ცნობილი ქართველი მხატვრის, გიგო გაბაშვილის შემოქმედებას საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ხელოვანი ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. მისი ფოტოხელოვნება ისეთივე მნიშვნელოვანი და გამორჩეულია, როგორც მხატვრობა.
გიგო გაბაშვილი 1862 წელს დაიბადა, იგი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებლად მიიჩნევა. 1886 წელს მხატვარი პეტერბურგის სკოლაში ჩაირიცხა და წარმატებით განაგრძო სწავლა. მან პეტერბურგშივე გაიცნო ილია ჭავჭავაძე, რომელიც მისი ჩანახატებით აღფრთოვანდა და გაზეთ „ივერიაში“ ახალგაზრდა მხატვრის წარმატების შესახებ სტატიები დაბეჭდა. სწორედ ილიას დახმარებით გიგომ პირველი ფოტოაპარატი შეიძინა. 1888 წელს მან პეტერბურგში სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა და სამშობლოში წარმატებული ხელოვანის სახელით დაბრუნდა. ხელოვანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ინფორმაციების მიღებასა და საკუთარი ნამუშევრების დახვეწას ცდილობდა. ის განათლებას უდიდეს ყურადღებას აქცევდა. მისი ნამუშევრები მე-19 საუკუნის რუსული და ევროპული რეალიზმის ფერწერის ძირითად პრინციპებს იზიარებს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
ფოტოების გადაღება, რომლებმაც ჩვენამდე შუშის ნეგატივების სახით მოაღწია, გაბაშვილმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო, მან მე-20 საუკუნის ადრეული პერიოდის სახეები გააცოცხლა, უმეტესად ნატურალისტური, შიშველი ქალები, სამარყანდის, ხევსურეთისა და ძველი თბილისის ელემენტებით გადაიღო. არაჩვეულებრივი შუქჩრდილები, ხასიათის საოცარი გამოხატულება, შიშველი სხეული და ძალიან თანამედროვე ნარატივი ხელოვანის ნიჭიერებასა და განსაკუთრებულ ხედვას უსვამს ხაზს.
გაბაშვილი ხშირად სტუდიურ, ხელოვნურად დადგმულ ფოტოებს იღებდა. შავ-თეთრ ფოტოებში მთავარ როლს შუქჩრდილები თამაშობს, განათებული სხეულები, რომლებსაც მზის სხივები ეცემა და ჩაბნელებული უკანა ფონი. ხელოვანი ხშირად ფონს ფირების ერთმანეთზე გადადებით აბნელებდა და მისტიკურ, თეატრალიზებულ განწყობას ქმნიდა. არაჩვეულებრივი გემოვნებით, სისადავითა და სწორად დასმული აქცენტებით გადაღებული ფოტოსურათები ნამდვილად წარუშლელ კვალს ტოვებს მნახველზე, რომელსაც დრამატული განწყობა ეუფლება.
გიგო გაბაშვილი თავისი ნამუშევრებით ფერწერასა და ფოტოგრაფიას შორის სიმბიოზურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, ფრთებით წარმოდგენილი ქალები, შიშველი სხეულები, რომლებიც თითქოს ჰაერში ლივლივებენ მისი ფერწერის დამახასიათებელი ელემენტებია, რომელიც ავტორის ფოტოხელოვნებაშიც ვლინდება. გიგო გაბაშვილს არაჩვეულებრივ ფოტოგრაფად განათება აქცევს, რომელიც მის მიერ გადაღებულ ყოველ სურათში შესანიშნავად აისახება და განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.
გაბაშვილი, როგორც ფოტოგრაფი, საზოგადოებამ საკმაოდ გვიან გაიცნო, თუმცა მისი დამსახურება, როგორც მხატვრის, ყოველთვის ძალიან დიდი იყო. იგი არის შემოქმედი, რომელიც ხელოვნების ორივე მედიუმს არაჩვეულებრივად ფლობს და გამორჩეულ, ინდივიდუალურ სტილს წარმოგვიდგენს.
დაწერე კომენტარი