სულებით დასახლებული ტყე, ზღვისპირა ქალაქი, რომლის თავზეც ახალგაზრდა ჯადოქარი დაფრინავს, ღრუბლებში დამალული ზეციური ციხესიმაგრე თუ ტყის სიღრმეში მდგარი მხატვრის ქოხი… იაპონელი ანიმატორის, რეჟისორისა და სცენარისტის, ჰაიაო მიაძაკის წარმოსახვა თანამედროვე ანიმაციაში უკონკურენტოა და არც საზღვრები გააჩნია. გარემოზე ზრუნვა, ადამიანური გამოწვევები, მეგობრობა და პიროვნული თვითრეალიზება კი მისი ანიმაციის უცვლელი ელემენტებია. 

კომპლექსური გმირებისა და მნიშვნელოვანი გზავნილების გარდა, მიაძაკი თავის ამბავში ჯადოსნური ადგილების შექმნის ოსტატიცაა. ადგილების, რომლებიც მეტწილად ნამდვილი სამყაროს ფრაგმენტთა შთაგონებით იხატება. “მე არ მაინტერესებს ადამიანთა ურთიერთობა იმდენად, რამდენადაც ადამიანისა და გარემოს ინტერაქცია. ურთიერთკავშირი ლანდშაფტთან,გარემოსთან, წყალთან, ჰაერთან…”, - ამბობს რეჟისორი. ამბავი სრულდება, გმირები მიზანს აღწევენ, მიაძაკის ზღაპრული ადგილები კი ჩვენს გონებაში წარუშლელი რჩებიან.

Nausicaa of the Valley of the Wind (1984)


“ნაუსიკა ქართა ველიდან” - მიაძაკის ადრეული ანიმაცია, რომელიც მისთვის დამახასიათებელ კლასიკურ ელემენტებს აერთიანებს, პოსტაპოკალიპტურ სამყაროში ვითარდება, მოვლენათა ცენტრში კი ახალგაზრდა პაციფისტი გოგონა დგას. ნამუშევარმა გადამწყვეტი როლი ითამაშა სტუდია “გიბლის” ჩამოყალიბებაში და მაყურებელს პირველად გააცნო მიაძაკის ანტიძალადობრივი იდეოლოგია, გარემოზე ზრუნვისა და მისი დაცვის აუიცლებლობის თემატიკა. ანიმაციის მოკლე ნაწილი მიწისქვეშა ტყეში, მომწამლავი აირებისაგან სუფთა გარემოში, ვითარდება. ცივი, ნათელი ფერებითა და მისტიკურობით გამორჩეული “მიწისქვეშა ტყე”, მიაძაკის ანიმაციაში ნაკლებად აღიარებული, თუმცა განსაკუთრებულად მშვიდი და ზღაპრული ადგილია.

Laputa: Castle In The Sky (1986)


მიაძაკის გატაცება ავიაციით, ფრენოსნობითა და ლევიტაციის უნარით მის ნამუშევრებში მუდმივად ფიგურირებს, თუმცა ლაპუტას ზეციური ციხესიმაგრე მისი პირველი მფრინავი ქმნილებაა. სტუდია “გიბლის” სადებიუტო ანიმაციაში ახალგაზრდა გოგონა და მისი მეგობარი ბიჭი მაგიური კრისტალის დახმარებით ზეცაში მფრინავ ციხესიმაგრეს ეძებენ. ამბის მიმდინარეობისას, ღრუბლებში დამალული ლაპუტა რამდენჯერმე ჩანს, თუმცა ერთიანი სახით მხოლოდ დასასრულში გვევლინება. ძველებური ნანგრევებით სავსე, მიტოვებული ციხესიმაგრე მიაძაკის კიდევ ერთი შთამბეჭდავი ადგილია, რომელიც მითოლოგიური ნაგებობის ელემენტებს ატარებს.


თოვლიან მთებში ჩაკარგული გონდოას ხეობა ბევრისთვის შეუმჩნეველი რჩება, რადგან კომპოზიციაში მხოლოდ რამდენიმე წამით ჩანს. თვალისმომჭრელი და გამორჩეულად მნიშვნელოვანი ადგილი, სტუდია “გიბლის” თქმით, მიაძაკიმ სვანური მთებისა და ციხე-კოშკების მიხედვით დახატა, რაც ნიშნავს, რომ რეჟისორის მომხიბვლელ ადგილთა შორის ერთ-ერთის შექმნაში წვლილი სწორედ საქართველოს მიუძღვის.

