გერმანელები ქართულ მიწებზე 200 წლის წინ, მე-19 საუკუნის დასაწყისში დასახლდნენ და აქ თავიანთი კოლონიები დააარსეს. გერმანელი ინტელიგენციის წარმომადგენლები - ხელოვანები, არქიტექტორები თუ ფერმწერები საქართველოსადმი ინტერესს ისეთი გულმოდგინებით იჩენდნენ, რომ მათი ფიზიკური ჩართულობითა და ხელშეწყობით ქართულმა კულტურამ განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია.
სტატიაში ჟურნალი Hammock წარმოგიდგენთ საქართველოში მოღვაწე იმ გამოჩენილ გერმანელ არქიტექტორებს, რომლებმაც საქართველოს მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობა დაუტოვეს.
ალბერტ ზალცმანი — თბილისის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი
თბილისის სამხედრო-ისტორიული მუზეუმის, იგივე დიდების ტაძრის მშენებლობა 1890 წელს დაიწყო და ორი წლის შემდეგ დასრულდა. პროექტის ავტორი გერმანელი არქიტექტორი, ალბერტ ზალცმანი გახლავთ, რომელიც თბილისის სხვა არქიტექტურულ საქმიანობებშიც აქტიურად იყო ჩართული.
შენობა ნეობაროკულ სტილს განეკუთვნება. იგი დღეს რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, სადაიც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაა განთავსებული.
ვიქტორ შრეტერი — თბილისის სახაზინო თეატრი
ვიქტორ შრეტერი გერმანელი წარმოშობის არქიტექტორი იყო, რომელიც რუსეთის იმპერიაში მოღვაწეობდა. ცნობილია, რომ მის ინტერესს კულტურული დაწესებულებები განსაკუთრებულად აღძრავდა, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ გერმანელი არქიტექტორი თეატრების პროექტების შექმნითაც იყო გატაცებული. შეიძლება ბევრი our ქართველისათვის დღესაც უცნობია, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, რომელიც ადრე თბილისის სახაზინო თეატრის სახელით იყო ცნობილი, სწორედ ვიქტორ შრეტერის მიერ დაპროექტებულ ნაგებობას წარმოადგენს. თბილისის სახაზინო თეატრი 1889-1896 წლებში შენდებოდა და მისი პროექტი რიჰარდ ვაგნერის ბაიროთის თეატრის კონსტრუქციის ინსპირირებით შეიქმნა. სამწუხაროდ, თბილისის სახაზინო თეატრი 1973 წელს დაიწვა, თუმცა ფასადის შენარჩუნება მოხერხდა და ნაგებობას კულტურული დანიშნულება დღესაც არ დაუკარგავს.
ლეოპოლდ ბილფელდი — რომანოვების სასახლე
რუსეთის დიდებულები საქართველოთი იმდენად იხიბლებოდნენ, რომ ქართული მიწების შესყიდვითა და რეზიდენციების აშენებით საკუთარ თავს ფუფუნების საშუალებას აძლევდნენ. ამის ნათელი მაგალითი რომანოვების სასახლეა, რომელიც ლიკანში მდებარეობს და იქაურობას დღესაც ამშვენებს. სასახლე, რომელიც 8 შენობისაგან შედგება, მიხეილ რომანოვის ვაჟის, ნიკოლოზის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. პროექტის ავტორი რუსი არქიტექტორი ლეონტი ბენუა გახლავთ, ხოლო უშუალოდ მშენებლობას პროფესიონალი გერმანელი არქიტექტორი, ლეოპოლს ბილფელდი უძღვებოდა. სასახლის მშენებლობა 1892-1895 წლებში მიმდინარეობდა.
ლეოპოლდ ბილფელდი — სასტუმრო “ვეტცელი”
თუკი თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ერთხელ მაინც ჩაგივლიათ, სასტუმრო “ვეტცელთან” ნაბიჯებს აუცილებლად შეანელებდით. შენობა 1897-1900 წლებში შენდებოდა და მისი მფლობელი ფრიდრიხ ვეტცელი იყო, რომელიც II გილდიის ვაჭრის ტიტულს ატარებდა. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში თეატრალური სივრცეც იყო მოწყობილი, რომელიც XX საუკუნის მეორე ნახევარში თოჯინების თეატრის სახით ფუნქციონირებდა. სასტუმრო “ვეტცელის” პროექტის ავტორიც გერმანელი არქიტექტორი, ლეოპოლდ ბილფელდი გახლავთ.
