მოდისა და ხელოვნების სამყაროები ცვალებადია, ორივე მუდმივად თანამედროვეა, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია: ხელოვნება შეზღუდვებისგან თავისუფალია, როდესაც მოდა სწრაფმავალი ინდუსტრიის განსაზღვრულ გზას მიჰყვება. დიზაინერები შთაგონების წყაროდ ხშირად იყენებენ ხელოვნებას, რომ საკუთარ ნამუშევრებს თანდაყოლილი, თავისთავადი შემოქმედებითი თავისუფლება მიანიჭონ. თვალი გადაავლეთ ხელოვნებისა და მოდის სამყაროების გადაკვეთაზე შექმნილ კოლაბორაციებს, რომელთაგან უმეტესობა უკვე იქცა შედევრად, ზოგიერთი კი მომავლის პროგნოზებით გვაინტრიგებს.
Longchamp x Tracey Emin
კრიტიკოსებმა აქსესუარების ამ ხაზს, რომელიც ტრეისი ემინისა და Longchamp-ის საერთო ნამუშევარია, monster bags შეარქვეს. ის სასიყვარულო ისტორიაზე მინიშნებაა, რომელშიც ქალს მსოფლიოში „საერთაშორისო სიყვარულის“ საძებნელად ქალაქიდან ქალაქში უნდა ემოგზაურა.
Elsa Schapiarelli x Salvador Dalí
Organza Dinner Dress with Painted Lobster - ეს არის ერთ-ერთი პირველი კოლაბორაცია, რომელიც მოდასა და ხელოვნებას შორის შედგა. კაბა დიზაინერ ელზა სკაპარელისა და სალვადორ დალის ნამუშევრების “ნაერთია”, რომელმაც მოდის სამყაროში ახლებური ხედვა დაამკვიდრა.
Piet Mondrian x Yves Saint Lauren
კიდევ ერთი ტანსაცმლის ხაზი, ამჯერად მონდრიანის ნამუშევრების მიხედვით, აზედინ ალაიამ შექმნა Yves Saint Laurent-სთვის, 1965 წელს. ჰორიზონტალურმა ხაზებმა, ფერადმა გეომეტრიულმა ფიგურებმა ივ სენ ლორანი ხელოვან გენიოსებთან დააახლოვა.
Louis Vuitton x Takashi Murakami
ერთ-ერთი კომერციულად ყველაზე წარმატებული კოლაბორაცია 2003 წელს შედგა, როდესაც იაპონელი პოპ-არტისტის, ტაკაში მურაკამის და ლუი ვიტონის აქსესუარების კოლექცია ვიხილეთ.
Gucci x Petra Collins
ახალგაზრდა ფოტოგრაფმა პეტრა კოლინსმა შექმნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ავტობიოგრაფიული დეტალებით, GUCCI-ის სათვალისთვის, რომელიც ფერად, წარმოსახვით და თავისუფალ სამყაროში გვამოგზაურებს.
Rei Kawakubo x Merce Cunningham
რეი კავაკუბო, Comme des Garçons-ის შემოქმედებითი დირექტორი, ყოველთვის ცნობილი იყო დიზაინით, რომელიც მოდასა და ხელოვნებას შორის საზღვრებს ბუნდოვანს ხდის. ლეგენდარული ქორეოგრაფის, მერს კანინგემის შთაგონებით, მან 1997 წელს შექმნა გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია - Body Meets Dress, Dress Meets Body. თანამედროვე ცეკვისა და ავანგარდული მოდის ურთიერთქმედება სხეულს განსხვავებულად წარმოაჩენს.
Prada x Michael Elmgreen & Ingar Dragset
ტეხასის უდაბნოს ფონზე მდგარი ეს შენობა მაიკლ ელმგრინისა და ინგარ დრაგსეტის ინსტალაციაა, რომელიც ირონიულ ელფერს სძენს ძვირად ღირებული ნივთების შეძენის პროცესს, რადგან, როგორც წესი, Prada-ს მაღაზიები ქალაქების ყველაზე ელეგანტურ ადგილას გვხვდება. ეს ინსტალაცია ხელოვნების მოყვარულთათვის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა, თუმცა ხშირად ვანდალიზმის მსხვერპლიც ხდება.
Andy Warhol X Calvin Klein
ამერიკელი ხელოვანი, რეჟისორი და პროდიუსერი ენდი უორჰოლი Calvin Klein-ის ჯინსების კოლექციიდან კიდევ ერთხელ გვახსენებს თავის “ავტოპორტრეტებს”. მისი სურათები იმავე სტილის პოპ-არტით არის გადმოცემული, რომლითაც 60-იანებში გახდა ცნობილი.
Raf Simons x Robert Mapplethorpe
რაფ სიმონსმა 2017 წლის გაზაფული/ზაფხულის მამაკაცის სამოსის კოლექციის შთაგონებას რობერტ მაპელტროპის ფოტოგრაფიაში მიაგნო. მაპელტროპის სურათების ხილვა თეთრ ფართოყელიან პერანგებზე შეგვიძლია, რომელიც სამოსს ფოტოგრაფის ნამუშევრების მსგავს განწყობას ანიჭებს.