My Neighbor Totoro (1988)


ორი დის ზღაპრული თავგადასავალი ანიმაციაში “ჩემი მეზობელი ტოტორო” მიაძაკის კიდევ ერთი ნაბიჯია, მაყურებელს ბავშვურ შიშებსა და შეგრძნებებზე დაწერილი ამბავი მოუყვეს. ქალაქი “ტოკოროზავა”, რომელშიც მიმდინარე მოვლენები ვითარდება, მიაძაკის ნამდვილი, ამავე სახელწოდების საცხოვრებელზე დაყრდნობით შეიქმნა. “მე რომ ტოკოროზავაში არ მეცხოვრა, ტოტორო ვერასოდეს დაიბადებოდა”, - ამბობს რეჟისორი. ამბის მსგავსად, ქალაქში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მიწათმოქმედებას, ფერმერობასა და მევენახეობას. ამის დამსახურებით, მზესუმზირის მინდვრები და მაგიური ტყე ანიმაციის უცვლელი ნაწილი გახდა.



კიდევ ერთი სამახსოვრო ადგილი ანიმაციაში ავტობუსის გაჩერებაა, რომელიც ერთი შეხედვით უბრალოა, შემდგომ კი უცნაური მოვლენების ეპიცენტრად იქცევა.

Grave of the Fireflies (1988)


აკიუკი ნოსაკას მოკლე ამბავზე დაყრდნობით შექმნილი ანიმაცია “ციცინათელების სასაფლაო” და-ძმის მგრძნობიარე ურთიერთობაზე, იმედზე, ომსა და ადამიანთა დაუნდობელ ბუნებაზე მოგვითხრობს. ახალგაზრდა გმირების სევდიანი მოვლენებით დატვირთულ ისტორიაში განადგურებული ლანდშაფტი ამბის თანამდევი ელემენტია, თუმცა მიაძაკი ამ პირობებშიც ცდილობს ბუნებას ცოტაოდენი მომხიბვლელობა შემატოს. ანიმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ციცინათელებით სავსე თავშესაფარში გატარებული ღამეა. მარტივი, ეფექტური ვიზუალური ხერხით რეჟისორი სილამაზეს განადგურებულ გარემოშიც პოულობს, იმედს კი გმირებს ციცინათელების სახით აწვდის.

Kiki’s Delivery Service (1989)


დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით გამორჩეული ახალგაზრდა ჯადოქრის, კიკის, თავგადასავალი საკუთარ თავში საუკეთესოს ძიებასა და ასაკობრივ ზრდას ეხება. “კიკის მიტანის სერვისი” სტუდია “გიბლის” პირველი ანიმაციაა, რომელსაც განსაკუთრებული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. მიაძაკი ნამუშევარში არაჩვეულებრივი სიმარტივითა და მომხიბვლელობით აღწერს შთაგონების ძიების, შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და ახალ გარემოსთან შეგუების პროცესს. ზღვისპირა ქალაქი, რომელში საცხოვრებლადაც კიკი მიემგზავრება, ჰაიაოს ანიმაციაში უდავოდ ყველაზე მყუდრო ადგილია. ვიწრო ქუჩებითა და მეგობრული სახეებით სავსე გარემოს შექმნამდე, რეჟისორმა განგებ იმოგზაურა შვედეთში, მონახაზებით დაბრუნებულმა კი ამბისთვის ქალაქი “კორიკო” შექმნა, რომელიც სინამდვილეში სტოკჰოლმის არქიტექტურაზე დაყრდნობით დახატა. 


ნამუშევარში გამორჩეულად მიმზიდველია კიკის მხატვარი მეგობრის, ურსულას ქოხიც, რომელიც ქალაქისგან განცალკევებით, ტყის სიღრმეში მდებარეობს.


დასამახსოვრებელ ადგილთა შორის გამორჩეულია საცხობი “გუჩოკიპანიაც”, ყოველთვის კეთილი ადამიანებით სავსე, კიკის სამუშაო ადგილი.

Whisper of the Heart (1995)




მიაძაკის მომდევნო ანიმაციის, “გულის ჩურჩულის” მთავარი ხიბლი ახალგაზრდა პერსონაჟთა გულუბრყვილობა და ცვლილებებთან შეგუების ძლიერი სურვილია. სკოლის მოსწავლეების ყოველდღიურ ცხოვრებას რეჟისორი ბუნებრივად აღწერს. ანიმაცია სტუდია “გიბლის” პირველი ნამუშევარია, რომლის შექმნაშიც ჯგუფმა ციფრული კომპოზიცია გამოიყენა. ამბავში მომაჯადოებელ ადგილად
ხმაურიანი ღამის ტოკიო გვევლინება. კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც დეტალიზებული ხედვითა და რეალისტური ნიუანსებით მიაძაკიმ ანიმაციურ სამყაროში გააცოცხლა. 

