კონტრასტული შავ-თეთრი საბჭოთა ესთეტიკით, დინამიკური ოპერატურითა და ლირიკული თხრობით გამორჩეული რეჟისორი, მიხეილ კალატოზიშვილი მეოცე საუკუნის კინოში ნოვატორულ შემოქმედთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. თავდაპირველი მოღვაწეობა რეჟისორმა ოპერატურითა და მონტაჟით “ტიფლისის სტუდიაში” დაიწყო. გარკვეულ ეტაპზე გადასაღებ მოედანზე უბრალო მძღოლადაც კი მუშაობდა. ადრეული ასაკიდანვე ოცნებობდა რეჟისორობაზე, დოკუმენტური და მხატვრული ფორმის ერთმანეთთან შერწყმა კი მისი შემოქმედების ყველაზე მკაფიო დამახასიათებელი ელემენტია.
კალატოზიშვილი ერთ-ერთი იყო იმ კინომოღვაწეთა შორის, რომელთა ნამუშევრებიც ხშირად საბჭოთა ცენზურის სამიზნე ობიექტი ხდებოდა. რეჟისორს თავისი მოღვაწეობისას გარკვეული სირთულეების გადალახვაც მოუწია, თუმცა ყველა მისმა ნამუშევარმა დღემდე უვნებლად მოაღწია.
რეჟისორის პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი - “მათი სამეფო” (1928), რომელიც ხანგრძლივობით ოც წუთს მოიცავს და დოკუმენტურ ჟანრს მიეკუთვნება, 2008 წლამდე საბჭოთა ეპოქაში დაკარგულ ფილმად ითვლებოდა. აღმოჩენის შემდეგ კი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვან ფრაგმენტად იქცა. პროპაგანდისტული გზავნილის მიუხედავად, ნაშრომი ერთ-ერთი პირველი ქართული დოკუმენტური ფილმია.
სვანური რიტუალი, რომლის მიხედვითაც ცხენზე მის სიკვდილამდე უნდა იჯირითო, პეიზაჟური კომპოზიცია, მთების, ხალხისა და კლიმატის აღწერა კალატოზიშვილმა თავისი 1930 წლის ნამუშევარში - “მარილი სვანეთს” წამყვან ამბად აქცია. ფილმი, ერთი მხრივ, ეთნოგრაფიული დაკვირვებაა - ტიტრული ბარათებით სოფელ უშგულის მოსახლეობის, მათი ტრადიციებისა და ცხოვრების სტილის კინოფირზე ასახვა. კადრთა რიტმული მონაცვლეობითა და კონტრასტული შავ-თეთრი კინემატოგრაფიით, რეჟისორს მაყურებელი დროებით ადრეული მეოცე საუკუნის უხეშ, მიყრუებულ სვანეთში გადაჰყავს.
კალატოზიშვილის მომდევნო ნაშრომი - “ლურსმანი ჩექმაში” (1931) საბჭოთა ცენზურამ “ნეგატიური შინაარსის მატარებელი” ელემენტების გამო, პერმანენტულად აკრძალა, რეჟისორი კი შვიდი წლით შემოქმედებით პროფესიას ჩამოაცილა. ამბავი ახალგაზრდა ჯარისკაცს ეხება, რომელიც უნებურად საბრძოლო ველზე საბოტაჟს ქმნის. ავტორი გმირს ნაცვლად გაკიცხვისა, თანაუგრძნობს და მის ისტორიასაც ემპათიური ტონით აღწერს.
დიმიტრი შოსტაკოვიჩის მუსიკალური თანხლებით “პირველი ეშელონი” (1956) ახალგაზრდა ჯგუფის სირთულეებით სავსე თავგადასავალს აღწერს. ხელუხლებელ მიწაზე სამუშაოდ წასული ჯგუფის ამბავი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად რეზონანსული ფერადი კომპოზიციისა და მუსიკალური გაფორმების დამსახურებით ხდება.