Max Mara x Hermitage
კომპანია - Max Mara-მ ერმიტაჟის მუზეუმს ორი პალტო წარუდგინა და 2020 წლის 25 თებერვალს მათი თანამშრომლობა შედგა. ერმიტაჟის გენერალური დირექტორისა და მთავარი კურატორის, სვეტლანა ადაკსინას განცხადებით, Max Mara-ს ეს საჩუქარი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს სხვა ექსპონატებს შორის, განსაკუთრებით ძვირფასია მუზეუმისთვის და ეს მათი კოლაბორაციის მხოლოდ დასაწყისია.
Alexander McQueen x Damien Hirst
ბრიტანული მოდის სახლის, ალექსანდრ მაკ-ქუინისა და ბრიტანელი ხელოვანის, დემიენ ჰირსტის კოლაბორაცია პირველად თავის ქალის გამოსახულებიანი შარფით შედგა, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ამის შემდეგ ჰირსტის ენტომოლოგიურ სერიაზე დაყრდნობით, რომლის შთაგონებაც დანტეს “ჯოჯოხეთი” იყო, შეიქმნა ახალი ადაპტაცია, რომელშიც ობობებით, პეპლებით და სხვა მწერებით კალეიდოსკოპური გეომეტრიული ფორმებია წარმოდგენილი. ამ დიზაინით მაკ-ქუინისა და ჰირსტის მსგავსი ესთეტიკური ხედვები ერთიანდება, სიმეტრიული დიზაინი და ბუნებასთან ძლიერი კავშირი ერთმანეთს ერწყმის.
Gucci x Coco Capitan
Coco Capitán ბრიტანეთში მოღვაწე ხელოვანია, რომელიც ნამუშევრებს განსხვავებულ პლატფორმებით ქმნის. მის ფოტოებში მარტივი, იუმორისტული შეტყობინებებია დამალული, რომლებიც მნახველს ინტერპრეტაციების ფართო ასპარეზს უტოვებს. Gucci-სთან კოლაბორაცია, ძირითადად, მისი შემდეგი გამონათქვამებით შედგა: What are we going to do with all this future? “რას ვუპირებთ მთელ ამ მომავალს”?), Common sense is not that common (“საყოველთაო აზრი არც ისეთი საყოველთაოა”), I want to go back to beliving a story (“მინდა უკან, იმ დროში დაბრუნება, როდესაც ამბების მჯეროდა”). ხელოვანის თქმით, Naïvy feels braver - ესაა შოუ, რომელიც ყოველთვის უნდოდა, რომ გაეკეთებინა.
Dior x KAWS
ბრაიან დონელი, ანუ KAWS, როგორც მას იცნობენ, ქმნის ფიგურებს, რომლებიც მკვდარ თოჯინებს წააგავს. თავიდან ის ქმნიდა ორგანზომილებიან ნახატებს, შემდეგ კი სხვადასხვა ზომითა და მასალით სამ განზომილებაში გადმოიტანა. მის ნამუშევრებში კონტრასტი ამ ქმნილების ბავშვურობითა და მისი ჯვარდასმული თვალების გამო სიკვდილზე ასოციაციებით იქმნება.
პარიზში დიორის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე უზარმაზარი KAWS-ის სკულპტურა იდგა, რომელიც ვარდისფერი ყვავილებისგან გაკეთებული და დიორის ტანსაცმლით შემოსილი იყო. მოდელებს კი ეს თოჯინები აქსესუარებად ჰქონდათ გამოყენებული, ისევე როგორც დიორის ფუტკრები, რომლებზეც დიზაინერმა იმუშავა და KAWS-ს დაამსგავსა.
Supreme X Cindy Sherman
ჯერ კიდევ 1970-იანებში დაუკავშირდა ერთმანეთს სკეიტბორდის კულტურა და ქუჩის ხელოვნება და შემოქმედებისთვის ახალი სამუშაო მასალა გაჩნდა - სკეიტბორდის ზედაპირი. სინდი შერმანისა და Supreme-ის კოლაბორაცია 2017 წელს შედგა და სკეიტების ზედაპირზე შერმანის ორიგინალური ნამუშევრები და ხელმოწერა დაიბეჭდა.
Dior x Amoako Boafo
მამაკაცის გაზაფხული/ზაფხულის 2021 წლის კოლექციისთვის დიორი განაელ ხელოვანთან, ამოაკო ბოაფოსთან თანამშრომლობს. ბოაფო თითებით ხატავს და მისი ნამუშევრები ძირითადად შავკანიანი დიასპორის იდენტობას და მასკულინურობას იკვლევს. კიმ ჯონსმა, რომელიც ლონდონში დაიბადა, განაცხადა, რომ ბავშვობის განმავლობაში მისთვის აფრიკა მეორე სახლი იყო, ამიტომ 2021 წლისთვის ის მხატვრის შავკანიანი დიასპორის პორტრეტების და დიორის კოლექციის შერწყმას შემოგვთავაზებს.
დაწერე კომენტარი