განთავსებული ენოთეკა, სადაც 150-ზე მეტი დასახელების პრემიალური ქართული ღვინის დაგემოვნება შეგიძლიათ. მათ შორის მცირე მარნების ბიოღვინოებისაც, მაგალითად, ენოთეკაში აღმოვაჩინე ჩემი საყვარელი მარნის - "ფაფრის ველის" ბიოღვინო.
აქვეა განთავსებული ლობი-ბარი, სადაც უგემრიელეს კოქტეილებს ამზადებენ. ლობიშივეა სკიდეპო, სადაც გარდა საკუთარი ინვენტარის შენახვისა, შეგიძლიათ ახალი, მაღალი ხარისხის სათხილამურო აღჭურვილობა და აქსესუარები იქირაოთ. ეს ადგილი დამსვენებლისთვის ნამდვილად დიდი კომფორტია, რადგან ფაქტობრივად ყველაფერს, რაც ზამთრის კურორტზე შეიძლება დაგჭირდეთ, სასტუმრო გიგვარებთ. საინტერესოა თავად ლობის ინტერიერის დიზაინიც - 30-იანი წლებში მოქარგული ხალიჩები, ჰაერში გამოკიდებული ბუხარი, ფოტოგრაფ ირაკლი ბლუიშვილის გადაღებული მთის ფოტოები და ქოთნის პალმები. ისევე როგორც “ხაშერიას”, ლობისაც აქვს თავისი ტერასა მომაჯადოებელი ხედებით.
თუმცა, რა თქმა უნდა, სასტუმროში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ოთახებია. სტანდარტული ოთახი “გუდაური ლოჯში” საკმაოდ კომფორტულად და მყუდროდ გამოიყურება, სადა დიზაინითა და ავეჯით. აღვნიშნავ ერთ პატარა დეტალს, რამაც ჩემი მოწონება დაიმსახურა. ეს არის ქართული წარმოების Before ski და After ski ყავა და ჩაი, რომლებიც ოთახში გხვდებათ.
სრიალის შემდეგ შეგიძლიათ ესტუმროთ სასტუმროს აუზსა და სპას. ორთქლისა და მასაჟის ოთახი, ფართო აუზი პანორამული ხედებით და რაც მთავარია ღია ჯაკუზი. ღია ჯაკუზი ჩემს გონებაში ტეტრისის ბოლო ხაზის შევსება იყო. ეს დეტალი ნამდვილად განსაკუთრებულ მომხიბვლელობას მატებს სასტუმროს.
“გუდაური ლოჯი” ნამდვილად წარმოადგენს იმ დეტალების ერთობლიობას, რომელიც კომფორტს ქმნის დამსვენებლისთვის. მეტიც, ეს არის სასტუმრო, რომელიც მოლოდინს აჭარბებს.
დაწერე კომენტარი