კარანტინის პერიოდში შექმნილი ფილმი, სახელწოდებით - „How have you been?”, მიზნად ისახავს 2020 წლის უჩვეულო რეალობისა და ამ ყველაფრით გამოწვეული უცნაური ემოციების წარმოჩენას. 

 

არტისტმა ახალი ნამუშევრის შესახებ გამომწერებს ინსტაგრამგვერდზე დადებული პოსტით ამცნო, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ: „აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ, როგორც იქნა, შემიძლია წარმოგიდგინოთ ჩემი და Andy Baker Studios-ს ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის მადლიერიც ვიქნები ყოველთვის, რადგან მასზე მუშაობამ გადამარჩინა აპოკალიფსური ფიქრებისგან“. 

 

ფილმში აღწერილია ახალგაზრდა ქალის ერთი დღე, რომელსაც თითქმის არავისთან აქვს კონტაქტი სამყაროში, სანამ მასთან ბოსტნეულის ყუთით „სტუმარი“ არ აღმოჩნდება. „მინდოდა, ამ ფილმით ხაზი გამესვა ჩვენი დღევანდელი ყოველდღიურობისთვის, განსაკუთრებით მწუხარების, დეპრესიისა და დაშორებისგან გამოწვეული გაღიზიანებისთვის“, - ამბობს პოლი.

 

ყველასთვის, ვისთვისაც ცნობილია მხატვრის შემოქმედება, ადვილი მისახვედრია, რომ აღნიშნულ ფილმშიც ის ცდილობს ადამიანის ყველაზე ბნელი, ხშირად სიტყვებით გადმოსაცემად რთული გრძნობები გამოიტანოს წინა პლანზე. ფილმში ნაჩვენები ერთ პატარა ოთახში გატარებული საათები ყველასთვის ნაცნობ გარემოს ქმნის და გამოხატავს ნაცრისფერ კედლებში გამოკეტილი ადამიანის სწრაფვასა და მოლოდინს, რომ მის ცხოვრებაში რაღაც მაგიური მოხდება.

 

„ვხვდები, რომ ჩემი ნამუშევრების უმეტესობა არის იმ ემოციების ზღვა, რომლებსაც განვიცდი, გამოხატო და მიიღო ის, რასაც გრძნობ - ეს, გარკვეულწილად, ამსუბუქებს შენ გარშემო არსებულ სიბნელეს“,  - ვკითხულობთ პოლის კომენტარში ფილმის შესახებ.