ამერიკელი ასტრონავტების კოსმოსში მოგზაურობამ 60-იანი წლების დიზაინერების შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მეცნიერების სწრაფი ტემპით განვითარებამ, მოდის ინდუსტრია შეცვალა - იფეთქა ახალმა, ფუტურისტულმა მიმდინარეობამ, რომელიც სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ იქამდე არსებული მოდის ტენდენციები თავდაყირა დააყენა. უეცრად გამოჩნდა ვერცხლისფერი კოსტიუმები, გეომეტრიული ფორმები, კოსმონავტის ჩაფხუტები და პლასტმასისაგან დამზადებული სამოსი. ამ პერიოდს კოსმოსურ ეპოქასაც კი უწოდებენ - Space Age, რომელიც ანდრე კურაჟის, პაკო რაბანის, პიერ კარდენისა და კიდევ სხვა ცნობილი დიზაინერების შემოქმედებას მოიცავს.
ანდრე კურაჟი
ფრანგი დიზაინერი ანდრე კურაჟი ცნობილია, როგორც ფუტურისტული მოდის შემქმნელი. მან 1964 წელს რევოლუციური კოლექცია, სახელწოდებით “კოსმოსური ეპოქა” (Space Age) წარმოადგინა, რამაც მოდის სამყარო გაკვირვებული და აღფრთოვანებული დატოვა. სამოსი, უმეტესად, თეთრ ფერშია შექმნილი (თეთრი - როგორც მთვარის ფერი), ასევე გამოყენებულია ფერადი მეტალის მასალები.
პაკო რაბანი
პაკო რაბანის ექსცენტრიკული მეტალის კაბები ფუტურისტული ეპოქის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. დიზაინერმა პირველი კოლექცია, სახელწოდებით “12 ექსპერიმენტული კაბა” 1964 წელს წარადგინა. პაკო რაბანმა ექსპერიმენტები განაგრძო და ახალ კოლექციებში სიურრეალისტური მასალები გამოიყენა: ნეონის ტყავი, ალუმინის ფირფიტები, პლასტმასი და ლითონის რგოლები. მოგვიანებით მისი დიზაინით 1968 წელს ფილმ “ბარბარელას” (Barbarella) ფუტურისტული კოსტიუმები შეიქმნა.
რუდი გერნრაიხი
მაშინ როდესაც ანდრე კურაჟისა და პაკო რაბანის მომავლის კოლექციებში კოსმოსის გავლენა იგრძნობოდა, რუდი გერნრაიხი შთაგონებული იყო ქალისა და მამაკაცის თანასწორობით. ის ქმნიდა ექსპერიმენტულ ლუქებს, იყენებდა გეომეტრიულ ფიგურებს, მოკლე ქვედაბოლოებს, ნეონის ფერებს, გამჭვირვალე ქსოვილსა და მაღალ ჩექმებს.
პიერ კარდენი
კოსმოსური ეპოქის გავლენა პიერ კარდენის შემოქმედებაზეც იგრძნობა, მან 1968 წელს ვერცხლისფერი ფუტურისტული კოსტიუმები შექმნა, რომელიც უნისექსის სტილშია შესრულებული. მისი კოლექციები არაორდინალურობით და ამავდროულად, დახვეწილობით გამოირჩევა. 1969 წელს დიზაინერმა თავადაც კი მოირგო NASA-ს კოსმოსური კოსტიუმი Apollo 11. ”ტანსაცმელი, რომელსაც მე ვირჩევ და ვიგონებ, შექმნილია ცხოვრებისთვის, რომელიც ჯერ არ არსებობს - მომავლის სამყაროსთვის”. - პიერ კარდენი.
ემილიო პუჩი
60-იანი წლებს კიდევ ერთი გამორჩეული დიზაინი - “ბრანიფის კოსმოსური ბუშტი” ემილიო პუჩის ეკუთვნის. იტალიელმა დიზაინერმა ავიახაზების ბორტგამცილებლებისთვის ახალი, ფუტურისტული უნიფორმები შექმნა. ფერად კოსტიუმებთან ერთად ემილიომ გამჭვირვალე მინის ჩაფხუტები წარმოადგინა, რომელსაც მოგვიანებით “კოსმოსური ბუშტი” უწოდეს.
დაწერე კომენტარი