ალტერნატიული სივრცეების შექმნა, ჩვენ ირგვლივ არსებული „უხილავი“ რესურსების აღმოჩენა და ქვეყნის უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება MUA-ს საავტორო პროექტის - „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის“ უმთავრეს მიზნებს წარმოადგენს. 

 

 

MUA Architecture & Placemaking არქიტექტურული ოფისია, რომლის სამუშაო გამოცდილება არქიტექტურის, ურბანული და სივრცითი დიზაინის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს მოიცავს. MUA-ს მუშაობის სპეციფიკა გარემოსთან მუდმივ დიალოგზე, მრავალფეროვან ძიებასა და შემოქმედებით ჩართულობაზეა კონცენტრირებული, რომლის წყალობითაც MUA-ს გუნდი ცდილობს, რომ საზოგადოებისათვის საჭირო ღონისძიებები გრძელვადიანი პერსპექტივით განახორციელოს. მათ საქმიანობაზე უფრო ნათელი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით, რომ საბჭოთა ხანის სამკერვალო ფაბრიკის შენობა, რომელიც დღევანდელი ახალგაზრდებისათვის საყვარელი მულტიფუნქციური ურბანული სივრცეა, სწორედ MUA-ს გუნდის მიერ აღმოჩენილ ტერიტორიას წარმოადგენს და ამ ადგილის სრული კონცეფციის ავტორებიც თავად არიან. 

 

„თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ მათი მორიგი მნიშვნელოვანი კვლევითი პროექტია, რომელიც „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო მისი ავტორები და ხელმძღვანელები დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე და ნატალია ნებიერიძე არიან. პროექტი თავის შთამბეჭდავ კონცეფციასთან ერთად თბილისის არქიტექტურის მეორე ბიენალეს ერთ-ერთი გამარჯვებულია და გასაკვირი არაა, თუ რატომ. „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის“ კვლევის დაწყება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მრავლად არსებული ძველი ინდუსტრიული ნაგებობების აღრიცხვის საჭიროებამ განაპირობა, რადგან ყოფილი საწარმოო შენობების უმეტესობა დღეს ნგრევის პირას იმყოფება, სხვადასხვა ბიზნესზეა გაქირავებული ან პირადი საჭიროების საფუძველზეა პრივატიზებული. 

 

 

ამის მიზეზი სათავეს ჯერ კიდევ გასული საუკუნეებიდან იღებს, როდესაც, ჩვენამდე მოღწეული ინფორმაციის მიხედვით, ფრანგმა მეწარმემ, კასტელმა 1826 წელს აბრეშუმის ძაფსახვევი ქარხანა დააარსა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიული ნაგებობა იყო. იმ შემთხვევაში, თუ დროის ხაზს მე-20 საუკუნის ბოლო მეოთხედამდე საგულდაგულოდ მივადევნებთ თვალს, მივხვდებით, რომ საქართველოში რამდენიმე ასეული საწარმოო ქარხანა ფუნქციონირებდა. როდესაც საბჭოთა კავშირი ნგრევის პირას აღმოჩნდა და შესაბამისად, საზოგადოება ეკონომიკური კოლაფსის პირისპირ დადგა, ინდუსტრიული სივრცეების მომარაგება შეწყდა და ისინი რიგით უფუნქციო შენობებად დარჩნენ. 

 

„თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ სწორედ ამ საკითხს ეხმიანება და მისი იდეის ავტორებს სურთ, რომ ყოფილი საწარმოო ტერიტორიების, ე.წ. „ბრაუნფილდების“ (brownfields) აღრიცხვით, მნიშვნელოვან ცვლილებებს მისცენ ბიძგი. „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ მულტიდისციპლინარული ხასიათის პროექტია, რომელშიც  ნინი ფალავანდიშვილის სახით არა მხოლოდ პროფესიონალი მკვლევარი და კურატორი მონაწილეობს, არამედ თბილისის ინდუსტრიული ნაგებობების შესწავლაში საქართველოს ოთხი უნივერსიტეტის (თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი) არქიტექტურული ფაკულტეტის ოცამდე სტუდენტიც არის ჩართული. 

 

 

Covid-19-სგან გამოწვეული ეპიდვითარების გამო კვლევის პროცესი შეზღუდულ პირობებში წარიმართა, ამიტომაც პროექტის გუნდი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე არსებული იმ საწარმოო ნაგებობებით შემოიფარგლება, რომლებიც მე-20 საუკუნის დანატოვარია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დღეს არქივი დახურულია და ძველ ინდუსტრიულ ნაგებობებზე მასალების მოძიება ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია, შენობათა არქიტექტურული პროექტებისა და მათი ავტორების ვინაობის გარკვევაც დიდ წინაღობას წარმოადგენს. ხოლო ფაქტი, რომ აღნიშნული ნაგებობები დღეს სულ სხვა მნიშვნელობით ფუნქციონირებს, მათი პირვანდელი იერსახის აღქმას ართულებს. „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის“ კვლევის ფარგლებში 250-მდე საწარმოო ნაგებობა აღირიცხა. 

