ესკიზი ტრადიციულად უხეში ნახაზი ან ნახატია, რომელშიც მხატვარი ნამუშევრისთვის იმ წინასწარ იდეებს აღნიშნავს, რომლებიც საბოლოოდ უფრო დიდი სიზუსტით განხორციელდება. ესკიზი ეს არის დაჭერილი კადრის ან წარმოსახვის სწრაფი ასახვა სხვადასხვა ფაქტურაზე.
ასე ახასიათებენ მოკლედ ესკიზებს მხატვრობაში, მაგრამ ანას ნამუშევრები გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ესკიზი. ეს არის საინტერესო ფასადების, უცხო დიზაინის ავტომობილებისა თუ სხვა მხატვრულად დაჭერილი კადრების ფაქიზად გადატანა ფურცელზე, ფერთა საინტერესო თამაშით.
მის ესკიზებში ასახულია ერთგვარად შეუმჩნეველი ორნამენტები თუ ურბანული სტილი; საინტერესო არქიტექტურული ნიმუშების ფურცელზე შენახვისა და გაცოცხლების მცდელობა. ანას ნამუშევრებს კარგად და დიდხანს უნდა უყურო, აღმოაჩინო დეტალები, ფერები და მერე თავად წარმოიდგინო თავი ნახატში გაჩერებული კადრის წინ.
ანა, მოგვიყევი შენ შესახებ, პირველად როდის და როგორ დაინტერესდი ესკიზებით?
პროფესიით არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი ვარ. ამაჟამად ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ქალაქმგეგმარებით პროექტებზე ვმუშაობ. რაც შეეხება ხატვას, ბავშვობიდან ვხატავ. ისე მოხდა, რომ ჯერ სამხატვრო ათწლედში დავდიოდი გრაფიკის განხრით, შემდეგ სამხატვრო აკადემია დავამთავრე არქიტექტურის მიმართულებით, გამოდის, რომ მთელი ცხოვრება ვხატავდი. სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ ესკიზებს და ჩანახატებს ხშირად ვაკეთებდი. მერე რაღაც პერიოდი არქიტექტურაზე გადავერთე, თუმცა კორეაში ცხოვრებამ ისევ გამიღვიძა ესკიზების ხატვის სურვილი.
რა არის ყველაზე რთული ესკიზების შექმნის პროცესში?
ყველაზე რთული ალბათ დროის გამოძებნაა. ხატვა უწყვეტი პროცესია, როცა არ უნდა გაჩერდე. სულ უნდა ხატო, ეძებო სიახლები, ხელი უნდა გაიწაფო, გაავარჯიშო, რომ უფრო და უფრო გააუმჯობესო ის, რასაც ქმნი. როცა დუნდები, ხელსაც იგივე ემართება, ამიტომაც აუცილებელია მუდმივად იყო ამ პროცესში.
როდესაც ხატვის პროცესს იწყებ, პირველად რას ხატავ, ხომ არ გაქვს შენებური ჩვევა ან მანერა?
გამორჩეულად არ მაქვს რაიმე ჩვევა ან დეტალი, რითაც ვიწყებ ხატვას. გააჩნია რას ვხატავ. უმეტესად ინტუიცია და განწყობა თავად გკარნახობს, რითაც უნდა დაიწყო, რა უნდა იყოს პირველი შტრიხი.
რა არის შენი შთაგონების წყარო?
ბევრი რამ შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო, რაღაც დეტალმა შეიძლება მიიქციოს შენი ყურადღება. რადგან ქალაქმგეგმარებელი ვარ უფრო ხშირად ჩემს ყურადღებას საინტერესო არქიტექტურა და ქალაქის ფასადები იპყრობს და შემდეგში სწორედ ისინი ხდებიან ჩემი შთაგონების წყარო.
შენს ნამუშევრებში ხშირია აზიური თემატიკა. როგორ მოხდა შენი და აზიის გადაკვეთა?
კორეაში მაგისტრატურის კურსის გასავლელად მომიწია გარკვეული პერიოდით ცხოვრება. იქ მოხვედრამდე უმეტესად არქიტექტურაზე ვიყავი გადართული და ნაკლებად მიწევდა ხატვა. კორეაში რომ ჩავედი, სხვა შთაგონება მოვიდა გარემოსგან, ქალაქისგან და ისევ დავიწყე ესკიზების კეთება. რა თქმა უნდა, გასართობად, ჩემთვის ვხატავდი და ახლაც თითქმის იგივე მიზნით ვხატავ, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ბევრ ფოტოებს ვიღებდი, ჩანახატებს ვაკეთებდი და შესაბამისად, ჩემს ესკიზებშიც ხშირია კორეის თემატიკა. იქაური არქიტექტურა და შენობების ფასადებიც აისახა ჩემს ნახატებში.
შეგიძლია სამი სიტყვით დაგვიხასიათო შენი შემოქმედება?
ფერადი, ცოცხალი და დეტალიზებული.
ესკიზში და, ზოგადად, ნახატში ძალიან მნიშვნელოვანია ფერები. შენ როგორ არჩევ ფერებს?
ძირითადად იმის მიხედვით, რასაც ვხატავ. იშვიათად ვუცვლი ფერებს. ვცდილობ, მაქსიმალურად ბუნებრივად შევინარჩუნო სურათი და იშვიათად შევცვალო ფერი. ხშირ შემთხვევაში რაღაც დეტალის ფორმამ შეიძლება გიბიძგოს დახატო კონკრეტული გარემო.
შენ თვითონ ვინ მოგწონს, ხომ არ გყავს გამორჩეულად საყვარელი მხატვარი?
ინსპირაციისათვის ხშირად ვათვალიერებ ინსტაგრამსა და სხვა სოციალურ საიტებზე სხვადასხვა არტისტების ნამუშევრებს. ბევრი მომწონს, თუმცა ასე სახელებით და გვარებით არ ვიცი. კონკრეტულად გამორჩეული არავინ მყავს. თუმცა, ბევრია და ძალიან კარგებიც.
სამომავლო გეგმები...
მომავალში მინდა, მეტი დრო დავუთმო ესკიზების შექმნას. მინდა, ეს ჰობი მხოლოდ ჰობად არ დარჩეს და უფრო მასშტაბური გავხადო. ბევრს მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ და ეს მეც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
დაწერე კომენტარი