Hammock Magazine The Body Shop-თან ერთად წამოწყებული ვარდისფერი კვირეულის კამპანიის ფარგლებში ჩვენ მიერ გადაღებულ ფოტოსესიას გთავაზობთ, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებიც წარმატებით გაუმკლავდნენ ამ დაბრკოლებას და დაამარცხეს მკერდის კიბო.
მაგდა ნებიერიძე
მე ვარ მაგდა ნებიერიძე, 35 წლის, პროფესიით თარჯიმანი და 13 წლის გოგონას დედა. 2014 წელს დავიწყე მუშაობა თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო მასწავლებლის პოზიციაზე. სრული ორი წელი ვიყავი სამხედრო მოსამსახურე, რაც გულისხმობს იმას, რომ დავდიოდით მარშზე, გვეხებოდა ყველანაირი სამხედრო ვარჯიში, პრაქტიკა.
2017 წელს აღმოვაჩინე, რომ რაღაც არ იყო კარგად, მივედი ექიმთან, მითხრეს, რომ ეს იყო ძუძუს კიბოს პირველი სტადია. გამომდინარე იქიდან, რომ მე კიბო დამემართა 32 წლის ასაკში, ყველა ახალგაზრდა გოგონას ვურჩევ, განსაკუთრებით მათ, ვინც ადრეულ ასაკში დაოჯახდა, მივიდნენ ექიმთან და რეგულარულად გადაიღონ მკერდის ექოსკოპია.
უპირველესად, ეს არ არის საშიში, ეს არ არის ის, რის გამოც ადამიანი პანიკაში უნდა იყოს. მეორე, რეგულარულად მივდივართ სკრინინგზე და მესამე - ვირჩევთ ექიმს, რადგან ექიმის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის ადამიანი, რომელსაც პაციენტი უნდა ენდოს და რომლის იმედიც ბოლომდე უნდა ჰქონდეს.
საერთოდ, წიგნებში, ფილმებში ხშირად გაგვიგია - „იცხოვრე ისე, თითქოს ეს არის შენი ბოლო დღე“, მაგრამ ამ ფრაზას სრულად ვერ ვიაზრებთ ხოლმე, სანამ ფიზიკურად ცუდი რამ არ შეგვემთხვევა, თუნდაც ისეთი საფრთხე, როგორიცაა კიბო. ყველა სირთულე ჩვენი ცხოვრების ნაწილია, ზოგს ეს დაავადება აქვს, ზოგს სხვა პრობლემა აწუხებს. ყოველთვის უნდა იყო მზად იმისთვის, რომ გააკეთო ის, რაც იმ მომენტისთვის არის საჭირო.
გვანცა ლაღიძე
„მე ვარ გვანცა ლაღიძე, „ქალების ნარატივის“ წამყვანი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კამპანიაში მონაწილეობა, რადგან ვთვლი, რომ ძალიან დიდი ინფორმაციაა გასაცემი სწორედ ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით. ოქტომბერი ვიცით, რომ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ძალიან მახარებს ამ კამპანიაში მონაწილეობა და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი ინიციატივაა.
მე მქონდა რთული პერიოდი ცხოვრებაში და ასეთი რთული პერიოდი ხშირად დგება... ყოველთვის მზად უნდა დავხვდეთ როგორც დადებით სიურპრიზს ცხოვრებისგან, ისე უარყოფით სიურპრიზსაც. ცხადია. როდესაც უარყოფითს გადალახავ, ბარიერს, რომელიც მნიშვნელოვანი წინაღობაა, ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ თავიდან იბადები და ეს შეგრძნება ძალიან მაგარია. შემდეგ უფრო მეტი ძალით და უფრო მეტი ყურადღებით ეპყრობი ნებისმიერ გამოწვევას ცხოვრებაში, ნებისმიერი პრობლემა, რომელიც მანამდე გეჩვენებოდა პრობლემად, ხდება აბსოლუტურად უმნიშვნელო და კიდევ უფრო მეტად გრძნობ იმ ძალებს, იმ ლიდერული თვისებების გამომუშავების აუცილებლობას, რომელიც გეხმარება უკვე შემდეგი ნაბიჯების თამამად გადადგმაში.
