მოდერნიზმი ამერიკის არქიტექტურაში მჭიდროდ უკავშირდება კალიფორნიას. თუმცა, ყველაზე მეტად კალიფორნიული ქალაქებიდან  ეს სტილი პალმ სპრინგსშია თვალსაჩინო.

პალმ სპრინგსის უდაბნოს პეიზაჟმა მალევე მიიქცია მდიდარი ხალხის ყურადღება. 1929-დან 1939-მდე აქ მოსახლეობის რიცხვი  ოთხჯერ გაიზარდა. ადგილის ასეთი პოპულარიზაცია ჰოლივუდის წარმატებასაც უკავშირდება, როცა 30-იან და 40-იან წლებში კინემატოგრაფია  ყვაოდა და პალმ სპრინგსი იქცა მდიდარი და ცნობილი  ხალხის კურორტად. შენობების მარტივი და სადა ფასადების მიღმა იმალება არაერთი ადამიანის გლამურული, პირადი და მდიდრული ცხოვრება.

 

Richard Neutra – The Kaufmann House, 1946

 

 

როდესაც პიტსბურგის უნივერმაღის მაგნატმა ედგარ კაუფმანმა  პალმ სპრინგსში იყიდა მიწა, ის  ერთ ყველასთვის ნაცნობ შენობას უკვე ფლობდა - ფრანკ ლოიდ რაითის - Fallingwater-ს. თუმცა, 1946 წელს მან ავსტრიელ-ამერიკელ არქიტექტორს ზამთრის დასასვენებელი სახლი შეუკვეთა ახალ უდაბნოს ქალაქში. ნეუტრა, რომელიც სწორედ რაითის შენობების ინსპირაციით გახდა არქიტექტორი, გამოირჩევა თავისი მინიმალიზმით და შესაბამისად, აქაც შესამჩნევია მარტივი ღია სივრცე, ბრტყელი სახურავი და შუშისკედლიანი სახლი, რომელიც თითქოს უდაბნოში ტივტივებს.

 

Albert Frey – Loewy House, 1946

 

 

ალბერტ ფრეის ეს ნამუშევარი ცენტრალური აუზის ირგვლივ გარშემორტყმული ორი ვიწრო გრძელი ნაწილია. მართკუთხა შენობების გადაკვეთაზე, სახლის ერთადერთი ვერტიკალური დეტალია  ბუხრის უკანა მხარე, რომელიც შემოსასვლელზე მიუთითებს. აუზი  ინტერიერში არის შეჭრილი, რაც შენობის შიდა და გარე სივრცეების საზღვრებს არღვევს. ამასთან, სახურავი, რომელიც გრძელდება უდაბნოში, ლანდშაფტის ნაწილებსაც პირად სივრცედ აქცევს. ლოევიმ სახლის დიზაინში საკუთარი წვლილიც შეიტანა და დაამატა ისეთი დეტალები, როგორებიცაა აუზის სივრცეში ხის გამოყენება, ინტერიერის მოწყობა და დიდი ოთახის ჭერი.

 

E. Stewart Williams – Edris House, 1954

 

 

ქვიან ფერდობზე მდებარე სახლი არქიტექტორმა სასტუმროების მფლობელ უილიამ ედრისა და მისი მეუღლისთვის შექმნა. ამერიკელი არქიტექტორი იმ დროისთვის ფრენკ სინატრას სახლის დიზაინით იყო ცნობილი. თუმცა მას მხოლოდ რამდენიმე სახლის დიზაინი ეკუთვნის და უმეტესად კომერციულ პროექტებზე მუშაობდა. უილიამ და მარჟორი ედრისები უილიამსის და მისი მეუღლის გვერდით ცხოვრობდნენ და ოთხეული მალევე დამეგობრდა. ედრისებმა არქიტექტორს ულიმიტო ბიუჯეტი და დიზაინში სრული თავისუფლება მისცეს. რადგანაც ისინი  მეგობრები იყვნენ, უილიამსი კარგად იცნობდა წყვილის ცხოვრების სტილს და სახლის დიზაინიც მაქსიმალურად  მათ “მოარგო”. შენობის ხის დეტალები ქვის და კალიფონიისთვის დამახასიათებელ შუშის კედლებს კარგად ერწყმის. უხვი დღის სინათლე, შიდა და გარე სივრცეების შერწყმა და კლდოვანი უდაბნოს ხედი სახლს არქიტექტორის შედევრად აქცევს.

 

Albert Frey – Cree House, 1955

 


შვეიცარიაში დაბადებული არქიტექტორი  „უდაბნოს მოდერნიზმის“ ფუძემდებლად ითვლება. მისი ეს შენობა პალმ სპრინგსის უდაბნოს კლდოვან ფერდობზეა განთავსებული. აქაც, ისევე როგორც ფრეის სხვა ნამუშევრებშიც, გარშემო მდებარე ქვები სახლის კედელს ქმნის, რაც სახლს საშუალებას აძლევს მარტივად შეერიოს გარემოს. სახლის განსაკუთრებული ელემენტია ყვითელი გოფრირებული ბოჭკოვანი მინის პანელები, რომლებიც აივანს არტყია. . რენოვაციის მიუხედავად, შენობის თავდაპირველი მასალები დღესაც შენარჩუნებულია - შიდა და გარეთა კედლის პანელები, სამზარეულოს ხელსაწყოები და კარადები და აბაზანის შუშის კარი.

 

Craig Elwood – Max Palevsky House, 1971

 

 

არქიტექტორმა რუსი მილიარდელი მაქს პალევსკი მაშინ გაიცნო, როცა მილიარდელმა ის თავისი კომპანიის სათავო ოფისის შენობისთვის დაიქირავა. თანაც ისინი ერთ ჩოგბურთის კლუბში იყვნენ გაწევრიანებულები და მალევე დამეგობრდნენ. კომპიუტერული ტექნოლოგიის მაგნატი ყოველთვის დაინტერესებული იყო ხელოვნებით, ქანდაკებით და არქიტექტურით. შესაბამისად, იგი უზარმაზარ კოლექციას ფლობდა - როგორც ნახატებს, ასევე იაპონურ პრინტებს, ავეჯს და სხვ.  სახლის დიზაინიც სწორედ ამ კოლექციის გათვალისწინებით შეიქმნა.

 

თუმცა, პალევსკისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ეს სივრცე მყუდრო და პრივატული ყოფილიყო, რაც  მის სხვა  სახლებს აკლდა. რადგან იგი მაროკოული არქიტექტურით განსაკუთრებით  იყო დაინტერესებული, ელვუდიც თან წაიყვანა მაროკოში ახალი სახლისთვის შთაგონების მისაღებად.  თუმცა, სახლის საბოლოო დიზაინი კასაბლანკას აეროპორტის ახლოს მდებარე შენობებზეა  დაფუძნებული. სახლის მინიმალისტურმა ესთეტიკამ, თეთრი მაღალი კედლებით, იზოლირებული აუზით და კლდოვანი გარემოთი ზუსტად ის სივრცე შექმნა, რომელიც პალევსკის და მის მეუღლეს სურდათ