პოეტი, მხატვარი, ინოვატორი - ამ სიტყვებით შეიძლება მოკლედ დავასახასიათოთ კარლო კაჭარავა. მისი ნამუშევრები საბჭოთა თბილისში შეიქმნა და რეალურ, ფარდის უკან არსებულ სამყაროს გადმოგვცემს. ოთხმოციან წლებში თავისუფალი აზროვნება, სული და ხელოვნების ახლებური გაგება სწორედ კარლო კაჭარავას დამსახურებით იშვა.
ხელოვანი 1964 წელს დაიბადა, თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა და მთელი ცხოვრება თბილისის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მუშაობდა. იგი ბავშვობიდან ხატავდა, თუმცა თავის თავს პოეტად უფრო მიიჩნევდა, ვიდრე მხატვრად. „მე ყოველთვის მინდოდა ყველასთვის გასაგებად და განსხვავებულად მეწერა“. იგი ამავდროულად, თეორიტიკოსი, ხელოვნების ექსპერტი და ფილოსოფოსიც იყო. მრავალმხრივ ნიჭიერი კარლო კაჭარავა ცდილობდა გაეკონტროლებინა ხელოვნების პროცესები და მის გარშემო მომხდარი მოვლენები. მის შემოქმედებაზე გერმანულმა ექსპრესიონიზმმა, კინომ და ლიტერატურამ დიდი გავლენა იქონია.
კარლო კაჭარავა ქართულ კულტურასა და დასავლურ სამყაროს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი იყო. მისი მხატვრობა განსაკუთრებულია, მასში ვიზუალურადაა ასახული ავტორის ინტერესები, სიყვარული ლიტერატურის, კინოს და ზოგადად, დასავლური და ქართული კულტურის მიმართ. ხელოვანი აქცენტს თანამედროვე სამყაროს პრომლემებზე აკეთებს და ხშირად ნამუშევრებში თავადვე გვევლინება. მისი შემოქმედება საკუთარი თავის, სამყაროს და იმ დროის კვლევაა, რომელშიც თავად ცხოვრობდა.
ხშირად მის ნახატები ერთმანეთთანაა დაკავშირებული, პერსონაჟებიც მეორდებიან და თითქოს სათქმელიც გრძელდება. სხვადასხვა შინაარსი, პრობლემა და ტილოზე დატანილი ტექსტი საბოოლოდ ერთიან სათქმელს ქმნის, რომელსაც კარლოს ნახატები ჰყვებიან. მის ნამუშევრებში ავტორის ინტელექტი, ღრმა, საინტერესო და მნიშვნელოვანი თემების კვლევა თვალსაჩინოდაა ასახული.
მისი შემოქმედება დაუჯერებლად თანამედროვეა და ყველა თაობის წარმომადგენელს ერთნაირად იზიდავს, ხელოვანის მძაფრად გამოხატული ინდივიდუალური სტილი ერთი ნახვით ამახსოვრდება მნახველს, ალბათ რთულად თუ ვიპოვით ადამიანს, რომელზეც მისი ნამუშევარი დიდ გავლენას არ მოახდენს. ფერები, პერსონაჟები, წარწერები - ეს იმ ელემენტთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც ხელოვანის შემოქმედებას ასე გამოარჩევს სხვებისაგან.
დიდი, მისტიკური თვალები და ქუჩები, რომლებიც ამ მზერითაა სავსე, კარლოს ნამუშევრების განუყოფელი ნაწილია და რაც მთავარია Helena, რომლის სახელიც ბევრ ტილოზე წერია. ჰელენა ლუნდბერგი მისი ერთ-ერთი მუზა იყო, რომელსაც ძალიან ბევრი ნახატი მიუძღვნა, მათ შორის - გენერლებიც. გენერალი კარლოს პირადი ეგოა, რომელიც თავისი სატრფოების დასაცავად შექმნა, თუმცა ცხადია, რომ მის არცერთ სატრფოს დაცვა არ სჭირდებოდა.
კარლო კაჭარავა წარმოადგენდა მთელ თაობას, საქართველოს სახეს. მისი ნამუშევრები გაცოცხლებული პოეზიაა, რომელიც მძაფრ შეგრძნებებსა და ემოციებს ასახავს, სწორედ ამიტომაა მისი ხელოვნება ასეთი უნიკალური და მნიშვნელოვანი, იგი განსაკუთრებული ირონიით რეალობას აჩვენებდა და ბიძგს აძლევდა გარშემო მყოფებს თვალი გაესწორებინათ სიმართლისთვის. ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, მან დიდი წვლილი შეიტანა ქართულ ხელოვნებაში თავისი ნახატებით, გრაფიკული ნამუშევრებით, პოეზიითა და თეორიული ნაშრომებით.
დაბოლოს, ნაწყვეტი კარლოს ჩანაწერებიდან, რომელშიც ხელოვანი ახალგაზრდა მხატვრებსა და მათ შემოქმედებაზე საუბრობს, რომელთაც თავისუფლებისკენ გზა თავად გაუკვალა.
„ბავშვების" სურათებს კარგად ემჩნევა, რომ ისენი არიან ახალგაზრდა ყმაწვილები, რომლებმაც უკვე გაიგეს ნამდვილი თავისუფლების გემო და აღარასოდეს არ მოტყუვდებიან ჩვენში გაბატონებული რეაქციონერული პატრიოტიზმის ზერელე იდეოლოგიით, რომელიც ეროვნულობისადმი აპელაციით გაუთავებლად ამკვიდრებს სოციალური ჩაგვრის ბარბაროსულ ფორმებს, რომლებმაც ყველანაირ გარეშე მტრებზე მეტად გაანადგურეს ჩვენი ქვეყანა“.
დაწერე კომენტარი