ამერიკელი ფოტოგრაფი ჯულიუს შულმანი ყველაზე მეტად ლოს-ანჟელესის მოდერნისტული არქიტექტურის ფოტოებით იყო ცნობილი. ფოტოგრაფი თავის ნამუშევრებში სწორედ იმ იდილიურ ხასიათს და თანამედროვე ცხოვრების სტილს გამოსახავდა, რაც ომის შემდეგ გაჩნდა.

 

 

მისი მუშაობის სტილიც ზუსტად შეესაბამებოდა მოდერნისტულ შენობებს - მინიმალისტური და მშვიდი, სადაც აქცენტს მნიშვნელოვან ხაზებსა და ფორმებზე აკეთებდა. ამასთან, ამერიკელი ფოტოგრაფი უმეტესად შავ-თეთრი ფირით მუშაობდა.

 

შულმანი 1910 წელს ბრუკლინში დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი ლოსანჟელესში  გადავიდა საცხოვრებლად. იგი მცირე დროით კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში სწავლობდა და 1936 წელს  ლოს-ანჟელესში დაბრუნებისას პირველი  დავალება მიიღო, გადაეღო არქიტექტორ რიჩარდ ნიუტრას ერთ-ერთი ნამუშევარი.

 

 

თვითნასწავლმა ფოტოგრაფმა 1950 წელს თავისი სტუდია გახსნა და მას შემდეგ ბევრ სხვადასხვა ჟურნალთან თუ არქიტექტორთან თანამშრომლობდა.

 

მან ისეთი ცნობილი არქიტექტორების ნამუშევრები  გადაიღო,  როგორებიცაა ფრანკ ლოიდ რაითი, ჩარლზ და რეი იამსი, ოსკარ ნიმეიერი, რიჩარდ ნიუტრა, რაფაელ სორიანო, ჯონ ლოტნერი, პიერ კოენიგი, რუდოლფ შინდლერი და სხვები. მისი ნამუშევრები არა მხოლოდ დოკუმენტაცია, არამედ ინტერპრეტაციაა ამა თუ იმ შენობის, რის გამოც ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტურის ფოტოგრაფია.

 

 

შულმანის ნამუშევრები წლების განმავლობაში მრავალ ჟურნალსა თუ წიგნში დაბეჭდილა. მიუხედავად მისი მრავალწლიანი პრაქტიკისა, ის ყველაზე მეტად ასოცირდება ერთ კონკრეტულ ნამუშევართან - პიერ კოენიგის Case Study House #22.

2009 წელს, შულმანის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, ფოტოგრაფის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი გამოვიდა. დასტინ ჰოფმანის მოთხრობილი ამბავი, სახელწოდებით Visual Acoustics, A Documentary Film on Julius Shulman, სხვადასხვა არქიტექტორების და თავად შულმანის ინტერვიუებს მოიცავს.