ასაკობრივი ზრდა, დამაბნეველი შეგრძნებები, მარტოობა და დიდ სამყაროში თავის ძიება ამერიკელი მუსიკოსის, აქტივისტისა და მსახიობის, რივერ ფენიქსის, შემოქმედების განუყოფელი ელემენტებია. რივერი პროტესტის მატარებელ, ემოციებში დაკარგულ გმირებს დაკვირვებით ირჩევდა, რადგან თითოეულში თავისთვის საინტერესო, მნიშვნელოვან შტრიხს პოულობდა. მსახიობის მიერ ნათამაშები გმირები ორი სიტყვით რომ დაგვეხასიათებინა, უპირობოდ “მგრძნობიარე მოზარდებს” ვუწოდებდით. მოზარდებს, რომლებიც, ერთი მხრივ, რივერის ნამდვილ ცხოვრებასაც ეხმიანებიან. 


სამოცდაათიანებში დაბადებულ ფენიქსს სახელი “რივერი” მშობლებმა ჰერმან ჰესეს “სიცოცხლის მდინარის” შთაგონებით დაარქვეს, რაც მათი ბოჰემური ცხოვრების სტილზე მეტყველებდა. ოთხ და-ძმას შორის რივერი უფროსი იყო. ადრეული ასაკიდანვე შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეული. მსახიობის პირველი წარმატებული ნამუშევარი 1986 წელს გადაღებული ფილმი Stand By Me აღმოჩნდა, რომელიც ოთხი მეგობრის ცხოვრებისა და ზრდის პროცესს ემოციური, თუმცა, ამავდროულად, რეალისტური გზით ასახავს.

 

 

ფენიქსი ფილმში  ჯგუფის ლიდერსა და შინაგანი კონფლიქტის პირას მყოფი ბავშვის როლს თამაშობს, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალთა ოჯახიდანაა, გულის სიღრმეში სწავლა და მშვიდი მომავალი სურს. რივერის გულწრფელმა შესრულებამ მისი პერსონაჟი ერთ-ერთი პირველი გახადა იმ დაბნეულ მოზარდთა შორის, რომლებიც მსახიობმა მომავალში განასახიერა. ნამუშევრის ერთ-ერთ ნაწილში რივერი ტირის, რასაც გადაღებაზე მხოლოდ რეჟისორის ნათქვამი წინადადების შემდეგ მიაღწია, გაეხსენებინა თავის ცხოვრებაში ერთი მოზარდი, რომელმაც იმედი გაუცრუა. “მინდა ისეთ ადგილას წავიდე, სადაც არავინ მიცნობს”, - ამბობს მისი პერსონაჟი და ამ ციტატით, გარკვეულწილად, ფენიქსის ცხოვრების გვიან პერიოდს ეხმიანება.

აბსურდულად მძიმეა ტვირთი, იქცე კონკრეტული თაობის სიმბოლოდ, რაც ფენიქსის ცხოვრებაში ბუნებრივ დაბრკოლებებს ქმნიდა. რივერის დედამ ბიჭის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ გაიხსენა, რაც უფრო  იზრდებოდა მსახიობი, მით მეტად არაკომფორტულად გრძნობდა თავს იმ ფიგურის მიმართ, რომლადაც ის მედიამ აქცია. “ადრეული თინეიჯერობისას მოდელივით ჩაცმას მთხოვდნენ. მეუბნებოდნენ, როგორ ვმდგარიყავი კამერის წინ, საითკენ გადამეხარა თავი, რაც დღის ბოლომდე მღლიდა, ამიტომ თავის სწრაფად დასაღწევად იმას ვაკეთებდი, რასაც ითხოვდნენ. ძალიან დამამცირებელი გამოცდილება იყო და სურათებიც არასოდეს მომწონდა, არ ვიყავი ის, ვინც მათზე იყო გამოსახული. ამის შემდეგ კი, როცა აღარასოდეს მინდოდა, ეს ფოტოები სადმე შემხვედროდა, ისინი სამუდამოდ რჩებოდნენ თინეიჯერული ჟურნალების გარეკანზე”, - ამბობს რივერი. მსახიობმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, სპეციალური ფოტოსესია დაგეგმა, რომელშიც ექსცენტრიკული პოზები და თავისუფალი მოძრაობა თვითგამოხატვის მთავარ მეთოდად აქცია. რივერს სურდა, ბუნებრივად გამოეხატა სახე, რომელიც მის შინაგან ბუნებასთან ყველაზე ახლოს იყო.


1988 წლის ნაშრომში - Running on Empty მსახიობი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ოსკარის ნომინაციაში მოხვდა. ამ ამბავში რივერი ახალგაზრდა პიანისტს თამაშობს, რომელსაც საკუთარ სურვილებსა და მიზნებს შორის არჩევნის გაკეთება უწევს. ეპიზოდური როლის მიუხედავად, რივერის ენერგიული პერსონა და ემოციური შესრულება მსახიობის შემოქმედებაში გმირს კვლავ გამორჩეულს ხდის.


