ქართველი ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერი ანანო მიმინოშვილი პერსონალურ პროექტებსა და სხვადასხვა სახის შეკვეთებზე როგორც ხელით, ისე ციფრულად მუშაობს. მრავალფეროვანი ხატვის სტილი და მულტიჟანრობრივი პროექტები მისი ნამუშევრების მთავარი გამაერთიანებელი ფაქტორებია.

 

 

ანას ჩანახატებში სინათლე და ფერთა პალიტრით თამაში პრიორიტეტულია, კომპოზიციურად კი მის ნაშრომებში თბილ გარემოს ხშირად შეხვდებით. Society Of Illustrators NY 62, Forbes Georgia 30 under 30… წლების განმავლობაში ილუსტრატორის ნაშრომები არაერთი პროექტის მონაწილე და გამარჯვებული გამხდარა, მისი კლიენტების სიაში ისეთ სახელებსაც შევხვდებით, როგორებიცაა “Adobe” და “BAFTA”. ახლა კი ანა პირადი გრაფიკის, სამუშაო სივრცისა და შემოქმედებითი პროცესის გამოწვევებზე Hammock Magazine-ს ესაუბრება.

 პირველად როგორ დაინტერესდი ხატვით

დედაჩემს თუ დავუჯერებთ, ხატვა ლაპარაკზე ადრე დავიწყე. მთელი ბავშვობა ვხატავდი, ჩვიდმეტ წლამდე სამხატვრო სასწავლებელში დავდიოდი. მიუხედავად ამისა, ეროვნული გამოცდების ჩაბარებას თავისუფალი უნივერსიტეტის MACS პროგრამაზე ვაპირებდი, მაგრამ საბოლოოდ ისევ ხატვის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი. თუმცა, ილუსტრაციას და დიზაინს რაც ეხება, ძირითადად ყველაფერი ,,ლივინგსტონის’’ შავ ოთახში ვისწავლე და არა სამხატვრო აკადემიაში.  

 

 

გახსოვს პირველი ნამუშევარი? 

 

პირველი ნახატი, რა თქმა უნდა, არ მახსოვს, მაგრამ ცოტა ხნის წინ ძველ ფაილებში წავაწყდი ჩემს პირველ ლოგოს, რომელიც მე-11 კლასში დავხატე. ჯანსაღი ცხოვრების თემას ეხებოდა, თუ არ ვცდები, კონკურსი იყო ან, უბრალოდ, დავალება, ჩოგბურთის ბურთი დავხატე, რომელიც თან ხილია.

ხშირად გიწევს სხვადასხვა ბრენდისთვის განსხვავებულ კონცეპტზე მუშაობა. რა გიზიდავს ამ პროცესში?

ძალიან მიყვარს ბრიფზე მუშაობა. საინტერესო პროცესია დავალების მიღება, გააზრება და პრობლემის გადაჭრისთვის საუკეთესო ვიზუალური ხერხის ძიება. 

 

მოგვიყევი შენს ერთ-ერთ უახლეს სერიაზე, რომელშიც თვალებიან მცენარეებს ხატავ, როგორია ამ სერიაზე მუშაობის პროცესი და რა არის მისი კონცეფცია?

 

“Blooming Eyes” - ეს სერია არის შიშზე, რომ ვიღაც გიყურებს. თანამედროვე სამყაროში ყველგან კამერებით ვართ გარშემორტყმული, ამას სოციალური მედიაც ემატება და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს ყველაფერი შფოთვის მიზეზი ხდება. ამ ილუსტრაციების კონცეფციაც სწორედ ეს არის: თვალები მოულოდნელ ადგილებში. პროცესს რაც შეეხება, თითოეული ნამუშევარი  უხეში ჩანახატებით იწყება, ფანქრით, კომპოზიციის მოსაძებნად. შემდეგ მარკერებით ფერად ვარიანტს ვხატავ და ბოლოს გადავდივარ ციფრულ ილუსტრაციაზე. 

