ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ, თუ რა არის ნამუშევრის მთავარი ღირებულება - იდეა, რომელიც შემოქმედებას კონცეპტუალურ ფორმას სძენს თუ თავად ნამუშევარი, რომელიც ავტორის შემოქმედებითი ხედვის პირდაპირი რეფლექსიაა. ამ კითხვის პასუხები ყოველთვის კონტროვერსიულია და შესაძლოა, ადამიანის ხასიათის ცვლილებასთან ერთადაც კი ჩამოყალიბდეს.

 

 

როდესაც ფილმზე ბაფალო ‘66 ჩამოვარდება ხოლმე საუბარი, პირველი, რასაც მნახველები ხაზგასმით აღნიშნავენ, კრისტინა რიჩის ქუსლებზე ცეკვის დაუვიწყარი სცენაა. ხოლო თუ ამ სცენის გახსენების შემდეგ ბაფალო ‘66-ზე საუბარი ისევ გრძელდება, უკვე ფილმის ისეთი ელემენტები იჩენს თავს, როგორებიცაა ვინსენტ გალოსა და კრისტინა რიჩის თვალშისაცემი კოსტიუმები, კადრების ვიზუალური ეფექტი, რომლებიც ძირითადად ცივი ფერების ტონალობებშია გადაწყვეტილი, ის კინოენა, რომელსაც რეჟისორი წარსულში მომხდარი ამბების გამოსააშკარავებლად მიმართავს ხოლმე და, რაც ყველაზე მთავარია, ვინსენტ გალოსა და კრისტინა რიჩის ვარსკვლავური ტანდემი, რომელზეც ადამიანები უკვე ოც წელიწადზე მეტია საუბრობენ.

თუკი ბაფალო ‘66 ნანახი არ გაქვთ და თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მხოლოდ ფილმის სიუჟეტის ცოდნით შემოიფარგლება, მოხიბლული ძნელად თუ დარჩებოდით, რადგან თუკი სიუჟეტის განვითარების ხაზს განვიხილავთ, ამგვარ სურათს მივიღებთ: იქს პიროვნება ციხიდან გათავისუფლების შემდეგ უშედეგოდ ეძებს ადგილს, სადაც ბუნებრივ მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებს. გზად იგი უეცრად გაიტაცებს უცნობ გოგოს, რომელსაც მშობლებთან თავის ცოლად წარადგენს, ამას მშობლებიც მიამიტურად დაიჯერებენ და ბოლოს უცნობ გოგოსა და გამტაცებელს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდებათ. სიმართლე რომ ითქვას, ეს ყველაფერი ბავშვურ სცენარს წააგავს და დამაჯერებლობის ნაკლებობას განიცდის, თუმცა ფაქტს, რომ ბაფალო ‘66 მნახველებს დღესაც აღაფრთოვანებს და ჟურნალი Empire-ს მიერ იგი ერთ-ერთ საუკეთესო ინდი (indie) ფილმადაა დასაახელებული, ვერსად გავექცევით.  

 

 

აქ რეჟისორ ვინსენტ გალოს უნიკალურობა იმითაც განისაზღვრება, რომ იგი თავისი, თითქოს და აბსურდული, ფიქრების პრეზენტირების უბადლო უნარის მფლობელია და მაყურებლებს თავის სამყაროში ისე ეპატიჟება, რომ სიუჟეტის მსვლელობისას იმის ილუზია, რომ რეჟისორის მიერ შექმნილი სამყარო ბავშვური შემოქმედების ნაყოფია, არ იქმნება. 

