ნიუ-იორკით შეპყრობილებისთვის გუგენჰეიმის გვარი უცხოდ ნამდვილად არ ჟღერს. შეიძლება თანამედროვე ხელოვნების სიყვარულმა გუგენჰეიმის მუზეუმის ონლაინტური მოგატარათ თვითიზოლაციისას, ან მანჰეტენზე გადაღებულ ნებისმიერ ფილმში შეამჩნიეთ ქალაქის თეთრი ღირსშესანიშნაობა, ანდა ნიუ-იორკში ყოფნისას, ქერი ბრედშოუს მსგავსად, მისი კარი დაკეტილი დაგხვდათ.
სოლომონ გუგენჰეიმის მიერ დაფუძნებულმა მუზეუმმა უამრავი მოდერნისტი გააცნო მსოფლიოს, მაგრამ მთავარი ავანგარდის სიმბოლო მისი ძმისშვილი, პეგი გუგენჰეიმი გახდა.
არტ-სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალის ცხოვრება ყველაფერი იყო გარდა მოსაწყენისა. მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფაქტი სტატიის სათაურს ჰგავს.
“ტიტანიკის კატასტროფისას დაღუპული გუგენჰეიმის მემკვიდრე”
“ქალი, რომელმაც ჯექსონ პოლოკი აჩუქა სამყაროს”
“ლუვრი გუგენჰეიმის კოლექციის წინააღმდეგ”
“უკანასკნელი კერძო გონდოლას მფლობელი ვენეციაში”
“ხელოვნების ყველაზე გავლენიანი ნიმფომანი”
მდიდარი, მეამბოხე გოგონა, რომელიც ფემინისტური აიქონი გახდა ხელოვნების სფეროში. მისი გემოვნება და აზროვნება ყოველთვის დროს უსწრებდა და ალბათ, სწორედ ამიტომ გაექცა მეოცე საუკუნის კონვენციურ ამერიკას ევროპაში, სადაც გაიცნო თანამედროვეობის ყველაზე გამოჩენილი ხელოვანები და დაიწყო თავისი კოლექციის შეგროვება.
ხელოვნებაზე დამოკიდებული პეგი მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას ახალი ნიმუშების შესაძენად ხარჯავდა. ერთი პერიოდი, მისი არტ-დიეტა დღეში ერთი ნახატის ყიდვისგან შედგებოდა, რამაც 8 წელში ყველაზე მრავალფეროვანი კოლექცია შეაქმნევინა.
მას არ აინტერესებდა, რა ითვლებოდა სილამაზედ, რომელ მხატვარს შეაფასებდნენ კრიტიკოსები დადებითად, მისი ხედვა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ყველაფერ ტრადიციულს და ორდინარულს. მთავარი საყრდენი ხელოვნების ნიმუშის შერჩევისას მისივე თვალები იყო, რომელიც მაშინვე ამჩნევდა პოტენციალს ახალგაზრდა და უცნობ ხელოვანებში.
თავისი გემოვნებისა და ინტერესების ერთგული გუგენჰეიმის გული თანამედროვე ხელოვნებამ დაიპყრო. იმდროინდელი ხელოვნების კრიტიკოსები და არტ-კურატორები ნდობისა და ენთუზიაზმის გარეშე უყურებდნენ სიურრეალიზმს, კუბიზმს, ფუტურიზმს, აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს, მაგრამ სწორედ ხელოვანების ეს ახალი ტალღა გახდა ინსპირაცია პეგისთვის - განევითარებინა და თანამედროვე გაეხადა სფერო.
გუგენჰეიმი პატრონობდა ახალგაზრდა არტისტებს. მის გალერეაში მოწყობილი გამოფენების წყალობით, დღეს უკვე საკულტო მხატვრები - კანდინსკი, პიკასო, ჰენრი მური და მათი პერიოდის სხვა წარმომადგენლები, საზოგადოების წინაშე წარდგნენ და ხელოვნებაში თავისი ადგილი დაიმკვიდრეს. მაგრამ, როგორც პეგი თავად აღნიშნავდა, მისი ცხოვრების მთავარი მიღწევა ჯექსონ პოლოკის აღმოჩენა გახდა, რაც მისთვის თავის კოლექციაზე ძვირფასი იყო.
ნიუ-იორკის, პარიზისა და ლონდონის შემდეგ პეგიმ თავისთვის და თავისი კოლექციისთვის ვენეციაში იპოვა სახლი - მე-18 საუკუნის სასახლე Palazzo Venier dei Leoni-ში, რომელიც დღესაც ღიაა მისი კოლექციის ნახვის მსურველებისთვის. ვენეციაში თავისი სასიყვარული ურთიერთობებით, დაუსრულებელი კოლექციით, ცხოვრებისა და ჩაცმის სტილით პეგი გახდა ქალაქის ბოჰემური მუზა.
გუგენჰეიმი თავის გარეგნობას და სტილსაც ისევე ექცეოდა, როგორც ნებისმიერ სამუზეუმო ექსპონატს. მისი სიყვარული თანამედროვე ხელოვნების მიმართ აისახებოდა ჩაცმულობასა და აქსესუარებში. სპეციალურად მისთვის იქმნებოდა ექსკლუზიური ნივთები, რამაც ის ექსცენტრიკული მოდის სიმბოლოდ აქცია.
პეგი ჩაცმულობის თითოეულ დეტალს იყენებდა საკომუნიკაციო გზავნილად. ნიუ-იორკში გამოფენის გახსნისას ცალ ყურზე ივ ტანგის მიერ მოხატული სიურრეალისტური, ხოლო მეორეზე კოლდერის ხელნაკეთი საყურე ეკეთა. ამ გზით პეგის სურდა ეჩვენებინა განურჩეველი სიყვარული სიურრეალიზმისა და აბსტრაქციონიზმის მიმართ.
გუგენჰეიმის ახლო მეგობრის, ელზა სკიაპარელის მიერ შექმნილი სიურრეალისტური კაბებისთვის პეგი იდეალური მოდელი იყო. რაფ სიმონსის მიერ კელვინ კლაინისთვის შექმნილი სადებიუტო კოლექციაც ერთგვარი გამოხმაურებაა მოდის ამ უკვდავი ნიმუშისა.
მაგრამ ყველაზე გამორჩეული და დამახასიათებელი მაინც ედვარდ მელკარტის ხელნაკეთი სათვალეა. მელკარტმა ხელით შექმნა ჯერ ღამურის და შემდეგ უკვე პეპლის ფორმის სათვალე, რომელიც ცნობილი გახადა პეგი გუგენჰეიმმა და რომლითაც ვცნობთ პეგი გუგენჰეიმს. არაფერია იმდენად დამახასიათებელი მადამ გუგენჰეიმისთვის, როგორც ამ სათვალეში თავის 14 ძაღლთან ერთად “გრანდ კანალზე” გონდოლათი სეირნობა.
ვენეციაში დაარსებულმა სათვალის მწარმოებელმა კომპანია საფილომ დაარსებიდან 80 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოსცა პეგი გუგენჰეიმით ინსპირირებული საკოლექციო სათვალე, რომელიც ორიგინალის იმიტაციაა და ვენეციური ლაგუნის მსგავსად, ლურჯი ფერისაა.
ამ სათვალის შეძენით შეიძლება ვერ გახდეთ თანამედროვე ხელოვნების მთავარი კოლექციონერი, თქვენმა თვალმა ვერ აღმოაჩინოს შემდეგი პიკასო ან პოლაკი, მაგრამ გაიგებთ, თუ როგორია ცხოვრება მადამ გუგენჰეიმის სათვალით.
დაწერე კომენტარი