პოლიტიკა, მუსიკა და მოდა - ამ სამი განსხვავებული სფეროდან თითოეულს კარლა ბრუნის კარიერაში სხვადასხვა ეტაპზე მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. სანამ ბრუნი საფრანგეთის პირველი ლედი გახდებოდა და მუსიკალურ შემოქმედებას დაიწყებდა, იგი სამოდელო კარიერით იყო გატაცებული. 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სუპერმოდელის ისტორია 1987 წელს იწყება, როდესაც მან ფრანგულ სამოდელო სააგენტო City Models-ისთან დაიწყო თანამშრომლობა.
ბრუნი ერთ-ერთია იმ მოდელთაგან, რომლებიც Guess Girls Of The 90s-ის საკულტო კამპანიაში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბრუნი პარიზში არქიტექტურის შესასწავლად გადავიდა, მისი ყურადღება მაინც მაღალმა მოდამ მიიპყრო და 1996 წლამდე მრავალი პრესტიჟული მოდის სახლის ჩვენებებსა თუ კამპანიებში მონაწილეობდა.
ნიჭიერმა, თავისუფალმა და ელეგანტურმა მოდელმა პაპარაცების ყურადღება მალევე მიიქცია, რამაც მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კარლა 1988 წელს Elle Magazine-ის წვეულებაზე მსახიობებთან - მონიკა ბელუჩისთან და ალენ დელონთან ერთად გამოჩნდა. სუპერმოდელი ყურადღებას არა მხოლოდ მისი გარეგნობის, არამედ სასიყვარულო ისტორიებითაც იქცევდა, რომლებიც ისეთ ცნობილ მუსიკოსებს უკავშირდება, როგორებიც არიან ერიკ კლაპტონი და მიკ ჯაგერი.
Guess-ის კამპანიის შემდეგ ბრუნი მაღალი მოდის სახლების - Givenchy-ის, Chanel-ის, Prada-ს, Christian Dior-ის ჩვენებებზე გამოდიოდა. შეიძლება ითქვას, რომ ბრუნი 90-იან წლებში ერთ-ერთი გავლენიანი მოდის სახლის, Versace-ის ფავორიტი სახეც კი იყო, რომელსაც 1997 წლამდე თითქმის ყველა ჩვენებაზე იწვევდა. გარდა ჩვენებებისა, ბრუნი თავისი სამოდელო კარიერის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა გავლენიან ჟურნალებთან, Vogue-ისთან და Elle Magazine-თან, რომელთა გარეკანზეც ხშირად ჩნდებოდა.
ნაომი კემპბელის, ქეით მოსისა და კლაუდია შიფერის გვერდით კარლა ბრუნიმ მისთვის დამახასიათებელი ხელწერა და სტილი შექმნა, რომელიც დღემდე უამრავი არტისტის შთაგონების წყარო გამხდარა.
კინორეჟისორი ვუდი ალენი Midnight In Paris-ის გადაღებამდე წერდა, რომ კარლას განსაკუთრებული ქარიზმა და მანერები აქვს, რაც მისთვის შემოქმედებითი თვალსაზრისით მიმზიდველი და საინტერესოა. Miss Viv, რომელიც ფრანგი დიზაინერის, როჯერ ვივიერის ჩანთების კოლექციის საკულტო მოდელი გახდა, სწორედ კარლა ბრუნისა და მისი სტილის გავლენით შეიქმნა. თვითონ ბრუნი აღნიშნავს, რომ სამოსი მისი პიროვნების გამოხატვის საშუალება არასდროს ყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრუნიმ 1997 წელს სამოდელო კარიერა დატოვა და მთელი ყურადღება მუსიკას დაუთმო, , დღემდე იგი უამრავ პრესტიჟულ გამოცემებში თუ ჩვენებებზე ჩნდება. ბოლო დროის ერთ-ერთი ასეთი დასამახსოვრებელი მომენტი Versace-ს გაზაფხული/ზაფხულის 2018 წლის კოლექციის ჩვენება გახდა, სადაც 90-იანი წლების სუპერმოდელებმა - კარლა ბრუნიმ, კლაუდია შიფერმა, ნაომი კემპბელმა, სინდი კროუფორდმა და ჰელენა კრისტენსენმა ერთად მოიყარეს თავი. ეს ჩვენება თანამედროვე მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებულ და სენსაციურ მოვლენად იქცა. საფრანგეთის პირველი ლედის ამპლუაშიც კარლა ბრუნი მისთვის დამახასიათებელ კლასიკურ, თუმცა ამავდროულად, თამამ და ექსტრავაგანტურ სტილს არასდროს ღალატობდა. დახვეწილი სილუეტები სწორედ ის მნიშვნელოვანი ელემენტია, რაც ბრუნის დღემდე შთამაგონებელი სტილის გასაღებია.
დაწერე კომენტარი