გერმანელი ხელოვანი, ალვა ნოტო, რომლის შემოქმედება ელექტრონული მუსიკისა და მისი ჟღერადობის ექსპერიმენტულ ფორმებში გამოხატვას მოიცავს, ასევე ცნობილია, როგორც ვიზუალური არტისტი, რომელსაც სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, "გუგენჰაიმში" თუ "თეით მოდერნში" არაერთი საინტერესო ნამუშევარი წარმოუდგენია. 2019 წელს მონღოლეთის პავილიონში იგი მონაწილეობდა ვენეციის სახელოვნებო ბიენალეზეც. წარმოდგენილ ნამუშევარში ალვა ნოტომ ტრადიციულ მონღოლურ მუსიკალურ ჟღერადობაში თავისი ელექტრონული ტალღები შეიტანა და ამით საუკუნეების წინანდელი ხელოვნების თანამედროვე მედიუმში გადმოთარგმნას შეეცადა.
ხელოვანის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს კოლაბორაციულ პროექტებსაც და ალბათ პირველი, ვინც ალვა ნოტოზე საუბრისას უნდა გაგვახსენდეს, რუიჩი საკამოტოა, რომელთანაც ათეული წლები უამრავი პროექტი და რამდენიმე საერთო ალბომი აკავშირებს, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო TWO - სადაც სიდნეის ოპერაში მათ მიერ შესრულებული იმპროვიზებული ლაივ პერფორმანსი შევიდა, კიდევ The Glass House - არქიტექტურის შთაგონებით შექმნილი არაჩვეულებრივი პროექტი და, რა თქმა უნდა, ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს ფილმის, Revenant-ის საუნდტრეკი, სამყაროს ყველაზე ჰარმონიული ჟღერადობა.
როგორ გახდა პროფესიით არქიტექტორი დღეს ელექტრონული მუსიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი და ვიზუალური არტისტი?
როგორც მსმენელს, ყოველთვის მაინტერესებდა მუსიკის სამყარო. აღმოსავლეთ გერმანიაში გავიზარდე, სადაც ჩანაწერების ყიდვის შესაძლებლობა თითქმის არ გვქონდა, ამიტომ მუსიკას ძირითადად რადიოთი ვისმენდი ხოლმე. უფრო მეტად ავანგარდული და ანდერგრაუნდ მუსიკა მაინტერესებდა. მე თვითონ მუსიკის შექმნა 90-იან წლებში დავიწყე, თუმცა იმ ყველაფერს მთლად მუსიკას ვერ დავარქმევ, მაშინ ეს უფრო ექსპერიმენტული საქმიანობა იყო, საუნდით ვიყავი დაინტერესებული, საიდანაც დროთა განმავლობაში საბოლოოდ მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების სამყაროში აღმოვჩნდი, შემდეგ უკვე საკუთარი ლეიბლი - Noton დავაარსე.
თქვენი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდით, როგორებიც არიან ბლიქსა და რიოჯი იკედა. მომიყევით, რა გახსენდებათ მათთან ურთიერთობის შესახებ?
მე და რიოჯი ჩემი პირველი იაპონური ტურნედან დავმეგობრდით და მას შემდეგ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენ შორის ბევრია საერთო. ჩვენი ერთ-ერთი პროექტი - Cyclone ამ მსგავსებას ყველაზე კარგად გამოხატავს. ორივესთვის მნიშვნელოვანია ხმის ჟღერადობა და ვიზუალური გამოსახულება, რომელსაც ეს ხმა ქმნის. ბლიქსას 80-იანი წლებიდან ვიცნობ და ყოველთვის ძალიან მომწონდა მისი მუსიკა, მასთან კოლაბორაციები განსხვავდება რიოჯისთან ერთად შექმნილი ნამუშევრებისგან, იმიტომაც რომ ის სხვა თაობის წარმომადგენელი და ჩემგან ჟანრობრივად განსხვავებული მუსიკოსია. ჩემთვის ის უფრო მეტად კარგი შემსრულებელი და ძალიან საინტერესო ტექსტების ავტორია. თინეიჯერობის ასაკიდან ვუსმენდი და ყოველთვის მინდოდა მასთან ერთად მუშაობა.
თუმცა ყველაზე დიდხნიანი შემოქმედებითი ურთიერთობა რუიჩი საკამოტოსთან გაქვთ...
ეს ურთიერთობა 1997 წელს დაიწყო, როცა პირველად იაპონიაში ჩავედი. სხვათა შორის, რიოჯი იკედაც ჩემთან ერთად იყო მაშინ. რუიჩის კულისებში შევხვდი, თვითონვე შემომთავაზა მის რამდენიმე მუსიკაზე რემიქსის გაკეთება. რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი. იმ პერიოდში ახალი ალბომი ჰქონდა გამოშვებული და ჟანრობრივად ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მე თვითონ ვქმნიდი, თუმცა მომეწონა ეს ექსპერიმენტული შემოთავაზება. მასალები გამოვართვი და რემიქსი გავაკეთე. მას შემდეგ დაახლოებით 7 ალბომზე ვიმუშავეთ ერთად. მათ შორის ბოლო წლებში იმპროვიზებულ და ექსპერიმენტულ პერფორმანსზე - The Glass House და ალეხანრო გონსალეს ინარიტუს ფილმის, Revenant-ის საუდტრეკზე. ახლახან გამოვიდა ჩვენი ბოლო ალბომი TWO, რომელშიც სიდნეის ოპერაში შესრულებული იმპროვიზებული ლაივ პერფორმანსი შევიდა.