ლეოპოლდ ბილფელდი — წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია
წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია დღეს აღარ არსებობს, რადგან სამწუხარო რეალობის გათვალისწინებით იგი 1947 წელს დაანგრიეს. ტაძარმა ფუნქციონირება 1897 წელს დაიწყო და იგი მიხეილის ქუჩაზე, დღევანდელ აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობდა. წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესიაც გერმანელ არქიტექტორ ლეოპოლდ ბილფელდის პროექტზე დაყრდნობით აშენდა.
ლეოპოლდ ბილფელდი — ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია
ლეოპოლდ ბილფელდი საქართველოში არსებული არაერთი შენობის პროექტის ავტორია. რუსთაველის გამზირზე მდებარე ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაც სწორედ ლეოპოლდ ბილფელდის პროექტის მიხედვით აიგო. ტაძარი 1904-1910 წლებში შენდებოდა.
პაულ შტერნი — საქალაქო სახლი
საქალაქო სახლს, რომელიც დღეს თბილისის საკრებულოს შენობაა, რეკონსტრუქცია 1882 წელს პაულ შტერნის პროექტის მიხედვით ჩაუტარდა. გერმანელმა არქიტექტორმა შენობას მავრიტანული სტილის შტრიხები დაამატა და ისინი დღესაც თვალსაჩინოა.
ოტო სიმონსონი — თბილისის სასამართლო პალატისა და საოლქო სასამართლოს შენობა
ოტო სიმონსონი იმ გერმანელი არქიტექტორების რიგებშია, რომლებიც თბილისში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სიმონსონის სახელი საქართველოში არსებულ ბევრ შენობასთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა თბილისის სასამართლო პალატისა და საოლქო სასამართლოს შენობა, რომელიც გოლოვინზე (დღევანდელი რუსთაველის გამზირი) 1865-1867 წლებში შენდებოდა. შენობა 1990-იან წლებში დაიწვა და არსებობის განმავლობაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა მნიშვნელობით ფუნქციონირებდა. თბილისის სასამართლო პალატისა და საოლქო სასამართლოს შენობას ალბერტ ზალცმანის პროექტის მიხედვით რეკონსტრუქცია 1895 წელს ჩაუტარდა და იგი სასტუმრო “ორიენტად” გადაკეთდა, ხოლო 1908 წლიდან ნაგებობის პირველ სართულზე “ზინგერის” საკერავი მანქანების მაღაზია იყო გახსნილი.
ოტო სიმონსონი — თბილისის მეფისნაცვლის სასახლე
დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რომელიც ძველად თბილისის მეფისნაცვლის სასახლედ იყო ცნობილი, ოტო სიმონსონმა ჯერ ნაწილობრივ გადააკეთა, ხოლო 1865 წელს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარა, რასაც ოთხი წელი დასჭირდა. ცნობილია, რომ ოტო სიმონსონი ძალებს მხოლოდ სასახლის ფასადის შეცვლისათვის კი არ იშურებდა, არამედ მეფისნაცვლის ავეჯისა და სხვა ესკიზების შექმნაშიც თავად მონაწილეობდა.
ოტო სიმონსონი — თბილისის კლასიკური გიმნაზია
თბილისის კლასიკური გიმნაზიის მშენებლობა 1833 წელს დასრულდა. გერმანელმა არქიტექტორმა ოტო სიმონსონმა კი შენობის რეკონსტრუქციის პროექტი შეიმუშავა. 1870-1871 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად ნაგებობის ფასადი სრულიად შეიცვალა. მართალია, უკვე ორას წელზე მეტი გავიდა, თუმცა რუსთაველის გამზირზე არსებული ეს შენობა დღესაც თბილისის კლასიკური გიმნაზიის სახელს ატარებს.
პავლე გოტგარდტი — ლუდსახარში ქარხანა
თქვენ წინაშეა იმ პროექტის ნახაზები, რომლის მიხედვითაც 1891 წელს თბილისში ლუდსახარში ქარხანა აშენდა. მისი ავტორი გერმანელი არქიტექტორი პავლე გოტგარდტია. ლუდსახარში ქარხანა კი ფრიდრიხ ვეტცელს ეკუთვნოდა. ვეტცელების ქარხანა დღევანდელ უზნაძის ქუჩაზე მდებარეობდა.
დაწერე კომენტარი