დინამიკური ფერები, ასიმეტრიული ფიგურები, რომლებიც ქაოსის განცდას არ ტოვებენ და ყვავილები ჯორჯია ო’კიფის გამორჩეულ, ინდივიდუალურ მხატვრულ სტილს ახასიათებს. მხატვარი, მიუხედავად დიდი ზომის ფერადი, დატვირთული კომპოზიციისა, მაინც სივრცის ილუზიას გვიქმნის, მის შემოქმედებაში იგრძნობა არაჩვეულებრივი სიზუსტე და დისციპლინა. აბსტრაქტული ნამუშევრებიც კი ახლოს არის ბუნების სახასიათო ნიშნებთან. საკუთარი სახელის უკვდავყოფა ხელოვანმა ქალმა სწორედ გამორჩეული სტილით მოახერხა.
ჯორჯია ო’კიფის დიდი დამსახურებაა ამერიკის თანამედროვე ხელოვნების განვითარება, ის პირველი ქალი მხატვარი გახდა, რომელმაც ნიუ-იორკის ხელოვნების სამყაროში 1920-იან წლებში პატივისცემა და აღიარება მოიპოვა. ხელოვანმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არა მარტო სამხატვრო, ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლაში, მან დაარღვია სტერეოტიპები და ცხადყო, რომ სქესი შემოქმედების მსაზღვრელი არ არის. ამრიგად, მან ქალი მხატვრებისთვის ახალი და მნიშვნელოვანი სივრცის შექმნას შეუწყო ხელი იმ სფეროში, სადაც მამაკაცები კვლავ დომინირებდნენ.
ამერიკელი მოდერნისტი ფერმწერი 1887 წელს დაიბადა. მან ადრეული ასაკიდან გამოავლინა მხატვრობის ნიჭი, ჩიკაგოს სამხატვრო უნივერსიტეტში ჩააბარა, მალევე კი ნიუ-იორკში გააგრძელა სწავლა, სადაც მომავალი მეუღლე, ფოტოგრაფი ალფრედ შტიგლიცი გაიცნო. მის ხელოვნებაში ფოტოგრაფიის გავლენაც იგრძნობა, ჯორჯიას ნამუშევრები თითქოს ჩამოჭრილი, გადიდებულია, სწორედ ამ გამოსახულებების მაგალითზე შეიძლება მის შემოქმედებაში ფოტოგრაფიის გავლენაზე ვისაუბროთ.
ო’კიფი ფემინისტ მხატვრად ითვლება, მისი ყვავილები ხშირად ქალის სხეულის, განსაკუთრებით კი გენიტალიის ასოციაციას გვიტოვებს, მისი ფემინისტური მოტივები ყველაზე უკეთ სწორედ ამგვარ ნამუშევრებში ჩანს. მან შექმნა ქალის სასქესო ორგანოს არათვალშისაცემი და არაგამომწვევი გამოსახულება, რომელიც ყოველგვარი სექსუალობისაგან და ეროტიზმისგან მოშორებით დგას. მშვიდი ჰარმონიული ფერები და ქალის სხეული, რომელსაც ბუნების წიაღში ამოვიცნობთ. ხელოვანის შემოქმედება ასოციაციური შეგრძნებებითაა გაჯერებული.
ჯორჯია ბევრს მოგზაურობდა, მექსიკაში მოგზაურობამ კი ხელოვანის მხატვრულ მხარეზე განსაკუთრებული გავლენა იქონია, მისი მრავალფეროვანი სტილი სწორედ მექსიკის ინსპირაციით წარმოჩინდა. ის ნამუშევრები, რომლებიც ხელოვანმა ამ მოგზაურობის შემდეგ შექმნა სიურრეალისტური ხასიათისაა და უდაბნოში, სივრცეში გამოკიდებულ ჩონჩხებსა და ძვლებს ასახავს. „ ჩემთვის ძვლებზე მშვენიერი არაფერია, ისინი მკვეთრად და უხეშად იჭრებიან დიდ, ცარიელ და ხელშეუხებელ სივრცეში, რაღაც ცოცხალის ცენტრში“.
მის ნამუშევრებში ყველაზე აღსანიშნავი რეალობის და აბსტრაქციის შერწყმაა. იგი სივრცეს შესანიშნავი, ლამაზი გზით ავსებდა. ბუნებას ერთდროულად რეალისტურად და ზღაპრულად, ფერადად და ამავდროულად, სადად გამოსახავდა. მან გამორჩეული, ინდივიდუალური მიდგომით შექმნა ნამუშევრები, რომლებიც ასახავენ მისი მოდერნისტული ხედვის მთლიანობას, დამოუკიდებელ სულისკვეთებას და უპირველეს ყოვლისა, ღრმა მგრძნობელობას ბუნებრივი ძალებისა და სიცოცხლისუნარიანობისადმი.
ინტენსიური, მკვეთრი ფერებით, რომლებიც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ბრტყელ სივრცეზე, თანაბარი განათებით განთავსებული გამოსახულებები, რომლებშიც ადამიანი არ ფიგურირებს, მაგრამ მისი ემოციები და შინაგანი სამყარო მრავალმხრივაა წარმოდგენილი. მხატვარი ინდივიდუალური ხედვით საკუთარი თვალით აღქმულ სამყაროს ხატავდა და ხელოვნების ისტორიაში დამსახურებული ადგილიც მოიპოვა.
დაწერე კომენტარი