ვიზუალური არტისტის, ნოემი შიფფერისა და არქიტექტორ ტაკამი ნაკამოტოს თანამშრომლობით შექმნილი სტუდია “ნონოტაკი” შემოქმედებითი ხასიათის, ინტერაქტიულ ინსტალაციებს ქმნის. სივრცის, ხმისა და სინათლის სინთეზი ჯგუფის შემოქმედებაში მთავარი ელემენტებია, განსაკუთრებული დინამიკურობით გამორჩეულ, მომნუსხველ დანადგარებს კი დუო მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში ათავსებს. თანამედროვე არქიტექტურისა და ხელოვნების კულტურაში “ნონოტაკი” პირველად 2011 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ სტუდიამ კიბერკულტურისა და აუდიოვიზუალური შემოქმედების დარგში სახელი კინეტიკური ვიზუალის ინსტალაციებით დაიმკვიდრა.
ჯგუფის ერთ-ერთი ადრეული ექსპონატი - NUMBERS 2015 წელს ლონდონის ქუჩაში დაიდგა. მინის უკან მოთავსებული შუქურები ხმასთან სინქრონულ კავშირში ციფრების ფორმას იღებდნენ. ინოვაციური ტიპის ინსტალაციაზე “ნონოტაკთან” ერთად ხმის დიზაინს “Wave Studio” უზრუნველყოფდა.
ინსტალაცია - LEAP, რომლის ვარიაციაც სამომავლოდ სხვადასხვა ქვეყანაში განთავსდა, პირველად სტუდიამ რუმინეთის ძველ ციხე-კოშკში ააგო. ქვის ზედაპირზე სიმეტრიულად განლაგებული სანათები ღამის სასახლეში სიზმრისეულ, მომაჯადოებელ ეფექტს ქმნის, რასაც სივრცითი ელექტრონული ხმა კიდევ უფრო ამძაფრებს.
სტუდიის სხვა ინსტალაციებისგან განსხვავებით, HOSHI მთავარ ელემენტად სარკესა და სინათლის რეფლექსიას იყენებს. ქაოსური სინქრონი და ყოველ წამს ცვალებადი ხმა ექსპონატს გამორჩეულად საინტერესოს ხდის, ზოგიერთი დამკვირვებლისთვის კი ვიზუალის, ანარეკლისა და ხმის მსგავსი ურთიერთკავშირი შესაძლოა შემაშფოთებელიც აღმოჩნდეს, რადგან სინათლის სწრაფი ცვლილება მაყურებელს ორიენტირების უნარს განგებ უკარგავს. ნაწილი, პირიქით, ნაშრომის “ჰარმონიული არეულობით” მაშინვე მოიხიბლება.
სრული ერთიანობიდან განცალკევებულ და ქაოსურ მოძრაობამდე მისულ მდგომარეობას აღწერს ინსტალაცია - NARCISSE V1, რომლის სახელწოდების შთაგონებაც ბერძნული მითოლოგიის გმირი გახდა. მოძრავი სარკეებითა და მინიმალისტური, თუმცა, ამავდროულად, მძაფრი მუსიკალური გაფორმებით ექსპონატი დამატყვევებელ შთაბეჭდილებას ქმნის და კინეტიკური ვიზუალის უმაღლეს წერტილს უახლოვდება.
პირველი, რასაც სტუდიის ინსტალაცია - SIGNALS ასოციაციურად გვაგონებს, ვარსკვლავთცვენაა. ოთკუთხა ფორმის შუქურები მონაცვლეობით წრფივ, შემდეგ კი წრიულ მოძრაობებს ასრულებენ, რაც მომხიბვლელია და დამკვირვებლისთვის ერთგვარ მედიტაციურ პროცესსაც შეიძლება დაემსგავსოს. ინსტალაცია დამამშვიდებელი ხასიათისაა. ჯგუფმა მისი სხვადასხვა ვარიაცია შექმნა, შემდეგ კი განსხვავებულ ქვეყნებში წარადგინა.
2018 წლის დეკემბერში შექმნილი ინსტალაცია - TIDES ერთი შეხედვით სტუდიისთვის დამახასიათებელ თითოეულ ელემენტებს ატარებს: ინტერაქტიულია, ვიზუალურ ეფექტს სინათლის სივრცითი მოძრაობით ქმნის და თან ახლავს ელექტრონული ხმის აკუსტიკური გაფორმებაც, თუმცა ჯგუფის ძირითადი ინსტალაციებისგან ერთი ფაქტორი განასხვავებს - ინსტალაცია ღია ცის ქვეშ დგას. მიუხედავად იმისა, რომ TIDES არაა ერთადერთი ნამუშევარი, რომელიც კედლებს გარეთ მოთავსდა, ის მაინც იშვიათია. შიფფერი და ნაკოტო თავიანთი ექსპონატების აწყობისას მეტწილად დახურულ სივრცეს ირჩევენ, რომ ნაშრომის ვიზუალური და ხმოვანი მხარე მაქსიმალურად ეფექტური იყოს.