 

 

ცივ ფერებში გადაწყვეტილი კადრები ფილმის ნარატივითაა ნაკარნახევი და მნახველში შესაბამისი ემოციური ფონის, კერძოდ, მარტოსულობის, ცხოვრებისეული აბსურდიზმისა და მასთან თანმხლები სევდის გაღვივებას ემსახურება. მაშინაც კი, როდესაც პერსონაჟები არ საუბრობენ, მაყურებელი ახალ ინფორმაციას გარემოს დაკვირვების ნიადაგზე იღებს, რაც ფილმის ვიზუალურ ხაზს არსებითად მნიშვნელოვანს ხდის. მაგალითად, მხოლოდ ბილი ბრაუნის (ვინსენტ გალო)  კარადის კედელზე არსებული დეტალებით ვხვდებით, რომ იგი თავის სფეროში იმდენად წარმატებული პერსონა იყო, რომ მასზე გაზეთებიც კი წერდნენ. ამ გზით ასევე ვიგებთ იმასაც, რომ ბილი ბრაუნის გული ქერათმიან გოგოს წლების განმავლობაში დაეპყრო, ხოლო  კარადაში არსებული ცივი იარაღით მისი რთული წარსულის ერთ-ერთ დეტალსაც ეხდება ფარდა. რაც  უნდა უჩვეულო იყოს, ბაფალო ‘66-ის ერთ-ერთ კადრში მაყურებლებთან დიალოგს უზარმაზარი ბანერიც კი იწყებს, რომელიც ამასთან მსუბუქი “სპოილერის” ფუნქციასაც ასრულებს. შესაბამისად, მაყურებელი მარტივად ხვდება, რომ დიდი შრიფტით დაწერილი სიტყვების - “Share your life. Share your decision” (“გაუზიარე შენი ცხოვრება. გაუზიარე შენი გადაწყვეტილება”.) შემდეგ გალოს პერსონაჟი მისთვის უჩვეულო და ამასთან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.

 

 

კრისტინა რიჩისა და ვინსენტ გალოს ტანდემს განსაკუთრებულს ის ფაქტიც ხდის, რომ ისინი მათ ირგვლივ არსებული ადამიანების ფონზე რადიკალურად კონტრასტულ სუბიექტებად აღიქმებიან. ამას კარგად მოწმობს ხალხით სავსე სასადილოს სცენა, რომელსაც რიჩისა და გალოს პერსონაჟები სტუმრობენ. აქ კონტრასტულობა, განსაკუთრებით კრისტინა რიჩის წყალობით, იმდენად თვალშისაცემია, რომ მთავარი პერსონაჟები ბაფალოს ადგილობრივი მცხოვრებლების ფონზე გამოგონილი სამყაროს გმირებივით გამოიყურებიან. ამ შთაბეჭდილების შექმნაში კი გადამწყვეტ როლს სხვა არაფერი ასრულებს, თუ არა მათი კოსტიუმების დიზაინი.

 

 

ციხიდან ახლად გათავისუფლებული ბილი ბრაუნის  მუქი სამოსი ირგვლივ არსებულ სევდიან გარემოსთან ბუნებრივ კონტაქტს ამყარებს, ხოლო ჯორჯო ბრუტინის მაღალყელიანი წითელი ფეხსაცმელი ბრაუნის მთელ ვიზუალს წარმოუდგენლად მომხიბვლელსა და ვინტაჟურს ხდის. ჯორჯო ბრუტინის მაღალყელიანი წითელი ფეხსაცმელი ყველაზე შთამბეჭდავად ბოულინგის ცენტრის ინტერიერის ფერებს ერწყმის და შეიძლება ითქვას, რომ ფილმის მთავარი პერსონაჟების კოსტიუმები არა ბაფალოს მოსახლეობის ზოგადი სტილის, არამედ ირგვლივ არსებული გარემოს ფერებითაა ნაკარნახევი, რაც ბაფალო ‘66-ის თვითმყოფადობის ერთ-ერთი განსაზღვრელი ელემენტი გახდა. 

 

 

როცა ბაფალო ‘66-ის კოსტიუმებზე არის საუბარი, მაყურებლებს ვინსენტ გალოზე მეტად მაინც კრისტინა რიჩის ვიზუალი დაუდგებათ ხოლმე თვალწინ და ეს არცაა გასაკვირი. ცისფერი კაბა, ამავე ფერის ტონალობის კოლგოტი, ჩანთა და თვალის მაკიაჟი, რასაც ბრჭყვიალა თვლებით გაწყობილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებიც ემატება, ერთიანობაში, მართლაც რომ გამაოგნებელ ეფექტს ქმნის და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფილმში ბაფალო ‘66 კრისტინა რიჩი ვარსკვლავურად ბრწყინავს.