სამახსოვროა ფენიქსის მომდევნო პერსონაჟიც, მგრძნობიარე ხასიათის უსახლკარო მოხეტიალე, რომელიც ნეკროლეფსიით იტანჯება და მეგობრის მიმართ გაჩენილ გრძნობებში გარკვევას ცდილობს, ნამუშევრიდან My Own Private Idaho (1991). გმირის უკეთ შესასწავლად და როლისთვის მოსამზადებლად, ფენიქსი სახიფათოდ გადაეშვა ნამდვილ მოხეტიალეთა სამყაროში. მსახიობმა არა მარტო ქუჩის უსახლკაროები გამოკითხა, არამედ სხვადასხვა ექსპერიმენტული ნარკოტიკიც მოიხმარა. ფენიქსის თვისება, ინტენსიურად მოერგო გმირის ბუნება, სხვა ფილმებზე მუშაობის დროსაც შეიმჩნეოდა. “ქამელეონის უამრავი თვისება მაქვს, გარემოში ხშირად ვიკარგები”, - ამბობს მსახიობი. რეჟისორს სურდა, რივერის პერსონაჟის დამოკიდებულება მეგობარი ბიჭის მიმართ ამოუცნობი ყოფილიყო, მაგრამ მსახიობის ინიციატივით, გმირის გრძნობები ამბავში ზუსტი და თვალსაჩინო გახადეს, რითაც უფრო მეტად სევდიანი აღმოჩნდა საპასუხო გრძნობის მოლოდინით სავსე  პერსონაჟის ისტორია. სითბოს ძიებაში დაკარგული მოზარდის სახით რივერმა კიდევ ერთი დაბნეული ადამიანის გულწრფელი პორტრეტი შექმნა.

შემოქმედებითი ნამუშევრების გარდა, ფენიქსი ოთხმოცდაათიანებში თავისი ინდივიდუალური ჩაცმულობითაც გამოირჩეოდა. დიდი ზომის სვიტერი, ცისფერი ჯინსი და სპორტული კონვერსები მსახიობის ერთ-ერთ გარეგნულ მახასიათებლად  იქცა. 

ფენიქსი თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მისწრაფებად მუსიკასაც თვლიდა და წლების განმავლობაში ბენდის წევრი იყო. “მუსიკა ჩემს გონებაში ოაზისის როლს ასრულებს. შექმნის პროცესი ყოველთვის ძალიან პირადი და დადებითი შეგრძნებების მომტანია”, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში. პრესისა და მედიის მიმართ რივერის ცინიკური დამოკიდებულება უცხო არავისთვის იყო. ინტერვიუს დროს ხშირად იტყუებოდა, რადგან მისივე თქმით, თუ იცრუებდა,  იქნებ მაშინ დაეწერათ მასზე სიმართლე. “არ მინდა სულ ჩემს თავზე ფიქრსა და ლაპარაკში დავიკარგო. კარგია, უბრალოდ მოეშვა და დროებით შენს თავს მოწყდე, სხვა მოვლენებზე იფიქრო”.

რივერი ყველა ხელმისაწვდომ პლატფორმას იყენებდა, ინტერვიუებიდან დაწყებული, პირადი ესეებით დამთავრებული, რომ თავისთვის ორი მნიშვნელოვანი მისწრაფების - გარემოს დაცვისა და ცხოველთა უფლებების -  ირგვლივ ცნობიერება აემაღლებინა. ოჯახის წევრების მსგავსად, ის რვა წლიდან ვეგეტარიანელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა რივერს მსახიობის სახელით იცნობს, ის პრიორიტეტთა შორის ყოველთვის გამოარჩევდა ბუნებასა და ცხოველებზე ზრუნვას. რივერის სიტყვებით, “არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე მიწა, ჰაერი და წყალი”.

ფინანსური კუთხით ფენიქსი ხშირად ეხმარებოდა ჰუმანიტარულ  ორგანიზაციებს -  ერთხელ განადგურების პირას მისული კოსტა რიკას ტყის 800 არკიც კი  შეიძინა. განსაკუთრებული პოპულარობისა  და  მოყვარულთა ფართო აუდიტორიის მიუხედავად, მსახიობს არასოდეს დაუკარგავს  ძვირფასი ღირებულებები, მეტიც, უამრავჯერ დაამტკიცა, რომ პოპულარობის გამოყენება პირადი ეგოს საკეთილდღეოდ უსარგებლოა, როდესაც შენი ენერგია ბევრად ჯანსაღი, პროდუქტიული გზით შეგიძლია წარმართო.   ფენიქსისთვის ეს გზა გლობალურ პრობლემებზე ფოკუსირება იყო. “ხორცს 40,000 დოლარის ფასადაც არ შევჭამ” - ეს  მსახიობის ერთ-ერთი ფრაზაა.

რივერ ფენიქსი 1993 წლის ოქტომბრის  ბოლო ღამეს  ნარკოტიკის  ჭარბი დოზის გამო  გარდაიცვალა, რაც, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, რამდენადაც სევდიანი, იმდენად მოულოდნელი იყო. მოკლე სიცოცხლის მიუხედავად, მზრუნველი ხასიათით, ბუნებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბრითა და ემოციური, გულწრფელი როლებით, ფენიქსმა ოთხმოციანების ამერიკასა და შემოქმედებით კულტურაზე წარუშლელი კვალი დატოვა. 

 

“არ მინდა ავტოავარიაში მოვკვდე. ჩემი გარდაცვალება მშვიდი იქნება, ალბათ ჩანჩქერთან ახლოს”.