საგანმანათლებლო პლატფორმა Touch  2019 წლის Digital Summit-ის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ამჯერად  Creative Touch კრეათონს გვთავაზობს, სადაც გრაფიკულ დიზაინერებს, ფილმის მწარმოებლებს, რეჟისორებს, ანიმატორებს, პროდიუსერებს, UX/UI დიზაინერებს, VR/AR  დეველოპერებს, პროდუქტის მენეჯერებს, კონტენტის შემქმნელებსა და მარკეტერებს დაუვიწყარ მოგზაურობაში იწვევს.

27 თებერვლიდან მომდევნო სამი დღის განმავლობაში Rooms Hotel ყაზბეგში Touch ექსპერიმენტულ ღონისძიებას - კრეათონსა და კონფერენციას გეგმავს, სადაც  მოწვეული სპიკერები და დამსწრეები ერთად იმუშავებენ ისეთ განსაკუთრებულ შემოქმედებით პროექტებზე, როგორებიცაა დოკუმენტური ფილმი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ფოტოპროექტები, ანიმაციური ფილმი, ილუსტრაცია, UI გადაწყვეტილებები და პერფორმანსები.  


ღონისძიება ჯგუფური მუშაობის, კონფერენციისა და სხვადასხვა აქტივობების ფორმატში ჩატარდება, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს კი ისეთი კომპანიების მომხსენებლები გაუძღვებიან, როგორებიცაა: DreamWorks Animation, Wargaming, Google, Scorpion Dagger, Revolver Entertainment, Augmented Pixels, Studio Impulse, Boiler Room,Smashing Magazine, Radioaktive Film და სხვა. ყაზბეგში გამართულ კრეათონს  სპიკერის როლში ესტუმრება ცნობილი ქართველი რეჟისორი და მსახიობი თემურ ბაბლუანიც. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება  ქართველი რეჟისორების რჩეული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, ცნობილ არტისტებთან ერთად ინფორმაციული დისკუსია ხელოვნებასა და დიზაინის ტრენდებზე, ნეთვორქინგ წვეულებები, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და ყაზბეგის ულამაზეს ბუნებაში სრიალი.

"გვინდა ჩავატაროთ ექსპერიმენტი და ერთად მოვუყაროთ თავი სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიის წარმომადგენლებს - გრაფიკულ დიზაინერებს, UX/UI სპეციალისტებს, პროექტ- და პროდუქტ-მენეჯერებს, რეჟისორებს, VR/AR დეველოპერებს, შინაარსის შემქმნელებს -  იმისთვის, რომ ერთობლივად შეიმუშავონ ახალი იდეები", - ამბობს საგანმანათლებლო პლატფორმა Touch-ის დამფუძნებელი, ბექა ქვარცხავა.



როგორც ღონისძიების ორგანიზატორები გვპირდებიან, დამსწრეები კრეატიული Touch-სგან ისწავლიან, როგორ გაიზარდონ სწრაფად და მიაღწიონ ახალ მწვერვალებს კარიერაში,  როგორ გააფართოონ შემოქმედებითი ბიზნესი, ისინი შეიძენენ ლიდერობის თვისებებს მოწვეული პროფესორებისგან, იპოვიან ახალ პარტნიორებს, შექმნიან სამუშაო გუნდს, შეიძენენ მომხმარებელს და აღმოაჩენენ ნიჭიერ ადამიანებს საკუთარი გუნდისთვის.

მათ კი, ვისაც სურს, რომ ეს ყველაფერი სულ რაღაც სამ დღეში და თანაც  არაჩვეულებრივ გარემოში მიიღოს, ბილეთების შეძენა აი, ამ ბმულზე შეუძლია : https://touch.ge/creative#tickets

ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორია Hammock Magazine.
სულ მალე, კრეათონთან ერთად ძალიან საინტერესო კონკურსს შემოგთავაზებთ.