წარმოგიდგენთ ინტერვიუს ფისო აბესაძესთან, ქალთან რომელიც საინტერესო და ორიგინალური ჩაცმის სტლით გამოირჩევა.
შეგიძლიათ თქვენს ახალგაზრდობაზე მოგვიყვეთ?
ჩემი ახალგაზრდობიდან ყველაზე მეტად სტუდენტობის პერიოდი მახსენდება, როდესაც სკოლაში სწავლა დავასრულე და უნივერსიტეტში ჩავირიცხე, დედა სულ მიმეორებდა, რომ სანამ სწავლას წარჩინებით არ დავამთავრებდი, მუშაობას არ დავიწყებდი და კარგი სამსახური არ მექნებოდა, მანამდე არ უნდა მეფიქრა პირად ცხოვრებაზე. ეს პერიოდი 29 წლამდე გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ დედასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა, ჩემს პირად ცხოვრებაზე მასთან არ ვსაუბრობდი, თუმცა ერთხელ მოვუყევი, რომ ჩემს სამსახურში განყოფილების გამგედ მუშაობდა ერთი ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი, რომელსაც ჩემი ოჯახის გაცნობა სურდა.
მე კარგად ვხვდებოდი, რაშიც იყო საქმე, თუმცა დედას ვკითხე, დამრთავდა თუ არა ნებას, რომ ჩვენთან, ოჯახში მოსულიყო და ისინი გაეცნო. ეს ბიჭი მოგვიანებით ჩემი მეუღლე გახდა. მას არაჩვეულებრივი კალიგრაფია ჰქონდა, დისერტაციის დაცვის დროს სტამბაში ხელნაწერი მიიტანა, მაგრამ მისი ნაწერი არც ერთმა სტამბამ არ დაბეჭდა, ენანებოდათ ასეთი კალიგრაფიის ბეჭდური ვერსიის გაკეთება. დედაჩემმაც პირველად ჩემი მომავალი მეუღლის ნაწერი ნახა და თქვა, რომ ადამიანი, რომელიც ასე ლამაზად წერდა, აუცილებლად კარგი ბუნებისა იქნებოდა და მალევე კეთილად განეწყო მის მიმართ. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სწორედ ეს პერიოდია.
როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?
საკუთარ თავზე საუბარი ძალიან რთულია, თუმცა გარშემო ვინც მყავს, ნათესავი, მეგობარი თუ მეზობელი, მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ყველას ვუყვარვარ. გამორიცხულია, ოჯახში რაიმე არ გეწყინოს, რაიმეზე არ გაბრაზდე, მაგრამ არასოდეს გამოვხატავ წყენას. ხანდახან ვერავინ ხვდება, რა მწყინს. მერე “ვიბუტები”, თუმცა, როცა ნაწყენი ვარ, მაშინაც საპასუხოდ არავის არაფერს ვუბრუნებ, პირიქით – ვცდილობ, რაც დადებითი თვისება მაქვს, ის ვაჩვენო ადამიანებს, და ამით მივახვედრო, თუ რაღაც არასწორად გააკეთეს.
შეგიძლიათ საბჭოთა კავშირის პერიოდის მოდაზე გვესაუბროთ? რა ტენდენციებს ეყრდნობოდა საბჭოთა მოდა?
მახსოვს, იყო ერთი პერიოდი, როდესაც მოდაში ძალიან მოკლე, მინი “იუბკები” შემოვიდა. ეს ძალიან მახარებდა, რადგან ჩემს გარეგნობაში ყველაზე მეტად ტანი და ფეხები მომწონდა, სხეული კი ყველაზე კარგად მოკლე კაბაში ჩანდა. უნივერსიტეტში მცნობდნენ ისე, რომ არც ჩემი სახელი იცოდნენ და არც ის, პიროვნულად როგორი ვიყავი – “გოგო, რომელსაც ლამაზი ფეხები აქვს”, – ასე მომიხსენიებდნენ.
მე იმ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რომელსაც “დედათა მონასტერს” უწოდებდნენ. ახლა იმ ასაკში ვარ, როცა ფიზიკური მონაცემები საერთოდ აღარ ჩანს. ამით იმის თქმა მინდა, რომ – “სიბერე ამ მხრივ ძალიან ცუდი ყოფილა”.
მოგვიანებით ძალიან გრძელი კაბები შემოვიდა მოდაში, კოჭებამდე სიგრძის, დედა ამბობდა, რომ მოდა ძალიან უცნაური და რადიკალური რამ იყო, ან ძალიან მოკლე უნდა გცმოდა ან ძალიან გრძელი, მას კი არც ერთი მოსწონდა და არც მეორე – დედას საშუალო, ზომიერი კაბები უყვარდა, ისევე როგორც ყველაფერი ცხოვრებაში. ხანდახან ძალიან მენატრება დედა.
