ალბათ რომელ ფოტოგრაფსაც უნდა ჰკითხოთ, თუ როგორ გაიღვიძა მათში მუზამ, ყველა თავისი პირველი კამერისკენ მიგითითებთ. თუმცა ფოტოგრაფ და კინორეჟისორ ტაილერ მიჩელს ცოტათი განსხვავებული ისტორია აქვს. მისი ამ სფეროსადმი სიყვარული სკეიტბორდს უკავშირდება, რომელიც ფოტოგრაფის განმარტებით, არა მხოლოდ სპორტი, არამედ ერთგვარი მოტივაციაა შენში არტისტმა გაიღვიძოს. სპაიკ ჯოუნზის სკეიტერებზე შექმნილი ვიდეოებით გატაცებულმა ტაილერმა შეძლო ეყიდა პირველი კამერა, რის შემდეგაც Youtube-ის დახმარებით თვითგანათლებას მიჰყო ხელი. თუმცა მოგვიანებით იგი NYU’s Tisch School of the Arts-ში ჩაირიცხა, სადაც კინორეჟისურას სწავლობდა. სწავლის დასასრულს მიჩელი უკვე მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, 2015 წელს კი კუბაში გადაღებული კატალოგი El Paquete გამოსცა, რომელშიც ჰავანისთვის ახალი სკეიტბორდინგის კულტურაა ასახული.
ტაილერ მიჩელი, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ფოტოგრაფია ჟურნალ Vogue-ის ისტორიაში, სხვადასხვა ჟანრში იკვლევს და ასახავს შავკანიანთა ესთეტიკას. მისი სერია I’m Doing Pretty Hood in My Pink Polo ერთგვარი ვიზუალური ძიებაა თანამედროვე შავკანიანი მასკულინობის, რომელშიც ასახულია ის წინააღმდეგობები, რასაც შავკანიანი მამაკაცები ამერიკაში ეჯახებიან. მის ფოტოგრაფიაში პოლიტიკა, პირადი ცხოვრება და მოდა ერთიანდება, რაც საერთო ჯამში არტისტისთვის დამახასიათებელ დუალურ ხელწერასა და ესთეტიკას ქმნის. “ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ფიზიკურად, ემოციურად და სექსუალურად ვიჩაგრებოდით. ჩემი ფოტოგრაფიით შავკანიანთა ავტორიტეტის აღორძინებასა და შავი ნატურის ამაღლებას ვცდილობ”.
ატლანტაში გაზრდილმა ფოტოგრაფმა სახელი Instagram-ზე განთავსებული ფოტოებითა და პორტფოლიოთი გაითქვა, რის შემდეგაც იღებს ისეთი მოდის სახლების კამპანიებისთვის, როგორებიც არიან Givenchy, Marc Jacobs. ამ პერიოდშივე მას იწვევენ ჟურნალები - Dazed, i-D, Fader. რეჟისორ სპაიკ ლისთან მუშაობის შემდეგ ტაილერი Art Partner-ის სტაჟიორი ხდება, სადაც ჟურნალისა და მოდის ფოტოგრაფიის სპეციფიკას სწავლობს.
2016 წელს, NYU’s Tisch School of the Arts-ის დამთავრებამდე, მიჩელი Dazed Digital’s ტოპ 100 არტისტს შორის მოხვდა, რომლის შემდეგაც იგი პერსონალურ პროექტებსა და ფილმებზე მუშაობს. მას შემდეგ, რაც მიჩელი რეგულარულად იწყებს ფოტოგრაფიაში მოღვაწეობას, სულ უფრო და უფრო ხშირად მუშაობს ჟურნალ Vogue-ის პროექტებზე. გარდა ამისა, იგი თანამშრომლობს Teen Vogue-სთან, რომელთაც ახალგაზრდა აქტივისტების მონაწილეობით იარაღის კონტროლის თემატიკაზე ერთობლივი პროექტი შექმნეს.
გარდა ფოტოგრაფიისა, ტაილერის ფილმები, რომლებიც Marc Jacobs-ისა და Givenchy-სთვის შექმნა, ნიუ-იორკში, The Art Baby Gallery-ში უჩვენეს, რომელიც ახალგაზრდა ავანგარდული თაობის გამოფენის ნაწილი იყო. ტაილერის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჟურნალ Vogue-ის 2018 წლის სექტემბრის გამოშვების გარეკანის ფოტოზე მუშაობა აღმოჩნდა. ფოტოგრაფი, რომელმაც ისტორია შექმნა - ასე მოიხსენიებენ ახალგაზრდა შავკანიან ფოტოგრაფს, რომელმაც 125 წლის მანძილზე პირველმა გადაიღო ჟურნალ Vogue-ს გარეკანის ფოტო. თუმცა აქ არა მხოლოდ ტაილერი, არამედ მოდელიც დიდი როლს თამაშობს, რაც ფოტოგრაფის კიდევ ერთი მცდელობაა შავკანიანი სხეულის იდენტობისა და ესთეტიკის წარმოჩენის. ამერიკელ მომღერალ Beyoncé-სთან ერთად შექმნილი ფოტოები რეალობისა და ფანტაზიის ზღვარზეა, რომლის მიუხედავად სიურეალისტური და მეოცნებე ესთეტიკისა, მაინც არ იკარგება ფოტოგრაფის გზავნილები.
ტაილერის პირველი სოლო გამოფენა I Can Make You Feel Good 2019 წელს ამსტერდამში, Foam Fotografiemuseum-ში გაიმართა, რომელშიც შავკანიანი მამაკაცების ყოველდღიური მიკროტრამვების ისტორიების შესახებ მოგვითხრობდა. გამოფენაზე ტაილერის მიერ გადაღებული უამრავი ცნობილი ადამიანის და რა თქმა უნდა, Beyoncé-ს კადრებიც მოხვდა. გამოფენამ ამსტერდამში იმდენად გაამართლა, რომ იგი ნიუ-იორკის International Center of Photography-ში 2020 წლის 18 მაისამდე იქნება წარმოდგენილი.
სხვადასხვა ჟანრსა და მედიუმში მოღვაწე შავკანიანი არტისტი, რომლის შთაგონების წყაროც ვივიენ საზენია, თავის შემოქმედებაში ღიად გამოხატავს ემოციებსა და შეგრძნებებს. ნამუშევრები, რომლებიც შავკანიანი ახალგაზრდა მამაკაცის მასკულინობის შესახებ გვიამბობს, არა შეზღუდულ, არამედ მრავალფეროვან პერსპექტივაში წარმოგვიდგება. ტაილერ მიჩელი, რომელიც უკვე რეგულარულად თანამშრომლობს ავანგარდულ ჟურნალებთან, 2010-იანი წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა.
დაწერე კომენტარი