„ამ ფილმის საუკეთესო ვერსია შავ-თეთრია, თუმცა დღეს ამას ხალხი ხელოვნებად აღიქვამს”, - ამბობს ჯორჯ მილერი ,,მედ მაქსთან’’ დაკავშირებით. შავ-თეთრი “მედ მაქსი” საინტერესოა, მაგრამ  XXI საუკუნეში, როცა ტექნიკა ამის აუცილებლობას აღარ მოითხოვს, ფილმში ამ ელემენტმა სხვა დანიშნულება შეიძინა. ეს ,,სხვა დანიშნულება’’ კი ბლოკბასტერის ავტორის ინტერესებში არ ჯდება. შავ-თეთრი ესთეტიკა ფილმის ხასიათს ერთიანად ცვლის და  ისეთ შეგრძნებებს ამძაფრებს, როგორიცაა: სევდა, დრამატიზმი, ნოსტალგია, დრო, ესთეტიზმი და სხვა. 

 

 

პაველ პავლიკოვსკის შემოქმედებაში, განსაკუთრებით კი ,,ცივ ომში’’ ჩამოთვლილი მოტივები ხშირად გვხვდება. ფილმი 2018 წელს გამოვიდა და სამ ნომინაციაში: საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი და საუკეთესო ოპერატორი (Łukasz ŻalŁukasz), იყო წარდგენილი. ,,ცივი ომი’’ ვიქტორისა და ზულას ისტორიას მოგვითხრობს და შთაგონებულია პავლიკოვსკის მშობლების განსაკუთრებული სასიყვარულო ისტორიით. ფილმში დროის დიაპაზონი 15 წელია. 15 წელი გრძელდება ვიქტორისა და ზულას სიყვარული მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და განსხვავებული დაბრკოლებებითაა სავსე. ,,ცივი ომის’’ მიღმა არსებული რეალური ისტორია კი 40 წელს ითვლიდა და როგორც თავად პავლიკოვსკი ამბობს, მშობლების თავგადასავლის 40 წელი მთლიანად დაემთხვა ცივ ომს.

 

 

Ზულა ამბიციური ახალგაზრდაა და მას იმ ფოლკლორულ ანსამბლში უნდა გაწევრიანება, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელიც ვიქტორი და ირენა არიან.   პოლონური ფოლკლორული ანსამბლი წარმატებულია როგორც საზღვრებს შიგნით, ისე მის გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ზულას კრიმინალური წარსული აქვს და გაქცეულია მოძალადე მამისაგან, მასა და ვიქტორს შორის მალევე  იწყება  სასიყვარულო ისტორია.  წყვილი ბერლინში, ტურის დროს გაქცევას გადაწყვეტს, თუმცა, საბოლოოდ, ვიქტორი მარტოდმარტო კვეთს საზღვარს.  წლების შემდეგ ისინი ერთმანეთს პარიზში ხვდებიან და მართალია, ორივეს ჰყავს პარტნიორი,  მაინც აშკარაა მათი გრძნობები. 

 

 

პირველი ათწლეულის განმავლობაში პავლიკოვსკის მშობლებიც არაერთხელ დაშორდნენ და შერიგდნენ.  ,,სახლ-კარი დიდი პრობლემა იყო. ჩვენ ვცხოვრობდით პატარა ბინაში და ეს არაა მარტივი, როცა შვილიც გყავს. ისინი ბევრს ჩხუბობდნენ და ბევრს სვამდნენ. ორივე კულტურული და განათლებული ადამიანი გახლდათ, მაგრამ მათი ეს მხარე ურთიერთობაში ბეწვივით უხილავი იყო’’, - ამბობს პავლიკოვსკი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

 

შემთხვევითი არ უნდა იყოს პავლიკოვსკის  პერსონაჟებისკავშირი  მუსიკასთან. მუსიკა და შავ-თეთრი კადრები ფილმში დროის მსვლელობას უსვამს ხაზს: თავდაპირველად ზულასა და ვიქტორს ფოლკლორული მუსიკა აკავშირებს ერთმანეთთან, წლების შემდეგ კი პარიზული ჯაზი ხელს უწყობს მათი ცხოვრების კვლავ დაახლოებას. ფილმის ეს შტრიხი უკავშირდება რეჟისორის მშობლებს. პავლიკოვსკის დედამ ადრეულ ასაკში დატოვა ოჯახი და ბალერინობა გადაწყვიტა, თუმცა მოგვიანებით დაავადებამ ხელი ააღებინა ამ გადაწყვეტილებაზე. 

 

1968 წელს წყვილი განქორწინდა და წლების შემდეგ ისევ შერიგდა. ფილმში, პავლიკოვსკის დედის მსგავსად, ზულაც ქორწინდება იტალიელ მამაკაცზე. ის მოგვიანებით ტოვებს პოლონეთს და  პარიზში ბრუნდება ვიქტორთან. მათ შორის პრობლემები არც პარიზში სრულდება, მაგრამ ზულა და ვიქტორი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან მიჯაჭვულნი, ვერც ღალატი, ვერც დაუსრულებელი კამათი და ომის თანამდევი სიძნელეები ვერ გაყრის მათ. ორივე ხვდება, რომ სამყაროში ერთმანეთზე მნიშვნელოვანი არავინ ჰყავთ. 

 

 

დაბოლოს, ,,ცივი ომი’’ სიყვარულზეა - დაუსრულებელ, მელანქოლიურ და უსაზღვრო სიყვარულზე, რომელიც ყოველთვის პოულობს მეორე ნახევარს და არ აბრკოლებს ომის საშინელება; სიყვარულზე, რომელიც წლების წინ რეალურად არსებობდა და ბოლოს უჩვეულოდ მშვიდად დასრულდა - პავლიკოვსკის მშობლები, დაღლილები ბევრი ჩხუბისგან, თუმცა ძველებურად სავსენი სიყვარულით (როგორც თავად რეჟისორი აღნიშნავს),   1989 წელს გარდაიცვალნენ.