Princess Mononoke (1997)


სულებით დასახლებული ტყე მაგიურობით მიაძაკის დახატულ ადგილთა შორის პირველია. სხვა უამრავი ადგილმდებარეობის მსგავსად, ტყის დიზაინის დასახატად შთაგონების წყაროდ რეჟისორმა იაპონიის ნამდვილი ტერიტორია, იაკუშიმას კუნძული გამოიყენა. იაპონური ფოლკლორისა და მითოლოგიური ელემენტების გამოყენებით, ჰაიაო ანიმაციაში, “პრინცესა მონონოკე” ისეთ თემებს ეხება, როგორებიცაა ბრძოლა ადამიანსა და ბუნებას შორის, თანასწორობა, მორალურად კომპლექსური პერსონაჟები და გარემოს დაცვა. 

Spirited Away (2001)




სულების სამყაროში დამწყვდეული გოგონა, რომელსაც თავის დასაღწევად აბანოში მუშაობა უწევს, სტუდია “გიბლის” ყველაზე ცნობილი მოქმედი გმირია, რომლის შექმნის იდეაც, რეჟისორის თქმით, დასასვენებლად წასულს, მეგობრის აპათიურ შვილზე დაკვირვებისას გაუჩნდა.
“ბავშვის ყურებისას, მივხვდი, ის არ იმყოფებოდა გარემოში, რომელში ყოფნაც თავად სურდა, ამიტომ დავფიქრდი თუ შევძლებდი ისეთი ამბის შექმნას, სადაც ასეთი გოგონა თავისივე ისტორიის მთავარი გმირი იქნებოდა”, - ამბობს რეჟისორი.  ნამუშევართა შორის “სულების მიერ გატაცებული” ყველაზე მეტად ფოკუსირებს მიაძაკის ოსტატობაზე, რადგან მან თავად დაწერა, დახატა და გააცოცხლა მასში არსებული სამყარო.



განსაკუთრებულად ჯადოსნური ადგილი კი ანიმაციაში
უსასრულო ზღვა და მასში გამავალი მატარებელია, რომელიც ჩიჰიროს ერთადერთი გზაა, სულების სამყაროს თავი დააღწიოს. მშვიდი, იდილიური პეიზაჟი ერთდროულად ამოუცნობი და მიმზიდველია, მასში გამავალი მატარებელი კი ალბათ ყველასათვის სასურველი ტრანსპორტი.


ამბის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი წითელი ჭიშკარია, რომელიც სულებისა და ნამდვილ სამყაროს შორის გამავალი კარიბჭეა.

Howl’s Moving Castle (2004)


ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით შექმნილი ანიმაცია - “ჰოულის მოსიარულე კოშკი” სიმამაცის, ახალგაზრდობისა და მაგიის ელემენტებზე აგებული ზღაპარია და ბევრი  დასამახსოვრებელი ადგილით გამოირჩევა. მათ შორის ერთ-ერთი ჰაულის კოშკიდან დანახული ბუნებაა. მწვანე მინდვრები და ნისლიანი მთები ანიმაციაში პერსონაჟებივით ცოცხლობენ, რის შედეგადაც, მაყურებელს თუნდაც ერთი წუთით, თავადაც კოშკის აივანზე ყოფნა სურს. 



ფერად მინდორში მდგარი
ჰაულის კოტეჯი კი ზღაპრის სიურრეალისტურ ფრაგმენტს მოგვაგონებს.

საინტერესო არქიტექტურითა და ბუნებრივი ვიზუალით გამოირჩევა ქალაქი “ინგარიც”, რომელიც დეტალურად ნამუშევრის დასაწყისში ჩანს და მთავარი მოქმედი გმირის, სოფის საცხოვრებელი ადგილია. ამ და სხვა უამრავი ადგილმდებარეობის გამო, მიაძაკის ანიმაცია თავისი ვიზუალით ამბის დასრულების შემდეგაც თავს განსაკუთრებული სიცხადითა და მკაფიო ატმოსფეროს შეგრძნებებით გვამახსოვრებს.