რთული პერიოდია, მარტივი არაფერი არ არის, თუმცა კიდევ უფრო რთულია, როდესაც კარგად იცი, რისი გადატანა მოგიწევს მკურნალობის პროცესში... ცხადია, ძალიან ბევრი არასასიამოვნო პროცედურა და პროცესია, რომლებიც გადასალახია, თუმცა გადალახვის შემდეგ გრძნობ, რამდენად დადებითად შეიძლება გაიხსენო სწორედ ის გამოცდილება, რომელიც მიიღე.
“ჩემთვის ეს გამოცდილება უარყოფითი არ არის, ის არის დადებითი და მაქვს მეტი ძალა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ბარიერი და წინაღობა გადავლახო ცხოვრებაში, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენს სასიკეთოდ, ჩვენ გარშემო მყოფების სასიკეთოდ კეთდება და ძალიან დიდი ძალისა და სიახლის აღმოჩენა შეგიძლია საკუთარ თავში, როდესაც მნიშვნელოვან პრობლემას დაამარცხებ. პრობლემა არის, თუმცა დამარცხებაც შესაძლებელია!“
ხათუნა ჭინჭარაშვილი
„მე ვარ ხათუნა ჭინჭარაშვილი, 45 წლის, ფინანსური კოორდინატორი საზოგადოებრივ მაუწყებელში. 2018 წელს დამიდგინდა მარჯვენა სარძევე ჯირკვლის კარცენომა, ხოლო 2019-ში გაჩნდა მარცხენა სარძევე ჯირკვალზე რეციდივი. მას შემდეგ ორი ოპერაცია ჩავიტარე და გავიარე ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კურსები, ამ ეტაპზე კი ჰორმონოთერაპიას გავდივარ.
ძალიან მიხარია, რომ ამის თქმის საშუალება მაქვს... ახლა ვარდისფერი ოქტომბერია და მინდა, თვითონ წარმოვადგენდე ყველა ქალისთვის ვარდისფერი ბაფთის სიმბოლოს. მინდა, ეს ხმაური და ჟრიამული, რასაც ავტეხთ ხოლმე ოქტომბერში, ყველა ქალისთვის იყოს სიგნალი, რომ დროულად მივიდნენ და ჩაიტარონ სკრინინგი, იმიტომ, რომ ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი დაავადება 95%-ის შემთხვევაში შეიძლება განიკურნოს. კიბო ისედაც არ არის განაჩენი და, მით უმეტეს, ადრეულ სტადიაზე"…
ძალიან მინდა, რომ ყველას ყურამდე მივიტანო ჩემი სათქმელი, მოვუწოდებ სხვასაც და თქვენც, ჩაიტარეთ გამოკვლევები, გთხოვთ ოქტომბრიდან დავიწყოთ. აი, ეს არის ძალიან კარგი მესიჯი, რაც შეგვიძლია ჩვენ, პაციენტებმა, გავაკეთოთ ჯანმრთელი ადამიანებისთვის. პრევენციულად ჩაიტარეთ კვლევა, უაყოფითი პასუხის შემთხვევაში მოიპოვებთ სიმშვიდეს მთელი წლის განმავლობაში, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, საწყის ეტაპზე აღმოაჩენთ მას და გექნებათ 95% განკურნების შანსი...
ჩემი ინფორმაციით, 40 წლიდან 70-წლამდე ყველაზე დიდი რისკია ძუძუს კიბოს წარმოქმნის თვალსაზრისით, თუმცა ამ ეტაპზე შეინიშნება დაავადების გაახალგაზრდავება და რეკომენდებულია, უფრო ადრეულ ასაკშიც სკრინინგის ჩატარება. 40-დან 70-წლამდე უფასოა სკრინინგი და 40-წლამდე წელიწადში ერთხელ გირჩევთ, რომ ჩაიტაროთ გამოკვლევა.“
ფოტოგრაფი: ნატა სოფრომაძე
დიზაინერი: Tatuna, Janashia
მაკიაჟი: Make up Institute Georgia
დაწერე კომენტარი