 

 

გამოუცდელი მაყურებლისთვისაც ნათელია, რომ ბაფალო ‘66-ში რეჟისორი სიუჟეტის სწორხაზოვან განვითარებაზე უარს აცხადებს და მთავარი პერსონაჟის შესახებ ძირითად ინფორმაციას მოგონებების აკინძვის საშუალებით გვაწვდის. წარსული ამბების გახსენების არაპირდაპირ გზად კინოში ფოტოალბომი გვევლინება ხოლმე და ამ კუთხით ბაფალო ‘66-იც არ აღმოჩნდა გამონაკლისი. ფილმის ვიზუალური ბრწყინვალების ერთ-ერთი მაგალითიც სწორედ მოგონებების აკინძვის მეთოდს უკავშირდება. როდესაც პერსონაჟები გარდასულ ამბებს იხსენებენ, გამოსახულება მაშინვე არ იცვლება და გალო გამოსახვის ტრადიციულ ფორმებს აქაც ემიჯნება. წარსულის ფრაგმენტი ეკრანის შუა ნაწილში აღმოცენებას ნელ-ნელა იწყებს, ზუსტად ისე, როგორც ჩვენს გონებაში. შესაბამისად, რამდენიმე წამის განმავლობაში აწმყოსა და წარსულის სურათებს მაყურებლები ერთ სიბრტყეში უმზერენ და მხოლოდ მაშინ წყდება ორ დროს შორის კავშირი, როდესაც წარსულის კადრები მთელ ეკრანს მოიცავს.

 

 

ბაფალო ‘66-ში გალო არა მხოლოდ პერსონაჟთა სულიერ სამყაროზე ამახვილებს ყურადღებას, არამედ მაყურებლებს მათ სოლო შოუებსაც სთავაზობს. მაგალითად, ბოულინგის ცენტრის სცენაში მთავარ პერსონაჟთა ემოციური მდგომარეობა დაძაბულობის ზღვარზეა, რაც ძალაუნებურად მაყურებლების განწყობაზეც აისახება. თუმცა მალევე მაყურებლები ნეტარების მორევში ეშვებიან, რასაც ისიც ხდის განსაკუთრებულს, რომ ისინი ამას არც კი მოელიან. უეცრად ბოულინგის ცენტრის არსებობის გრძნობა ქრება და მაყურებლების წინაშე ფანტასმაგორიული გარემო იშლება. ისმის მუსიკა, უკანა ფონი მუქდება, განათება მხოლოდ რიჩისაკენ იმართება და იგი King Crimson-ის საკულტო სიმღერის, Moonchild-ის ფონზე იწყებს ცეკვას. კრისტინა რიჩის ნაზი მოძრაობები, რომელსაც მისი ფეხსაცმლის ქუსლების რიტმული ხმები პროგრესულ როკს ბუნებრივადაც კი ერთვის, მაყურებლებისათვის ერთ დიდ სანახაობას წარმოადგენს.

 

 

მეორე “სოლო შოუ”, რომელიც რეჟისორმა წარმოგვიდგინა, ბენ გაზარას პერსონაჟის მიერ ფონოგრამაზე შესრულებული სიმღერა - Fools Rush In არის. იგი რიჩის პერსონაჟს უმღერის და ამ დროს მაყურებელი გაზარის პერსონაჟის აქამდე დაფარულ და ასევე მოულოდნელ დეტალს ეცნობა.

ფილმი არა მხოლოდ  საინტერესო ვიზუალით,  სასიამოვნო იუმორითაც გამოირჩევა, რაც  თითქოს ამგვარ სიუჟეტთან  შეუთავსებელი უნდა იყოს. თუმცა ბაფალო ’66-ში ვინსენტ გალო, ერთი შეხედვით შეუძლებელ მოვლენებს არსებობის შესაძლებლობას  მაინც აძლევს და ამგვარი ექსპერიმენტების წყალობით გამარჯვებასაც ზეიმობს. შედეგად კი მაყურებელი  ცხოვრების 110 წუთს დიდი ხნის განმავლობაში იმახსოვრებს