~

 

 

წელს ილუსტრაციები The Darcys-ის ვიდეოკლიპისთვის შექმენი. მომიყევი ამ გამოცდილების შესახებაც…

 

ვიდეო კლიპი Look Me In The Eyes  თავიდან ბოლომდე კარანტინის პირობებში შეიქმნა. მწვანე ფონზე გადაღებული კადრები სტუდია Feather-მა ანიმაციად გადააქცია, კლიპის ერთ-ერთი მონაკვეთი ჩემს ილუსტრაციებზეა აგებული. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და უმტკივნეულო პროექტია, რაზეც ოდესმე მიმუშავია, ყველაფერი სულ რაღაც 5 დღეში დავხატე. 

 

 ილუსტრაციები მოკლე მოთხრობისთვისაც შეგიქმნია. რა სახის გამოწვევაა წაკითხულ მასალაზე დაყრდნობით ხატვა?

წაკითხული მასალის მიხედვით ნამუშევრის შექმნა ყოველთვის საინტერესოა, იქნება ეს წიგნის ყდა, მოთხრობისა თუ სტატიის ილუსტრაცია. ყველას თავისი სპეციფიკა აქვს, მაგალითად, ყდა სათაურის გარეშეც უნდა გახვედრებდეს, თუ რომელი ნაწარმოებია,  მაგრამ არ უნდა გასცეს ზედმეტი ინფორმაცია, ,,სპოილერი’’. ისეთ წიგნზე მუშაობისას, სადაც ტექსტს თან სდევს ილუსტრაციები, მნიშვნელოვნია სწორი სცენა აარჩიო დასახატად, რომელიც კარგად შეკრავს კონკრეტულ თავს ან გვერდს. 


ზოგადად, სად პოულობ შთაგონებას, რა გაძლევს ყველაზე დიდ შემოქმედებით მუხტს? 

ჩვეულებრივ, პროექტებზე მუშაობისას შთაგონებას არ ველოდები, უბრალოდ, ვიწყებ ხატვას. თავისუფალ დროს ჩანახატებს ვაკეთებ, რა დროსაც ახალი იდეები ჩნდება. მუხტს რაც შეეხება, ალბათ მოგზაურობისას უფრო ვგრძნობ, რაც კომფორტის ზონიდან გასვლას და განსხვავებულ გარემოს უკავშირდება.

ხომ ვერ გამოარჩევდი რომელიმე ხელოვანს, რომელსაც შენზე გავლენა მოუხდენია? 

 

მგონი, ჩემს ნამუშევრებს, ერთი შეხედვით, არავის გავლენა არ ეტყობა, მაგრამ სხვადასხვა დოზით, ჩამოთვლილმა ადამიანებმა ჩემთვის გარკვეული როლი ითამაშეს: ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, პირველ რიგში ალბათ Tim Burton, შემდეგ Jessica Walsh, რომელიც 17 წლის ასაკში აღმოვაჩინე და ერთგვარი მაგალითი იყო ჩემთვის, ამ დროს პირველად გავიგე,  Art Director, Creative Director პროფესიები რომ არსებობდა. და ბოლოს Christoph Niemann, როგორც თანამედროვე უნივერსალური  ილუსტრატორი. ასევე გამოვყოფდი წიგნს, Shaun Tan-ის The Arrival, 15 წლის ვიყავი, როდესაც მედიათეკიდან გამოვიტანე და ჩემი იმდროინდელი წარმოდგენა სახვით ხელოვნებასა და კომიქსების ჟანრზე სრულიად შეცვალა.

 



არსებობს თუ არა კონკრეტული თემები, რომლებსაც ინტუიციურად მუდამ უბრუნდები?

 

კონკრეტულ თემას ვერ გამოვყოფ, თუმცა თუ ჩემს ათი წლის წინანდელ ჩანახატებს და დღევანდელს შევხედავთ, ბევრი იდეა მეორდება სახეცვლილი ფორმით. 

