ერთი წლის წინ, დაახლოებით ამ დროს, ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წელი გავიდა. თვითნასწავლი გენიოსი მხატვრის შემოქმედება, რომელმაც სიცოცხლე, სავარაუდოდ, კიბის ქვეშ, ბნელ სარდაფში, მარტოდმარტომ უკიდურეს გაჭირვებაში დაასრულა, შარშან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან - ალბერტინას - მუზეუმში ამ თარიღთან დაკავშირებით პიკასოს, მუნიკის და მონეს გვერდით უამრავმა ადამიანმა იხილა.
ალბათ იმიტომაც, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის არც დაბადების, არც ცხოვრებისა და არც გარდაცვალების შესახებ დანამდვილებით არავინ არაფერი იცის, არც მისი საფლავი არსებობს. არსებობს მხოლოდ მთაწმინდის პანთეონის სიმბოლური ქვა, უამრავი მოგონება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მისი ნახატები, რომლებიც ერთადერთი უტყუარი ფაქტია იმისა, რომ მეცხრამეტე საუკუნის თბილისის აზიურ დუქნებში ყველა დროის საუკეთესო ქართველი მხატვარი ნამდვილ შედევრებს ქმნიდა.
პირველი, ვინც ნიკო ფიროსმანის შესახებ ბიოგრაფიული ცნობების შეგროვება მის სიცოცხლეშივე დაიწყო, ილია ზდანევიჩი იყო, რომელიც საკუთარ დღიურში იწერდა ყველაფერს, რასაც ფიროსმანისგან პირადად ისმენდა. ყველაფერს იწერდა გიორგი ლეონიძეც, რომელმაც 1922 წლიდან, დაახლოებით 40 წელი, ნიკო ფიროსმანის შესახებ არქივის შეგროვებას დაუთმო.
როგორც შემდეგ მის მიერ გამოცემული წიგნის - "ცხოვრება ფიროსმანისა" - შესავალში ვკითხულობთ, გიორგი ლეონიძე ამ მოგონებებს ღვინის ვაჭრების, ქუჩის მხატვრების, მღებავების, მეთევზეების, დალაქების და რკინიგზის კონდუქტორებისგან აგროვებდა. ამ არქივიდან შეიძლება არის რაღაცები, რაც სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ალბათ ბუნებრივია ისიც, რომ ამ ტექსტებში ბევრი რამ სწორედ იმ ადამიანების ფანტაზიის ნაყოფია, რომელთაც უკვე გარდაცვლილ და გენიოს მხატვრად აღიარებულ ფიროსმანთან ურთიერთობა ეამაყებოდათ, ამის გამო კი ცოტა რამ თავადაც გამოიგონეს.
თუმცა როგორც უნდა იყოს ეს ამბავი, ფაქტია, რომ ეროვნულ დონეზეც და მის ფარგლებს გარეთაც დიდი ხანია უკვე ყველამ აღიარა, რომ თუ ჩვენი ქვეყნის კულტურას სიამაყის მიზეზი აქვს, ალბათ ყველაზე მეტად სწორედ ნიკო ფიროსმანის გამო, რომლის შთაგონებაც შეიძლება საქართველოს საზღვრებს არ გასცდენია, თუმცა თავად ქართველი და უცხოელი ხელოვანების მუზა არაერთხელ გამხდარა.
პიკასოს ფიროსმანი
ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო მხატვარი, ვისზეც ნიკო ფიროსმანაშვილმა გავლენა მოახდინა, როგორ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, პაბლო პიკასოა, რომელმაც ქართველი მხატვრის პორტრეტი სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე გრაფიკული სახით შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ხელოვანი ერთმანეთს არასდროს შეხვედრია, პიკასო კარგად იცნობდა ფიროსმანის შემოქმედებას, ფიროსმანის კატალოგი პიკასოს ილია ზდანევიჩმა აჩვენა, რომელმაც საბჭოთა რეჟიმთან მიუღებლობის გამო ქვეყანა 1930-იან წლებში დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. როგორც ჩანს, ქართველი მხატვრის შემოქმედებამ მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ პიკასომ მისი პორტრეტის შექმნა გადაწყვიტა.
ვახტანგ ქოქიაშვილის ფიროსმანი
ალბათ ყველას სმენია ფიროსმანის ისტორია მსახიობ მარგარიტა დე სევერისა და მილიონი წითელი ვარდის შესახებ, რომელიც მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, შეთხზული ლამაზი ზღაპარი უფროა, ვიდრე რეალური ამბავი. როგორც ისინი ამბობენ, სინამდვილეში ფიროსმანს არც ქონება გაუყიდია მილიონი ვარდისთვის და საერთოდაც ერთხელაც კი არ ჰყავდა მარგარიტა ნანახი, ის ცნობილი ნახატი კი ფიროსმანმა უბრალოდ თეატრალური აფიშიდან შექმნა. თუმცა ისტორიის უტყუარობას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვახტანგ ქოქიაშვილის ფიროსმანი წითელი ყვავილებით ხელში და "ორთაჭალელი ტურფის" ფონზე, მხატვრის შემოქმედებით შთაგონებულმა ქოქიაშვილმა 1999 წელს დახატა.