კანის კინოფესტივალზე გამარჯვებული, 1957 წელს გადაღებული “წეროები მიფრინავენ” რეჟისორის ნამუშევართა შორის უდავოდ გამორჩეულია, როგორც ვიზუალით, ისე ოპერატურული გადაწყვეტილებებითაც. ომის შედეგად დაშორებული შეყვარებულების ამბავში შინაარსობრივად ახალი არაფერია, თუმცა კალატოზიშვილის თამამი ხედვა, ნოვატორული გადაღება და მიმზიდველი კადრები ფილმს ახლებურ ელფერს სძენს. ნაშრომის დეტალიზებულ მიზანსცენებს, კამერის ორკესტრულ მოძრაობასა და ახლო ხედთა გამოყენების განსაკუთრებულ მეთოდს რეჟისორის შემოქმედებაში დღესაც უმაღლეს წერტილად განიხილავენ. “წეროები მიფრინავენ” ერთადერთი საბჭოთა ფილმია, რომელმაც “ოქროს პალმის რტო” მიიღო, ამასთანავე, კალატოზიშვილის პირველი ფილმია, რომელიც მთლიანად ომსა და მის თანამდევ გამანადგურებელ შედეგებს ეხება. ჟანრობრივად რეჟისორი მსგავს თემატიკას არაერთხელ შეეხო.
საერთაშორისო წარმატებიდან სამი წლის შემდეგ, კალატოზიშვილი თავისი მომდევნო ფილმით - “გაუგზავნელი წერილით” (1960) ბრუნდება, ერთ-ერთ წამყვან როლს კი მისთვის გამორჩეულ რუს მსახიობს, ტატიანა სამოილოვას ანდობს. ნამუშევარმა ცნობილი გახადა რეჟისორი სერგეი ურუსევსკიც, რომლის ექსპრესიული ხედვა და ვიზუალიც კალატოზიშვილის შემოქმედებას წარუშლელი ხელწერასავით სდევს. ამბავი ოთხი გეოლოგის გარშემო ტრიალებს, რომლებიც სიბერიის ველურ ტყეში ბრილიანტის საძებნელად მიდიან. გამოსვლიდან იმავე წელს ფილმი კანის ფესტივალზე “ოქროს პალმის რტოს” კატეგორიაში ერთ-ერთი ნომინანტი გახდა.
პრერევოლოციური ერა და კუბელი ხალხის ცხოვრება კალატოზიშვილის მომდევნო ფილმში - “მე ვარ კუბა” (1964) მთავარ თემაად გვევლინება. პროპაგანდული გზავნილისა და რეჟისორისთვის დამახასიათებელი ოპერატურის მიუხედავად, ნამუშევარი მისი სხვა კინოსურათებისგან განსაკუთრებით განსხვავდება. მოსახლეობის სირთულეებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ლირიკული აღწერა ყველაზე მკაფიოდ ხანგრძლივ კადრებში ჩანს. ფილმს გამოსვლიდან ათწლეულების შემდეგ, 2007 წელს, “ოპერატორთა საზოგადოებამ” ოპერატორ ალექსანდერ კალზატის “ისტორიული კადრის” ჯილდო მიანიჭა. “მე ვარ კუბა” დღევანდელობაში არა მხოლოდ კინონამუშევარი, არამედ პოლიტიკური დოკუმენტიცაა.
“დაივიწყე ყველაფერი, რაც აქამდე დიდ გმირებზე გსმენია. ეს წითელი კარავია”. რეჟისორის მომდევნო და უკანასკნელი ფილმი - “წითელი კარავი” (1969) მაყურებელს ამ მოკლე წინადადებით ამზადებს. ამბავი ადამიანურ უბედურებაზე, დანაშაულის გრძნობასა და თვითგადარჩენის ინსტინქტზე ფოკუსირებს, მთავარ სამიზნედ კი არქტიკულ გარემოში მყოფ ექსპედიციურ ჯგუფს ირჩევს. ფილმში დასმული საინტერესო შეკითხვების მიუხედავად, დღევანდელი გადმოსახედიდან ხშირად აღნიშნავენ, რომ კითხვები ამბავში არასაკმარისადაა შესწავლილი და ნაკლებ ინტერგრირებულია და შესაძლებელი იყო მათი კინომედიუმში უკეთ გაშლა. ნაშრომის ვიზუალური მხარე კვლავ თვალშისაცემია, ფილმი კი დროთა განმავლობაში “საბჭოთა კინოს” შესამჩნევ ნიმუშად იქცა.
რეჟისორის ნამუშევრები “წეროები მიფრინავენ” და “გაუგზავნელი წერილი” კინოსამყაროსთვის ცნობილი “კრიტერიონის” კოლექციის ნაწილიც გახდა.
კონტრასტული შავ-თეთრი კადრები, “საბჭოთა კინო ესთეტიკა” და მნიშვნელოვანი ადამიანური თემატიკით დატვირთული ამბები მიხეილ კალატოზიშვილის შემოქმედებას მეოცე საუკუნის კინოს ღირებულ, საინტერესო კულტურულ ფრაგმენტად აქცევს.
დაწერე კომენტარი