“ვქმნი ილუსტრაციებს მათთვის, ვინც ეძებს თბილ, ფერად, ფრთხილად ნაფიქრ, ხელით ნახატ დიზაინს წინა საუკუნის კლასიკური ინსტრუმენტებით”, - ასე აცნობს სამყაროს თავს უეს ანდერსონის უმცროსი ძმა, ერიკ ჩეის ანდერსონი.
თუ გსურთ იგრძნოთ განუსაზღვრელი ნოსტალგია და კომფორტული მელანქოლია, მაშინ უეს ანდერსონის ფილმებთან ერთად, აუცილებლად ერიკ ჩეის ანდერსონის ნამუშევრებსაც უნდა გაეცნოთ.
ანდერსონების ოჯახში კრეატიული გენი და უსაზღვრო წარმოსახვის უნარი თანაბრად გადანაწილდა და შეიქმნა ძმების სათუთი, ნაივური, ფერადი სამყარო, სადაც პატარა დეტალიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მთავარი კადრი.
ერიკ ჩეისი თავის მთავარ მოწოდებად ისტორიების შექმნას და მათ მოყოლას თვლის. თავდაპირველად, ძმის მსგავსად, რეჟისორობას გეგმავდა, მაგრამ კოლუმბიის უნივერსიტეტში ერთი სემესტრის სწავლის შემდეგ მიხვდა, რომ ფილმების სიყვარული მათი შექმნის სიყვარულს არ ნიშნავდა და საჭირო გახდა ამბის თხრობის ახალი გზების ძიება. ამ დროიდან იწყება მისი ობსესია რუკების ხელოვნების მიმართ, რაც ნაწილობრივ განპირობებულია ანდერსონების ოჯახით. გეოლოგი მამა, რომელსაც უამრავი რუკის შექმნა უწევდა, და მხატვარი დედა იდეალური მუხტი გახდა ერიკ ჩეისის მისწრაფებისთვის. რუკების დახმარებით თავისი ისტორიის მკითხველამდე მიტანა ბევრად უფრო გაუმარტივდა, ამით მან შეძლო სიტყვებით დატოვებული ცარიელი ადგილების შევსება, მკითხველის თავგადასავლისთვის მომზადება, მათი ფანტაზიის ჩართვა, და გზის გაძღოლა მთლიან ისტორიაში. მისი რუკები ერთგული მეგზურები აღმოჩნდნენ განძზე მონადირე მკითხველთათვის.
2005 წელს გამოსცა პირველი ნოველა Chuck Dugan is AWOL: A Novel, With Maps, რომელიც გათვლილი იყო 10-12 წლის ბავშვებისთვის, მაგრამ მისმა ილუსტრაციებმა გულგრილი ვერც უფროსები დატოვა. ერიკ ჩეისისთვის ეს ნოველა დღემდე კარიერის ყველაზე საინტერესო პროექტია, სადაც იდეალურად მოახერხა შეერწყა ისტორიებისა და რუკების სიყვარული და თავს უფლება მისცა ბოლომდე გამოევლინა არტისტული თავისუფლება.
მართალია, კინომატოგრაფიაში კარიერაზე უარი თქვა, მაგრამ მას ბოლომდე მაინც ვერ გაექცა და მისი ძმის თითქმის ყველა ფილმის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. 9 წლის ასაკიდან ჩართული იყო უესის შემოქმედებაში, მაგრამ სწორედ მას შემდეგ, რაც თავისი არტისტული ნიჭი აღმოაჩინა და რუკების ხატვა დაიწყო, მისი იდეებიც და ილუსტრაციებიც მნიშვნელოვანი დამხმარე აღმოჩნდა ძმისთვის. პროდუქტის დიზაინი, ფილმის სარეკლამო ილუსტრაციები... უეს ანდერსონის სამყაროში ხშირად აღმოაჩენთ მის ნამუშევრებს.
მაგალითად, ერიკ ჩეისის მოხატულია Darjeeling Limited-ის საკულტო Louis Vuitton-ის ჩემოდნები, Criterion Collection-ისთვის მან შექმნა Rushmore-ის, The Royal Tenenbaums-ის, The Life Aquatic with Steve Zissou-ს და The Darjeeling Limited-ის პოსტერები, მასვე ეკუთვნის რიჩი ტენენბაუმის ყველა ნახატი ფილმიდან The Royal Tenenbaums. რა თქმა უნდა, ძმასთან ერთად ფილმებზე მუშაობა უდიდესი გამოცდილება და სიამოვნება აღმოჩნდა, მაგრამ უესის კონკრეტული, მტკიცე ხედვის გამო თანამშრომლობისას ერიკს ნაწილობრივ თავისი არტისტული ავტონომიის დათმობა უწევდა. ყველა არტისტს კი დამოუკიდებელი გზის პოვნა და საკუთარი თავის ძიება სჭირდება.
ოჯახის წევრებთან ერთად, ერიკის, როგორც ილუსტრატორის, მთავარი ინსპირაცია და გავლენა უოლტ დისნეია. ეგოსგან დაცლილი არტისტი, ვისთვისაც პრიორიტეტი მაყურებლის ემოციები იყო და ფოკუსირებული გახლდათ იმაზე, როგორ მიიტანდა მათთან ისტორიას. ანდერსონის აზრით, დისნეი თავისი ანიმაციის გმირებს ყველაზე გამორჩეულ ხასიათს აძლევდა, განსაკუთრებით კი მის ფავორიტ ანიმაციაში - 101 Dalmation. მისი აზრით, ბავშვობის საყვარელ ანიმაციებთან მიბრუნება სასარგებლოა ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ისტორიებით და ილუსტრირებით.
რეჟისორობიდან ილუსტრატორობამდე ანდერსონმა აღმოაჩინა საკუთარი თავი და იპოვა ისტორიების მოყოლის მასზე მორგებული მეთოდი. მთავარი რჩევა, რაც ამ გამოცდილებამ მისცა და, რასაც ახალგაზრდა არტისტებს უზიარებს, ისაა, რომ უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ საქმეს, რომელსაც ნახევრად გაუცნობიერებლად აკეთებენ. მისთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმის კეთება, რასაც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას უთმობდა. უნდა შეძლო და “დაუწიო” გარე სამყაროს, კრიტიკოსების ხმას და ფოკუსირდე მხოლოდ იმაზე, რაც პერსონალურ სიამოვნებას და კმაყოფილებას განიჭებს. ამ გზის გავლით ერიკ ჩეის ანდერსონმა თავის ისტორიებს შეუქმნა ზღაპრული, ბავშვური სამყარო, რომელში მოგზაურობა ჩვენც შეგვიძლია.
დაწერე კომენტარი