დამოუკიდებლადაც საოცარი, კინოსურათისთვის კი ძალიან ორგანული მუსიკაა, მომიყევით Revenant-ის საუნდტრეკზე მუშაობის პროცესის შესახებ. ალბათ განსხვავებული გამოცდილება იყო...
ძალიან მიხარია, რომ ინარიტუსთან თანამშრომლობა წარმატებით შედგა, ყოველთვის სიახლოვეს ვგრძნობდი მის ვიზუალურ სურათებთან. მასთან მუშაობა ნამდვილად შთამბეჭდავი და ამასთანავე განსხვავებული იყო იმისგან, რაც ოდესმე გამიკეთებია. როცა ალეხანდრომ პირველად მაჩვენა ფილმი, მაშინვე ტარკოვსკის კადრები გამახსენდა სწორედ იმ ფილმებიდან, რომლებიც ძალიან მიყვარს. ჩემთვის ბევრი საერთო ჰქონდა ტარკოვსკის ესთეტიკასთან და სიმართლე რომ გითხრათ, რთული არ ყოფილა მასთან მუშაობა - ზუსტად იცოდა, რა უნდოდა და ჩვენთვისაც ყველაფერი ნათელი იყო.
2019 წლის ვენეციის სახელოვნებო ბიენალეზე მონღოლეთის პავილიონის პერფორმანსში მონაწილეობდით, რას მეტყვით ამის შესახებ?
ძალიან საინტერესო კოლაბორაცია გამოვიდა. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ მიმიწვიეს მონღოლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში სიცივის გამო ძალიან რთულია იქ ყოფნა, სასიამოვნო და საინტერესო გამოცდილება იყო. თვითონ ნამუშევარს რაც შეეხება, პროექტის არსი ტრადიციულ მუსიკაში, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში მონღოლური ტომები გარესამყაროსთან კავშირს ამყარებდნენ, ექსპერიმენტული ჟღერადობის შეტანა და მისი თანამედროვე ხელოვნების ფორმატში გადმოტანა იყო. ძალიან მიხარია, რომ ამ საინტერესო პროექტში მივიღე მონაწილეობა.
საინტერესოა თქვენ თვითონ რას უსმენთ?
ბევრ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ვუსმენ, ექსპერიმენტული და პოპ-მუსიკით დაწყებული, ავანგარდული და იმ მუსიკით დამთავრებული, როგორსაც მე თვითონ ვქმნი.
თქვენი ექსპერიმენტები როგორც წესი ელექტრონული ჟღერადობისა და ვიზუალური გამოსახულების კავშირს წარმოადგენს. სინამდვილეში რას ქმნით - ეს არის ერთი სინთეზური ნამუშევარი თუ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, რომელსაც უბრალოდ საერთო იდეა აერთიანებს?
საინტერესო საკითხია... პირველ რიგში ვიზუალური არტისტი ვარ და ჩემს ლაივ შოუებზე გამოსახულებას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ხმის ჟღერადობას. როცა მუსიკას ვწერ, ყოველთვის ვფიქრობ ვიზუალზე. მასში უფრო მეტი თავისუფლებაა და შეიძლება ითქვას, რომ გამოსახულება ერთგვარი რეაქციაა მუსიკაზე. ძალიან მიყვარს ეს კომბინაცია, თუმცა არასდროს ვცდილობ, მათგან ერთი რამ ვაქციო.
რას ხედავთ, როცა ელექტრონული მუსიკის მომავალს წარმოიდგენთ?
ელექტრონულ მუსიკას, ვფიქრობ, ძალიან ბევრი ფანტასტიკური შესაძლებლობა აქვს, კარგი მომავალი აქვს იმ მხრივაც, რომ მისი აუდიტორია იზრდება - პატარა კლუბებიდან და ექსპერიმენტული დარბაზებიდან უფრო დიდ სივრცეებში გადადის. თუმცა მე თვითონ ფართო სცენით დიდად არ ვარ დაინტერესებული, პატარა სივრცეში უფრო უკეთ ვგრძნობ თავს.
რას ფიქრობთ ქართული ელექტრონული მუსიკის შესახებ?
ის, რაც საქართველოში ყველაზე მეტად მომწონს, ადამიანებია, რომლებიც ყოველთვის ძალიან თბილები და კეთილგანწყობილები არიან. ქართულ მუსიკალურ სცენაში ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ჩემი პირველი ჩამოსვლის შემდეგ ამ მიმართულებით ბევრი რამ შეიცვალა. ვიცი, რომ აქ უკვე ძალიან ბევრი არტისტი ქმნის მუსიკას, მათ შორის ელექტრონულს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.
როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?
ამ მომენტში ახალ ემბიენტ ალბომზე ვმუშაობ, რომელიც სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტში გამოვა. ალბათ იქნება ახალი კოლაბორაციებიც...
დაწერე კომენტარი