ვარცხნილობას რაც შეეხება, თმის ფერს ტანსაცმლისას უხამებდნენ ხოლმე, თმის ფერის მიხედვით იქმნებოდა ტანსაცმელი.
როგორ იგებდით სიახლეებს დასავლური მოდის ტენდენციებზე?
იმ პერიოდში სამოგზაუროდ ძალიან იშვიათად დადიოდნენ, მე კი ისეთ ორგანიზაციაში ვმუშაობდი, რომელიც ადამიანებს საზღვარგარეთ წასვლაში ეხმარებოდა, აქედან გამომდინარე მეც ხშირად ვმოგზაურობდი, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ახალი ტენდენციები ჩამომქონდა – უცნაური ნივთები, რომლებიც იმ პერიოდში აქ არ იშოვებოდა. მაღაზიებში, ქუჩაში რაც მომეწონებოდა, ყველაფერს ვიმახსოვრებდი, ვიწერდი ან ვიხატავდი, ნივთები, რომლებიც ჩამომქონდა, აქ ერთი წლის შემდეგ ხდებოდა აქტუალური.
პირველად უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე, დედამ საგზური მაჩუქა და უნგრეთში წავედი. ახლაც მახსოვს, როგორი სასიამოვნო იყო პირველი მოგზაურობა.
როგორც უკვე აღნიშნეთ, თქვენი სამუშაოდან გამომდინარე ბევრს მოგზაურობდით, რომელი ქვეყნის კულტურამ თუ მოდამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
ინდოეთმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ძალიან მომწონდა ქსოვილების მაღაზიები, ფერები, ნატურალური ქსოვილები, აბრეშუმი და ნახევრად ძვირფასი თვლები, რომლებიც აქ ჩამომქონდა, შემდეგ კი სამკაულის გასაკეთებლად იუველირებთან მიმქონდა. თუმცა, მეორე მხრივ, არ მომწონდა, როგორ იყო დაყოფილი ინდოეთი ძალიან მდიდრებად და ღარიბებად – ადამიანებად, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ, მათ შორის კი კომუნიკაცია თითქმის არ არსებობდა – მდიდარი ოჯახის შვილებს ეკრძალებოდათ ღარიბებთან ურთიერთობა.
რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტანსაცმლის შერჩევისას?
ყველაზე მნიშვნელოვანი ტანსაცმლის არჩევისას მისი ფერია.
განსხვავებული ჩაცმის სტილით გამოირჩევით, შეგიძლიათ რაიმე ისტორია გაიხსენოთ რომელიც თქვენს სტილს უკავშირდება?
ხშირად მაჩერებენ ქუჩაში, მე კი ვიბნევი, ვერ ვხვდები, რატომ მესალმებიან, ხანდახან მგონია, რომ ვიცნობ ამ ადამიანებს, მოგვიანებით, როდესაც ხვდებიან, რომ გაოცებული ვარ, ფოტოების გადაღებას მთხოვენ. ერთხელ ერთი ქალი გამომეკიდა, ქუჩაში მიცდიდა, მითხრა, რომ ძალიან ლამაზად გამოვიყურებოდი, და რომ იშვითობა იყო ჩემს ასაკში ასე თავისუფლად და თამამად ჩაცმა.
თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა ადამიანზე მისი ვიზუალის მიხედვით ვიმსჯელოთ? როგორ აღწერდით საკუთარ თავს თქვენივე ვიზუალიდან გამომდინარე?
შესაძლებელია, რა თქმა უნდა. შეიძლება მდიდარ ადამიანს ორი ძვირფასი ლამაზი რამ ეცვას, მაგრამ ერთმანეთთან კომპოზიციურად შეუთავსებელი, ან პირიქით – ნაკლები შესაძლებლობის მქონე ადამიანი ტანსაცმლისგან ძალიან კარგ კომბინაციებს აკეთებდეს. როდესაც სტუდენტი ვიყავი, მუდმივად ექსპერიმენტებს ვატარებდი, შესვენებებზე სახლში გამოვრბოდი და ვიცვლიდი. ახლაც, ამ ასაკში დღეში რამდენჯერმე შემიძლია გამოვიცვალო ტანსაცმელი განწყობის მიხედვით.
რჩევა, რომელსაც ახალგაზრდა ადამიანებს მისცემდით.
ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ არ შეიზღუდონ თავი, იყვნენ თამამები და აკეთონ ექსპერიმენტები, არ იყვნენ მოსაწყენები, ფოთლის ფერი რომ ვიკითხოთ, მარტივი პასუხი ამ კითხვაზე მწვანეა, თუმცა მწვანე ფერი ექვს განსხვავებულ ტონალობას მოიცავს, ამით იმის თქმა მინდა, რომ მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია.
დაწერე კომენტარი