ლაზერული ნათება ნაშრომში - ZERO POINT TWO ვიზუალის მთავარი წყაროა. წრფივი ფორმის მოციმციმე სინათლე ცოცხალი, სწრაფი და ეფექტურია, დამკვირვებელში კი ცნობისმოყვარეობას აღვივებს, გინდა, ინსტალაციას რაც შეიძლება მეტად მიუახლოვდე. ნამუშევარი კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც სტუდია “ნონოტაკის” ნიჭსა და ხედვას მკაფიოდ გადმოგვცემს.
NARCISSE V3 უკვე ხსენებული ინსტალაციის განსხვავებული ვარიაციაა, რომელიც ორიგინალი ნაშრომიდან ერთ წელიწადში, 2017 წელს შეიქმნა. ისიც წინა დანადგარის მსგავსად, ანარეკლისა და მოძრავი სარკეების დახმარებით მინიმალისტური სტილის ვიზუალსა და ეფექტურ კონცეპტს ქმნის. კედელზე მორბენალი ანარეკლები დამკირვებლისთვის რამდენადაც დინამიკური და მიმზიდველი, იმდენად ამოუცნობია. ნამუშევრის იდეისა თუ აზრის ინტერპრეტირება კი ყოველი ინდივიდის შემთხვევაში სხვადასხვაგვარია.
ლონდონის ცარიელ შენობაში აიწყო 2016 წლის ინსტალაცია - HIGHLINE, რომელიც სტილისტური და გეომეტრიული ფორმით სხვა ნამუშევრებისგან შედარებით განსხვავებულია. დანადგარი ერთი შეხედვით წინაღობას, დაბრკოლებას ჰგავს, რადგან თითქოს დამკვირვებლის შესაჩერებლადაა აღმართული. მეორე მხრივ, ინსტალაცია სივრცის შესამჩნევად მცირე ნაწილს იკავებს, რაც გარკვეულ თავისუფლებას გვანიჭებს.
სტუდიის უახლესი ინსტალაცია - GIANTS 2020 წელს ბრაზილიაში განთავსდა. სახელწოდებიდან გამომდინარე, მასალა, რომლითაც ნაშრომი აიწყო, მართლაც დიდ სივრცეს იკავებს და ასოციაციურად ატრაქციონს მოგვაგონებს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც სინათლე ვერტიკალურად მოძრაობას იწყებს. გარეგნულ მხარეს ეხმიანება აკუსტიკური ხმაც, რომელიც სტუდიის შემოქმედებაში ყოველთვის ვიზუალის ეკვივალენტია.
მარადიული ხაზის ეფექტს ქმნის - NARROW V.2’, ინსტალაცია, რომელიც, ერთი მხრივ, მარტივი და მსუბუქია, თუმცა სინათლის სწრაფი მონაცვლეობა მაინც ხელს უშლის, რომ ვიზუალურად მინიმალისტურ ნაშრომად დარჩეს. კვადრატული ფორმისა და განმეორებადი სტრუქტურის ნამუშევარი სტუდიამ როგორც დახურულ სივრცეში, ისე ღია ცის ქვეშ ააწყო.
ოთხკუთხა ჰორიზონტალური ნათებებით აგებული ინსტალაცია - MAGNITUDE კი მაყურებელსა და ნამუშევარს შორის ინტერაქციას უმაღლეს საფეხურზე ათავსებს, რადგან თავად დამკვირვებელს მთავარ ობიექტად აქცევს.
შემოქმედთა ინსტალაციები წლების მანძილზე არაერთი განსაკუთრებული მუზეუმის, გალერიისა თუ ქალაქის ნაწილი გამხდარა. ნაშრომები წარადგინეს ტოკიო გრანტ ჰიატის სასტუმროში, ლიონის ოპერაში, NWE Vorst თეატრსა და ფრანგულ ფაბრიკაში.
გეომეტრიული ფორმებით თამაში, სინათლისა და ხმის თანხვედრა, სიმეტრიული ვიზუალი, ატმოსფერული მუსიკა... ნოემი შიფფერი და ტაკამი ნაკოტო თავიანთი ჰიპნოზური ხასიათის ინსტალაციებით თანამედროვე არქიტექტურასა და ხელოვნებას შემოქმედებითი გზით, ერთ განზომილებაში აერთიანებენ, მაყურებელს კი ინტერაქციული მეთოდით მის ცენტრში უყრიან თავს.
დაწერე კომენტარი