“ვერ ვიტან კარგ გემოვნებას, ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება კრეატიულ ადამიანს დაემართოს”. ამ ფრაზის ავტორი ჰელმუტ ნიუტონია - ფოტოგრაფი, რომელმაც განსაკუთრებული სტილითა და მიმზიდველი ინდივიდუალურობით შეძლო სრულიად ახალი სიტყვის თქმა ფოტოგრაფიის ისტორიაში. ემოციების, ელეგანტურობისა და მიმზიდველი იდუმალების ნაზავი - ასე შევაფასებდი მეოცე საუკუნეში მოღვაწე ფოტოგრაფის შემოქმედებას, რომლის ყოველ ნამუშევარში ცალსახად იკვეთება მისი უჩვეულო, თუმცა საოცრად მომხიბვლელი ხელწერა.
ჰელმუტ ნიუტონი, რომლის ნამდვილი გვარიც ნოიშტედთერი გახლავთ, 1920 წლის 31 ოქტომბერს ბერლინში დაიბადა. გვარი 22 წლის ასაკში შეიცვალა - მას შემდეგ, რაც ომის პერიოდში ავსტრალიელთა ბანაკში მოუწია ყოფნა. რამდენიმე წლით ადრე კი გადაწყვიტა, რომ კარიერა ფოტოგრაფიისთვის დაეკავშირებინა - 16 წლის ასაკში მამამისს, მაქს ნოიშტედთერს უამბო საკუთარი მიზნების შესახებ და ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფის, ელს ნოილენდერის (რომელიც Yva-ს სახელითაა ცნობილი) შეგირდი გახდა. ინოვაციებითა და არაორდინალური სტილით სახელგანთქმულ ფოტოგრაფთან, რომლის შემოქმედებაც სიურრეალისტური კომპონენტებით გამოირჩეოდა, ჰელმუტმა შესანიშნავი გამოცდილება მიიღო.
1957 წელს ნიუტონი ერთწლიან კონტრაქტს აფორმებს ბრიტანულ Vogue-ისთან, თუმცა, გარკვეული შეზღუდვების გამო, კონტრაქტს ვადაზე ადრე წყვეტს და პარიზში მიემგზავრება, სადაც კარიერას ფრანგულ Vogue-ში აგრძელებს.
საბოლოოდ, სხვადასხვა წარმატებულ კომპანიასთან თანამშრომლობით, ნიუტონმა მოახერხა, საკუთარი ინდივიდუალური სტილი ჩამოეყალიბებინა და დამკვიდრებულიყო იმ ფოტოგრაფად, რომლის ხელწერაც ყოველ მისი ნამუშევარში იკვეთებოდა. გამორჩეული სტილი ეროტიკული ვუაიერიზმისა და ემოციების ნაზავმა განაპირობა, რაც არასდროს რჩებოდა მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღების გარეშე.
“მე ცუდი გემოვნება მიზიდავს - ის უფრო ამაღელვებელია, ვიდრე კარგი გემოვნება, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა რაიმეს დანახვის სტანდარტული გზა”.
მომდევნო წლებში ნიუტონის ყურადღებას უნგრელი ფოტოგრაფი, Brassaï იპყრობს, რომელიც ქუჩის ფოტოგრაფიით იყო ცნობილი და რომლის ნამუშევრებშიც ხშირად იხილავდით იმ პერიოდში მოღვაწე ცნობილ ადამიანებს. მისით შთაგონებულმა ნიუტონმა გადაწყვიტა, რომ ფოტოგრაფიულ კარიერაში ახალი ნაბიჯი გადაედგა და დაიწყო ისეთი ნამუშევრების შექმნა, რომელშიც ქალის სექსუალურობა მკვეთრად იქნებოდა გამოხატული, ამით კი, ერთგვარად, ხაზს გაუსვამდა ქალთა დომინანტურ ბუნებას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ წამოწყებას უამრავი ფემინისტი პროტესტით გამოეხმაურა, რომლებიც ფოტოგრაფს ქალის სხეულის სექსუალიზებაში აკრიტიკებდნენ, მან მნიშვნელოვანი კარიერული წარმატება მოუტანა ნიუტონს, რაც გულისხმობს ისეთ მოდის ჟურნალებთან თანამშრომლობას, როგორიცაა Elle, Queen და Marie Claire.
60-იან წლები, შეიძლება ითქვას, ნიუტონის კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდია - ის იმ შტრიხების შეტანას იწყებს საკუთარ შემოქმედებაში, რომელიც საბოლოოდ ჩამოაყალიბებს ნიუტონის შემოქმედების ერთგვარ ფუძეს, რომლისადმი მცირედი დაკვირვებითაც კი საკმარისი იქნება, მივხვდეთ, რომელი ფოტოგრაფის ნამუშევარია ჩვენ წინაშე.
70-იან წლებში, მას შემდეგ, რაც მის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა, ნიუტონის კარიერაში მორიგი ეტაპი დაიწყო - ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, საბოლოოდ ეთქვა უარი იმ პერიოდში დამკვიდრებულ ყოველგვარ ჩარჩოზე და იმის წინააღმდეგ წასულიყო, რაც მაშინდელი ავანგარდისტული მიმდინარეობის ესთეტთათვის იყო მიღებული.
მომდევნო წლებში, კარიერის განვითარებასთან ერთად, ნიუტონი ცნობილი ადამიანების პორტრეტების შექმნას უფრო ინტენსიურად იწყებს, რომელთა შორისაცაა ენდი უორჰოლი, მადონა, ნიკოლას ქეიჯი და დეივიდ ლინჩი. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მის ობიექტივში არა მხოლოდ ხელოვანები, არამედ პოლიტიკოსებიც ხვდებოდნენ, მათ შორის - გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი და ფრანგი პოლიტიკოსი ჟან-მარი ლე პენი.
ნიუტონი ის ფოტოგრაფია, რომლის ვერც ერთ ნამუშევარს ვერ უწოდებთ მოსაბეზრებელს - მის შემოქმედებას შეიძლება ეწოდოს პროვოკაციული, ვინმესთვის კი ეს შეიძლება გამომწვევი, ან გამაღიზიანებელი იყოს, თუმცა მოსაბეზრებელი არასდროს იქნება. მისი გენიალურობა, ვფიქრობ, სწორედ იმ უნარში მდგომარეობს, რომ ზოგ შემთხვევაში გადაჭარბებული ემოციები მაინც ამდენად მიმზიდველი და შთამბეჭდავი იყოს მაყურებლისთვის.
ჰელმუტ ნიუტონი 2004 წელს გარდაიცვალა. 2003 წელს გაიხსნა მისი ფონდი, რომლის ფარგლებშიც გამოფენები დღესაც ტარდება.
დაწერე კომენტარი