Comme Des Garcons-ისა და ბრაიან გრიფინის ფიროსმანი
1989 წელს კახეთის ერთ-ერთ სოფელს ფოტოგრაფ ბრაიან გრიფინთან ერთად ლეგენდარული დიზაინერი რეი კავაკუბო ესტუმრა, როგორც თავად გრიფინი განმარტავს, მხოლოდ და მხოლოდ ნიკო ფიროსმანის სიყვარულის გამო. გადაღება, რომელიც Six Magazine-სთვის მოეწყო, კახეთის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივი მცხოვრებლების მონაწილეობით ჩატარდა და მისი მთავარი იდეა რეი კავაკუბოს კოლექციისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩაცმის სტილის სინთეზის ასახვა იყო. როგორც ჩანს, ქართველი მხატვრის შემოქმედებით ორივე ხელოვანი იმდენად აღფრთოვანდა, რომ ამ ემოციამ ისინი ჯერ საქართველოში ჩამოიყვანა, გადაღების დროს კი ფიროსმანის ესთეტიკამ, შეიძლება ითქვას, რომ ბრაიან გრიფინის ფოტოების განათება და კომპოზიციაც კი განსაზღვრა.
ლადო გუდიაშვილის ფიროსმანი
"მახსოვს, ერთხელ შევიყვანეთ მხატვართა საზოგადოების კრებაზე. მკერდზე გულხელდაკრეფილი იჯდა და გარინდებული და გაქვავებული ერთ წერტილს მისჩერებოდა. სახე ფარულ სიხარულსა და გაკვირვებას გამოხატავდა. ასე იჯდა მთელი სხდომის განმავლობაში და ხმა არ ამოუღია. სხდომის გათავების შემდეგ შემოეხვივნენ მხატვრები და დაუწყეს გამოკითხვა. პასუხს იძლეოდა მოკლედ, ლაპარაკობდა ცოტას. დაინტერესდა ორატორებით. “ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით? – თქვა მან, – …უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე. თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ...”
ასე იხსენებს ლადო გუდიაშვილი ფიროსმანს თავის ჩანაწერებში. როგორც ის ამბობს, ფიროსმანი შემდეგ კრებაზე აღარ გამოჩენილა, მხატვართა საზოგადოებამ კი გადაწყვიტა, რომ მას, როგორც გაჭირვებულ მხატვარს, მცირეოდენი თანხით დახმარებოდა, ეს თანხა თავის ბნელ სარდაფში გუდიაშვილმა პირადად მიუტანა.
"გავიდა ამ შეხვედრის შემდეგ თითქმის წელიწადი. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ დასდო დახმარება ღარიბ მხატვართა სასარგებლოდ. ფიროსმანიშვილისათვის გადმომცეს დაახლოებით 300 მანეთი. გავემართე ისევ მისკენ, მაგრამ თავისი ოთახიდან გადასულიყო. ახლა იქ პატარა დუქანი მოეთავსებინათ და წინანდელი მობინადრისა არაფერი იცოდნენ. რამდენიმე ბავშვმა იკისრა ფიროსმანიშვილის მოძებნა, გავყევი მათ, შემოვიარეთ დიდუბე.
დიდი ხანია არ დაგვინახავსო, – გვპასუხობდნენ შეკითხვაზე მედუქნეები და რესტორნის პატრონები. ვერაფერი გვითხრეს სამისამართო მაგიდაშიც. მას შემდეგ ფიროსმანიშვილი სამუდამოდ დაიკარგა."
ფიროსმანთან უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ გუდიაშვილმა მისი პორტრეტი შექმნა. ლადო გუდიაშვილის ფიროსმანი ზუსტად ისეთივეა, როგორც ამას თავის წერილში აღწერს:
"მაღალი კაცი იყო, შეჭაღარავებული, უკან გადავარცხნილი თმა ჰქონდა. მის ფერმკრთალსა და მოტეხილ სახეს თან სდევდა რაღაცნაირი კეთილშობილური, მე ვიტყოდი, ინტელიგენტური იერი და სიმშვიდე. წვერი შეკრეჭილი ჰქონდა და ულვაში ქვევით დაშვებული. ეცვა ნაცრისფერი პიჯაკი და სქელი, საღებავებით დასვრილი შარვალი."
ნათელა იანქოშვილის ფიროსმანი
როგორც ხელოვნების კრიტიკოსები ამბობენ, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვრის ნათელა იანქოშვილის შემოქმედებაზე ერთდოულად ქართულმა ფრესკებმა და ფირომანის სისადავემ იქონია გავლენა. ფიროსმანით შთაგონებულმა მხატვარმა მისი პორტრეტი - “მირზაანი მონატრება” 1994 წელს შექმნა..
ტადაო ანდოს ფიროსმანის მაგიდა, ანდრო ვეკუას სკულპტურა და იოშიტომო ნარას "თამარ მეფე" და "აქტრესა მარგარიტა"
ეს ნამუშევრები სწორედ შარშანდელი გამოფენიდანაა, რომელიც ალბერტინას მუზეუმში მოეწყო და დამთვალიერებელმა ფიროსმანი მუნკის, პიკასოს და მონეს გვერდით იხილა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პიკასოს ფიროსმანის პორტრეტიც და თანამედროვე ხელოვანების მიერ ფიროსმანის შთაგონებით შექმნილი ნამუშევრებიც. ცნობილმა იაპონელმა არქიტექტორმა ტადაო ანდომ ლურჯი ვარდებით დაფარული შუშის მაგიდა წარმოადგინა, ფიროსმანის შთაგონებით შექმნეს ქართველმა ხელოვანმა ანდრო ვეკუამ სკულპტურა, იოშიტომო ნარამ კი "თამარ მეფე" და "აქტრესა მარგარიტას" თავისი ვერსია.
დაწერე კომენტარი