ანკა ციციშვილი მოდის სამყაროში ცნობადი სახეა. მის ინტერვიუებსა და ფოტოსესიებს ხშირად შეხვდებით წამყვან მოდის ჟურნალებსა და ბლოგებზე. ის აგრეთვე INDEXflat Concept Store-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ.







მოგვიყევი “INDEXflat”-ის შესახებ…


INDEXflat-ი ჩემი ცხოვრების საუკეთესო შემთხვევითობაა. არასდროს მიტაცებდა მოდა, უბრალოდ ვიყავი გოგო, რომელსაც უყვარდა კარგად ჩაცმა და შანსი მიეცა, რომ ყოფილიყო ზუსტ ადგილას, ზუსტ დროს. INDEXflat-ი უმეტესად ქართველი დიზაინერებით დაიწყო. დაახლოებით 5 წლის შემდეგ ჩვენი სისტემა არასტანდარტული გახდა, ეს სწორედ ისაა, რაც INDEXflat-ში მომწონს. ჩვენი სელექცია სწორედ იმაზეა დამოკიდებული თუ რა მოგვწონს ჩვენ და ჩვენს კლიენტებს. ახალბედა დიზაინერების გვერდით ჩვენ კარგად ცნობილი სახელები გვყავს.




როგორ არჩევ პროდუქციას ან დიზაინერებს INDEXflat-ისთვის?


სამწუხაროდ, არ გვაქვს დიდი სივრცე იმისათვის, რომ მეტი პროდუქტი წარმოვადგინოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არქივის შეგროვება დავიწყე – ვერ გავუძელი ცდუნებას! მიხარია, როდესაც ახალი კლიენტები ჩვენი დიზაინერებით ინტერესდებიან და შესაძლებლობა ეძლევათ აღმოაჩინონ ნიმუშები ძველ კოლექციებიდანაც. ახალ სახელებს რაც შეეხება, მე ჯერ კიდევ ვეძებ არა მხოლოდ კარგ სტილისტებს, არამედ ხელოვან დიზაინერებს. სხვამხრივ, ვირჩევ რამე მარტივს, რომლის ფასიც ხარისხს შეესაბამება.

საყვარელი ბრენდი…

მოდაში კლასიკად ქცეული, დიდი სახელების გარდა, ინსპირაციას იმ დიზაინერებისგან ვიღებ, ვისთან ერთადაც ვმუშაობ. შევისწავლი მათი ინსპირაციის წყაროს, მომწონს დაკვირვება მათ შემოქმედებით პროცესზე, ასევე მათი ხედვა და რაც მთავარია – დაუღალავი შრომა. პოპულარული სახელებიდან ბოლო დროს თვალს ვადევნებ Comme des Garcons holding-ს, Loewe-ს, Y project-ს, Jacquemus-ს , Jil Sander-ს და ასევე აღვნიშნავდი Tigran Avetisyan-ს.



ფილმი, რომელიც დაგამახსოვრდა თავისი შთამბეჭდავი კოსტუმებით.

ფილმების კოსტიუმებს, რომელსაც გამოვარჩევდი – Only lovers left alive და Big splash. ახლა ვხვდები, რომ ორივეში ტილდა (სვინტონი) მონაწილეობს. აუცილებლად აღვნიშნავ Annie Hall-ს, ასევე Marie Antoinette, 50-იანი და 60-იანი წლების ფრანგულ, იტალიურ და საბჭოთა კავშირის ფილმებს. კინაღამ დამავიწყდა Jean Paul Gaultier-ს ნამუშევრები, The cook the thief his wife and her lover, 5th Element, მადონას მუსიკალური ვიდეოები და ასევე Milena Canonero-ს კოსტიუმის დიზაინი არაჩვეულებრივია.


 

ყველაზე გემოვნებიანი ქალაქი…

რაც შეეხება ყველაზე მოდურ ქალაქებს, ძალიან მიყვარს მოსკოვი, აქ ბევრი მოდური ქალის ნახვაა შესაძლებელი. ფრანგული ყოველდღიური სტილი (casual chic) ყოველთვის კარგად გამოიყურება. მიყვარს პარიზის სტილი, მაგრამ არა მოდის კვირეულის დროს, რადგან ამ პერიოდში ქალაქში ბევრი ზედმეტად გამოპრანჭული ადამიანია და ეს ძალიან ყალბად გამოიყურება..



რა აზრის ხარ ქართულ მოდაზე? რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქართულ ბრენდი წარმატებული გახდეს მსოფლიო ბაზარზე?

რა შემიძლია ვთქვა ქართულ მოდაზე – ჩვენ გვაქვს გემოვნება, მაგრამ ძალიან მცირე ცოდნა. პროფესიონალები თითზე ჩამოსათვლელია. საბედნიეროდ მოდის ინსტიტუტმა ნელ-ნელა დაიწყო ზრდა, რაც ძალიან კარგია. დიზაინერებს უკვე აქვთ საერთაშორისო პლატფორმაზე გასვლის საშუალება, მაგრამ ძალიან ცოტა მათგანია ამისთვის მზად. ბევრის პრობლემაა ფასისა და ხარისხის კომბინაცია და სამუშაოს ვადებში შესრულება. მაგრამ ბაზარი განსასჯელად ჯერ კიდევ ძალიან ახალია.


 

რას ფიქრობ თანამედორვე მოდის ინდუსტრიაზე?

სოციალურმა მედიამ მოდის სფეროში რევოლუცია მოახდინა. დღევანდელი მოდა ძალიან ჩქარია. ყველგან ყველაფრის პოვნაა შესაძლებელი, თუმცა ამავდროულად ამ ოკეანეში რთულია მართლა “დიდი თევზის” დაჭერა. იგრძნობა ინფორმაციის სიჭარბე, ტარდება მოდის კვირეულები, ფეშენ მიმოხილვები, რაც სულ უფრო და უფრო ართულებს კონცენტრაციას. გადატვირთულ მოდის გარემოში დგება ახალი იდეებისა და ტექნოლოგიების დრო.




რა აზრის ხარ მოდის ისეთ ტენდეციებზე, როგორიც არის ბუნებრივი ბეწვის ხელოვნურით ჩანაცვლება, ტანსაცმლის გადამუშავება და ახალი ეკო მეგობრული მატერიების შექმნა?


ორი სიტყვით რომ შევეხოთ ეკო მეგობრული მოდის ტრენდს – ვფიქრობ რომ ის მისასალმებელია. ჩემ გარშემო მუდმივად მატულობს იმ ადამინთა რიცხვი, რომლებიც დაინტერესებულები არიან ეკო მეგობრული მოდით. რათქმაუნდა რაც უფრო გულწრფელი და ფანატიზმის გარეშეა ეს პროცესი მით უკეთესი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ფენომენი მაინც სასარგებლოა მაშინაც კი როცა გადამუშავებული, ეკოლოგიურად სუფთა და სინთეტიკური ბეწვი მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია.

სამი რამ 2018 წლისთვის:

ღიმილი, მეტი მოგზაურობა და ნაკლები მობილური ტელეფონი.

სამომავლო გეგმები…

ვიცხოვრო, მიყვარდეს და ვისიამოვნო.



განსაკუთრებული მადლობა Breathless (Concept Store)