 

2020 წელს სტუდია Gramafilm-თან ერთად  BAFTA-ს ვიდეოთამაშების დაჯილდოებისთვის შექმენი ილუსტრაცია. მომიყევი ამ გამოცდილების შესახებ…

 

გამომდინარე იქიდან, რომ მეც ხშირად ვთამაშობ, განსაკუთრებით გამიხარდა, როდესაც ასეთი შინაარსის ბრიფი მივიღე,  BAFTA-ს ილუსტრაცია ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნოდ სამუშაო პროექტი იყო ჩემს პორტფოლიოში. თუმცა გულდასაწყვეტია, რომ დაგეეგმილი ცერემონია კოვიდის გამო ვერ შედგა, და ყველაფერმა ონლაინსივრცეში გადაინაცვლა.  

 

ერთ-ერთი შენი მიმდინარე სერია ემოჯი ნიშნების კომბინაციების ხატვაა, საიდან გაგიჩნდა ამ ფიგურებზე მუშაობის სურვილი?

 

,,ემოჯინარიუმი’’ კარანტინის დროს დავიწყე. გადატვირთული წლის შემდეგ, ცოტა ხანი ახალი შეკვეთებისგან დასვენება გადავწყვიტე და სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა პანდემიის დასაწყისი. სახლში ყოფნისას, თავის გასართობად, ინსტაგრამზე დავპოსტე, სიტყვები ან ემოჯი-ფიგურები მოეწერათ. შემდეგ პირველი კომბინაცია 🥦+🤯 დავდე და წამოვიდა ძალიან ბევრი ახალი ვერსია. საკუთარი თავის გარდა, სხვების გართობაც გამომივიდა. საბოლოოდ, ცალკე ინსტაგრამის პროფილი შევქმენი ამ პროექტიის განსავითარებლად, რომელიც Behance-ის მთავარ გვერდზეც მოხვდა.

 

 


 

სამხრეთ კორეაში ადგილობრივი მცხოვრებლების სკეჩებზე მუშაობდი.  როგორ აღმოჩნდი ამ გარემოში და რა სახის გამოცდილება იყო უცხო ქვეყანაში ამ ტიპის პერსონალური სერიის შექმნა?

 

სეულში ჩემი მეგობრის, ანა გულისაშვილის სანახავად ჩავედი, რომელიც იმ დროისთვის უკვე 1 წელი კორეაში ცხოვრობდა. ქალაქში სეირნობისას ჩანახატებს ვაკეთებდი ხოლმე, ბოლოს კი ყველაფერი ერთ პროექტად შევკარი. ჩემი ისტორია ვრცლად შეგიძლიათ ამ მისამართზე წაიკითხოთ:  http://anamiminoshvili.com

 

შენი აზრით, დღეს რა გამოწვევების წინაშე დგანან ახალგაზრდა ქართველი ხელოვანები?

 

ზოგადად, ხელოვანებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან უფრო კომერციული ილუსტრატორი ვარ. ამ ვიწრო სფეროს რაც შეეხება, მთავარი გამოწვევა საქართველოში ალბათ შრომის დაფასებაა. თითქოს კორპორაციებიც და თვითონ ილუსტრატორებიც კი ისე უყურებენ ამ სამუშაოს, როგორც ჰობის, და სათანადოდ არ აფასებენ. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ეს ინდუსტრია პრინციპში ჩვენთან ჯერ არც არსებობს. 


ამჟამად რა პროექტებზე მუშაობ? როგორია უახლოესი სამომავლო გეგმები?

მიმდინარე შეკვეთებზე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ, თუმცა პირად პროექტებს რაც შეეხება, ამჟამად ჩემს განახლებულ საიტზე ვმუშაობ, სადაც ახალ პრინტებს და პროდუქტებს დავამატებ. სულ მიხარია საკუთარი ნამუშევრების ეკრანიდან ფიზიკურ ფორმაში გადმოტანა და ამ მიმართულებით ვგეგმავ უფრო მეტ მუშაობას, მიზანი კი ერთგვარი Gift Shop-ის შექმნაა. 

 

ერთი რჩევა დამწყებ ილუსტრატორებს…

 

ხატეთ უფრო მეტი.