მხატვრობა, ვიდეოარტი, ფოტოგრაფია, ქანდაკება და ცოცხალი დადგმები - ეს ხელოვნების მედიუმების ის ჩამონათვალია, რომელშიც ვანესა ბიქროფტი მოღვაწეობს. იგი განსაკუთრებით Live Performance-ით არის ცნობილი, რომელშიც რამდენიმე ან ბევრი მოდელი მონაწილეობს და ისინი ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, როგორიცაა რასიზმი, სქესი და ქალის სხეული.
წარმოშობით იტალიელი ხელოვანი ამერიკაში მოღვაწეობს. მისი შემოქმედება განსხვავებული, ინოვაციური და საინტერესოა. ვანესა ბიქროფტი თავის აუდიტორიას ცოცხალ, სტატიკურ, გაწონასწორებულ და ჰარმონიულ წარმოდგენებს სთავაზობს, სადაც მოდელები შემსრულებლის როლში გვევლინებიან და ზოგადად, ქალის სხეულის ექსპლუატაციას ასახავენ. იგი ხშირად სოციალურ და პოლიტიკურ ფაქტორებს ეხმიანება, სწორედ ამ თემების თავისებური და ინდივიდუალური წარმოდგენის გადმოცემა ქმნის ავტორს თანამედროვეობის ასეთ მნიშვნელოვან ფიგურად.
ბიკროფტმა ქალის სხეული დავის საგანი გახადა - მის ნამუშევრებს ერთდროულად ფემინისტურად და ფემინიზმის ცილისმწამებლად მიიჩნევენ. ხელოვანის შემოქმედებაში შიშველი ქალის სხეულები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ფერები, განათება, პოზა, განლაგება და ადგილმდებარეობა ზუსტად არის განსაზღვრული და ესთეტიკურ, დამაფიქრებელ სანახაობას ქმნის.
ბიქროფტი მთელი თავისი შემოქმედების მანძილზე ფორმების, ფერების, საგნების განსხვავებას იკვლევდა. მისი ცოცხალი ჩვენებები ღრმა, გაუფილტრავია და წამყვან დიზაინერებს, რომლებთანაც ხშირად თანამშრომლობს, ახალი კუთხით გვაცნობს. ბიქროფტი სხეულთან მიმართებაში არსებულ დოგმებსა და სტერეოტიპებს ეხმაურება და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ყველანაირ წარმოდგენას ანგრევს. მან სრულიად ინოვაციური და განსხვავებული მოდების ჩვენება შემოიღო, რომელიც ხელოვნების საფეხურამდე აიყვანა.
მისი შემოქმედება ევროპაში სიღრმისეულად გაიგეს, ხოლო ამერიკაში სიტყვასიტყვით. ბიქროფტი არასოდეს იძლევა განმარტებას, „მე არ ვარ ინტელექტუალი, მე ხელოვანი ვარ და უბრალოდ მინდა, ადამიანები დაინტერესდნენ და დაინტრიგდნენ იმით, რასაც ვაკეთებ“. როგორ აღვიქვამთ მის შემოქმედებას, ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტია, თუმცა ფაქტია, რომ მისი პერფომანსები მართლაც ძალიან ემოციური და სანახაობრივია.
ბიქროფტს უჩვეულო, გამორჩეული სივრცე უჭირავს მომიჯნავე ხელოვნების და მოდის სამყაროს შორის. მისმა თანამშრომლობამ ქანიე უესტთან დიდი ყურადღება დაიმსახურა და Yeezy-ის ჩვენება, რომელიც ხელოვანმა ქალმა მოაწყო, ნამდვილად შთამბეჭდავი იყო ფერთა პალიტრითა და სივრცეში წარმოდგენილი მოდელებით. ხელოვანის შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანი, თანამედროვე და განსხვავებულია, მისი სახელი მოდის ინდუსტრიის ყველა წამყვანი ფიგურისთვის ცნობილია, მასთან თანამშრომლობა პრესტიჟული და სასურველია. ვანესა ბიქროფტის სახელი სხეულისა და მისი წარმოდგენის ხელოვნებასთანაა დაკავშირებული. მისი განსაკუთრებული გემოვნება შესანიშნავ ფერთა შერწყმას ქმნის, რაც საბოლოოდ ჰარმონიულ კომპოზიციას გვთავაზობს.
დაწერე კომენტარი