 

 

პროექტის პირველი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება 22, 23 და 24 ოქტომბერს ნინი ფალავანდიშვილის კურატორობით Artarea-ს საგამოფენო სივრცეში გაიმართა. გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ იმ 17 ინდუსტრიული ნაგებობის ფოტომასალა ენახათ, რომლებიც სპეციალურად გამოფენისათვის შეირჩა. ანგას ლედლი ბრაუნის მიერ გადაღებული ფოტოსურათები იმ ოცამდე შენობას აერთიანებს, რომლებიც გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდისა და განსხვავებული ტიპოლოგიის მქონე ინდუსტრიულ ნაგებობებს წარმოადგენს. გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ იმ დროის ხაზსაც გასცნობოდნენ, რომელზეც საწარმოო ნაგებობების აშენების ზუსტი თარიღები იყო ასახული და ასევე შეეძლოთ წერილობითი სახით მიეღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წერდნენ გასული საუკუნის ცნობილი მკვლევრები, ისტორიკოსები თუ პროფესორები თბილისის ცხოვრების სტილთან სინთეზირებულ ინდუსტრიალიზაციასა და მის მნიშვნელობაზე.

 

ინდუსტრიული მემკვიდრეობის შენარჩუნების თემა დღეს საერთაშორისო დონეზე განხილული საკითხია, რასაც ინდუსტრიული მემკვიდრეობის კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტის (TICCIH) არსებობაც ადასტურებს. აღნიშნული კომიტეტი არა მხოლოდ ძველი საწარმოო დანიშნულების ნაგებობების აღდგენაზე მუშაობს, არამედ მათთან დაკავშირებული ტექნიკური დანადგარების კონსერვაციისთვისაც იბრძვის. თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში არსებული სამწუხარო ვითარების გამო, აღნიშნული საკითხი შესწავლილიც კი არაა და იმის მაგივრად, რომ ჩვენ გარშემო არსებული „უხილავი“ რესურსები მიზიდვისა და ინტერესის მთავარი ობიექტები გახდეს, ადამიანები მათ გაურბიან. 

 

 

მსოფლიოში ხშირია მოვლენები, როდესაც ყოფილი საწარმოო ნაგებობები სრულიად ახალ ფუნქციებს ირგებენ, თანამედროვე გარემოსთან ადაპტირდებიან და ამასთან თვითმყოფადობასაც ინარჩუნებენ, რაც არა მხოლოდ ისტორიული და კულტურული უნიკალურობის შენარჩუნების თვალსაზრისით არის სარგებლის მომტანი, არამედ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის პოზიტიური ცვლილების გარანტიცაა. ამის ნათელი მაგალითია ლონდონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი Tate Modern, რომელიც ყოფილი ელექტროსადგურის შენობაა. ასევე მასაჩუსეტის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომში მდებარე მუზეუმი Centrale Montemartin და კიდევ სხვა მრავალი კულტურული დაწესებულება, რომლებიც დღეს ყოფილი ინდუსტრიული ნაგებობების გარდაქმნილი სივრცეებია. 

 

ქართული რეალობა კი ამგვარი პოზიტიური ცვლილებების მხოლოდ ერთეულ შემთხვევებს ითვლის. მაგალითისათვის შეიძლება ითქვას, რომ პროექტი „ფაბრიკა” და „სტამბა“ ინდუსტრიული მემკვიდრეობის თანამედროვე გარემოსთან ადაპტირების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშებია. მეტიც, გამოფენის -  „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“  Artarea-ს საგამოფენო სივრცეში მოწყობასაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგან ეს უკანასკნელი, როგორც ყოფილი ინდუსტრიული ნაგებობა, ახალ გარემოსთან ადაპტირებისა და პოზიტიური გარდაქმნის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

 

 

საკითხი, რომელიც პროექტმა „თბილისის ინდუსტრიულმა მემკვიდრეობამ“ წინ წამოსწია, მასშტაბური ხასიათისაა და გრძელვადიან მიზნებს ისახავს. პროექტის გუნდის წევრების წელიწადზე მეტხანს მუშაობის შედეგად დღეს უკვე ცნობილია თბილისის 250-მდე ყოფილი საწარმოო ტერიტორია, იგივე ბრაუნფილდები“, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენის აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ინდუსტრიული მემკვიდრეობის ბაზის გამრავალფეროვნება არა მხოლოდ თბილისის წიაღში არსებული გასული საუკუნის დანატოვრით, არამედ რუსთავში, ქუთაისსა და ზესტაფონში ჯერ კიდევ შემორჩენილი ყოფილი საწარმოო ნაგებობებითაც არის შესაძლებელი. 

 

 

MUA-ს გუნდს სურვილი აქვს, რომ „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის“ კვლევასთან დაკავშირებით სამომავლოდ წიგნი გამოსცეს და პროექტის  ვიზუალურ თუ ტექსტურ ინფორმაციას ერთ სივრცეში მოუყაროს თავი. თუ თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის საკითხმა ინტერესი გაგიღვივათ, შესაძლებლობა გეძლევათ, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ონლაინ ლექციათა სერიაში მიიღოთ მონაწილეობა. ლექციებს გაუძღვებიან ნინი ფალავანდიშვილი, ირაკლი ჟვანია, ჯესი ვოგლერი, დავით ბოსტანაშვილი, ალექსანდრე ჩუბინიძე და თამარ ამაშუკელი, რომელთა სასაუბრო თემები, ბუნებრივია, ინდუსტრიულ საკითხებზე იქნება კონცენტრირებული. ლექციები 29 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ფორმის შევსება.


იმ შემთხვევაში, თუ გამოფენაზე დასწრება ვერ მოახერხეთ, გამოფენის 3D ვერსიის ხილვას თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ვებგვერდზე შეძლებთ.